მთავარი,სიახლეები

რა სურს ირანს საქართველოში? – ირანისტის შეფასება

22.06.2026
რა სურს ირანს საქართველოში? – ირანისტის შეფასება

„როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. ამიტომ, თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოჰყოს თავი“, – ამბობს ირანისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ვასილ ღლონტი „ბათუმელებთან“.

მას ასევე ვესაუბრეთ შიიტურ რიტუალებზე, რომელიც ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა და ირანის რელიგიური ლიდერების სურათების ფონზე იმართება, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.

  • ბატონო ვასილ, ბოლო დროს, ბევრი იწერება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენებზე. თქვენ თუ ფიქრობთ იმავეს და თუ ასეა, რამდენად სახიფათოა ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

ზოგადად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ირანს ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის და თავისი გავლენების გაძლიერების. აზერბაიჯანის მიმართულებით იყო ძალიან აქტიური და ვიცი, რომ ირანის უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობდა, რომლებსაც შემდეგ ირანი იბირებდა და სათავისოდ იყენებდა.

სომხეთში სერიოზული გავლენები ჰქონდა ყოველთვის და ერთი პერიოდი, სომხეთი და ირანი სტრატეგიულ პარტნიორებადაც კი განიხილებოდნენ. ახლაც კარგი ურთიერთობები აქვთ.

საქართველოსთან მიმართებაში ირანი უფრო აქტიურად მუშაობდა ქვემო ქართლში და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ამ რეგიონში აზერბაიჯანული წარმოშობის ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც რელიგიურად შიიტები არიან. რადგან ირანში შიიტური ისლამია გაბატონებული, ირანელებმა ძალიან აქტიური საქმიანობა წამოიწყეს. განსაკუთრებით ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში, სადღაც 90-იანი წლებში სერიოზულად მუშაობდა ირანი საქართველოში.

  • რაში გამოიხატებოდა მათი მუშაობა?

იხსნებოდა ირანული მისიონერული სასწავლებლები, რომლებსაც აქტიურად ეხმარებოდნენ ირანის სპეცსამსახურები. იგივე ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი, ირანის ინფორმაციის [დაზვერვის] სამინისტრო.

ირანის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას რომ გადავხედოთ, ძალიან სერიოზული სიმბიოზია – ორი სექტორი მართავს დღეს ირანს, ერთია რელიგიური ინსტიტუტი, რაზეც დგას დღევანდელი ირანის რეჟიმი და ირანის გუშაგთა კორპუსი. ეს ორნი ერთად, ჰარმონიულად, სინქრონულად მოქმედებდნენ 90-იან წლებში.

დაიწყეს საქართველოში ირანული სასწავლებლების ფილიალების გახსნა. ასეთი იყო მაგალითად აჰლი ბეითი, ალულ ბეითი, ორგანიზაცია „იმანი“ და კიდევ, დაახლოებით 10-მდე ირანული ორგანიზაციაა, რომელთა ფილიალები აქტიურად ფუნქციონირებდა ქვემო ქართლში, სხვათა შორის – ფონიჭალაშიც.

  • აშშ-ს მიერ დასანქცირებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტიც ხომ მანდ გახსნეს?

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტიც ძალიან გავლენიანი რელიგიური უნივერსიტეტია, რომელსაც ხელმძღვანელობენ აიათოლები. მათი კურსდამთავრებულები მჭიდრო კავშირში არიან ირანის სპეცსამსახურებთან. ცენტრალური უნივერსიტეტი მდებარეობს ირანის რელიგიურ ქალაქ ყუმში.

  • ამ უნივერსიტეტის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გავუგზავნეთ ირანის ელჩს საქართველოში, ასევე რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, რადგან სწორედ მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეზე მეტი გავიდა, პასუხი ვერ მივიღეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ირანს საქართველოში?

1979 წელს, როდესაც ირანმა სახელმწიფო რელიგიად შიიზმი გამოაცხადა, პარალელურად, ხამენეიმ გამოაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის ექსპორტიც უნდა მომხდარიყო და ამ მხრივ დაიწყეს კიდეც მუშაობა ახლო აღმოსავლეთში – ერაყში, სირიაში, ლიბანში (ჰეზბოლა ჩამოაყალიბა მაგალითად და გაწვრთნა).

მიზანი არის რელიგიური ექსპანსიაც და პოლიტიკური გავლენების გაფართოებაც. სადაც ნახულობენ შიიტი აღმსარებლობის პირებს, იქნება ეს აზერბაიჯანელი თუ არაბი, ცდილობენ იქ ჩამოაყალიბონ ფილიალები და მოიზიდონ მიმდევრები.

საქართველოში აზერბაიჯანელებზე იმიტომ კეთდება აქცენტი, რომ ქართველები ძირითად ქრისტიანები ვართ და აქედან გამომდინარე, სამუშაო ველი ირანის სპეცსამსახურებისთვის და რელიგიური წრეებისთვის შეზღუდულია.

იმ ფონზე, როცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ირანთან კარგი ურთიერთობებით გამოირჩევა, ირანულმა ორგანიზაციებმა უფრო წამოჰყვეს თავი. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასე არ იყო. მაშინ მკაცრად კონტროლდებოდა ირანული გავლენები საქართველოში. ბოლო წლებში კი პრო-ირანული ორგანიზაციები უფრო და უფრო აქტიურობენ და იმასაც ბედავენ, რომ მარნეულში გამოსვლებისას ხამენეის ფოტოები გამოიტანეს მსვლელობებზე. „ნაციონალების“ დროს ეს წარმოუდგენელი იყო.

იგივე კობახიძის ვიზიტმა ირანში და სხვა ფაქტორებმაც განაპირობა ის, რომ აქ ირანი უფრო გააქტიურდა.

  • თქვენ ამბობთ, რომ სომხეთთან კარგი ურთიერთობა აქვს ირანს. თუმცა იქ ვერც ისლამური გავლენების გაძლიერებას ვხედავთ და ვერც ისლამურ ორგანიზაციებს. რატომ?

სომხეთს და ირანს ძალიან სპეციფიკური ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხები ქრისტიანები არიან, რასობრივად, ეთნიკურად ეს ხალხი ძალიან ახლოა სპარსელებთან. მე როცა ირანში ვსწავლობდი, ერთმა ისლამისტმა მითხრა საუბარში, რომ სომხებს ცალკე ერად ვერც განვიხილავთო.

მაგრამ, როცა სომხეთს ომი ჰქონდა ყარაბაღში, ირანი არ დაეხმარა და ირანისადმი ცოტა გულგრილი დამოკიდებულება იმ პერიოდში უკვე შეინიშნებოდა. არც რუსეთი დაეხმარა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც გამოავლინეს სომხებმა ამ არჩევნებში, როცა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია აჩვენეს. შესაბამისად, ირანს ისეთი კარგი ურთიერთობები სომხეთთან აღარ ექნება.

  • ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან ბევრ საკითხში. ირანის გააქტიურება ხომ არ არის რუსული გავლენების შედეგიც?

რუსეთს ირანთან მიმართებაში აქვს ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება და რას ვგულისხმობ ამაში – რა თქმა უნდა, რუსეთს რაღაც დონეზე ირანის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში აწყობს, იმიტომ რომ შეასუსტოს დასავლეთის გავლენა, თუმცა, რუსეთს არავისთან არ უყვარს თავისი გავლენის გაყოფა. საერთოდ არ აქვთ ასეთი პოლიტიკა, რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ვინმესთან.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ირანი ამ ეტაპზე შემოუშვას კიდეც, მით უმეტეს ახლა, როცა უკრაინაში გაჭედილია და არც ის რუსეთი აღარაა, რაც აქამდე იყო. ჩვენ დავრჩით მარტო. აზერბაიჯანი იყო და ერთი წლის წინ პირდაპირ განუცხადა ალიევმა, რომ ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს ქვეყანაში რუსებს არაფერი ესაქმებათო. ახლა იგივე გაიმეორა ფაშინიანმაც. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებაღა დარჩათ მხარდამჭერად.

  • გამოდის, „ქართული ოცნება“ აძლევს ამ ბერკეტს ირანსაც და რუსეთსაც?

ლოგიკურად მართლა ასე ჩანს, რადგან ამათი პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც ანტიდასავლურობაში გადაიზარდა, ირანს გარკვეულწილად სათავისო პასიანსის დალაგების საშუალებას აძლევს. საფრთხეა ისლამის გაძლიერება, რადგან ირანს სახელმწიფო პოლიტიკად აქვს გამოცხადებული შიიზმის გავრცელება და ჩვენ ეს რაში გვაწყობს?

მით უმეტეს, როცა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს და კიდევ ერთი რეგიონი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

  • როცა ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე იყო საუბარი, აშშ-ს პასუხი იყო, რომ საქართველოსთან იმ შემთხვევაში აღდგებოდა ურთიერთობები, თუ ის გათავისუფლდება გარე გავლენებისგან. აქ მოიაზრებოდა რუსეთი-ირანი-ჩინეთი. გვახსოვს ირანის ელჩის ვრცელი პოსტი ფეისბუქზე, სადაც მან ახსენა „შიდა არეულობა“, რაც მაშინ ბევრმა მუქარად აღიქვა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ირანის დღევანდელი სახელმწიფოს რაობა რომ გავაანალიზოთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ეს არის საკმაოდ რეპრესიული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც უსწორდება. ვიცით, რომ არაერთი ადამიანი შეეწირა ირანში ამ რეჟიმთან ბრძოლას.

ახლა ირანს მოლაპარაკებები აქვს აშშ-თან და ბევრი რამ ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუ ირანმა სათავისო გეგმა გაიტანა და 14-პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს, ირანის პოზიციები რეგიონში გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვისაც პრობლემა იქნება. ირანს სურს გამოიყენოს აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორია, როგორც კარიბჭე სამხრეთ კავკასიაში და შავიზღვისპირეთში გასასვლელად.

  • ანუ შავ ზღვაზე უნდა ირანსაც გასვლა?

რა თქმა უნდა. როცა თბილისში საელჩო გააკეთა, მაშინვე დაიწყო აქტიურობა, რომ ბათუმშიც ჰქონოდა გენერალური საკონსულო. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირანი აჭარის რეგიონს და შავიზღვისპირეთს. თუ ირანმა აქტიურობა დაიწყო, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარის რეგიონშიც შემოყოს თავი. მით უმეტეს, რომ აქ ბევრი აღიარებს ისლამს.

  • თუმცა ქართველი მუსლიმები შიიტები არ არიან.

სუნიტები არიან, მაგრამ მუსლიმი თემი უფრო მოწყვლადია ირანისათვის. მით უმეტეს, რომ მათ აქვთ სუნიტების შიიტებად მოქცევის პოლიტიკა და ეს მე ჩემი თვალით მინახავს ირანში.

  • მარტში იყო შემთხვევა, როცა ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. ირანის მიერ რეკრუტირებულმა მოქალაქეებმა არაერთ ქვეყანაში სცადეს ისრაელის ელჩების მკვლელობა. ახლახან იყო შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეს დასდეს ბრალი ანტიპუტინისტი ხელოვანის მკვლელობაში პოლონეთში. ეს ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მომავალს?

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები პრობლემა გახდება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ამას ექნება სისტემური სახე.

  • ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ ხელისუფლება ამაზე შეგნებულად ხუჭავს თვალს?

მე სანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი გავხდებოდი, დიდი ხნის განმავლობაში ვმსახურობდი ქართულ სპეცსამსახურში. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა შიგნიდან. საშუალო და ქვედა რგოლებში არიან კარგი და მშრომელი კადრები, რომლებიც მუშაობენ საგარეო საფრთხეების განეიტრალებაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ხელმძღვანელები ჰყავდა ამ უწყებას, რომ დაბნეული არიან.

ვინ არის ლილუაშვილი, მდინარაძე, ოხანაშვილი? – ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. პროფესიონალებს აგდებენ თუ პოლიტიკურად მათი მომხრე არ არის, ან საერთოდ არ იკარებენ. ასეთი მიდგომა ასუსტებს სისტემას.

  • მარნეულიდან რომ კადრი გავრცელდა, ხამენეის ფონზე, ახალგაზრდების რელიგიური რიტუალის, ასეთი კომენტარებიც იყო ფეისბუქზე, რომ პრობლემა რელიგიურ რიტუალში კი არ უნდა დავინახოთ, არამედ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაშიო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამას მაშინ, თუკი წარმოდგენის დროს ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნებს აჩვენებენ, მათი ფოტოები დააქვთ ხელით და მხარდაჭერას უცხადებენ.

ადამიანები, რომლებიც ხამენეისა და ირანის რეჟიმს მხარდაჭერას უცხადებენ, ხვალ-ზეგ საქართველოს წინააღმდეგაც შეიძლება გამოვიდნენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა იცავდეს, ხვალ-ზეგ დაიცავს ირანის ინტერესებს და ეს თავისთავად საფრთხე ხდება.

მაგრამ, სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ეს საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება.

ამიტომ, გამოსავალი არის ის, რომ საქართველომ უნდა დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ირანის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით და გაემიჯნოს მის როგორც საგარეო, ასევე საშინაო კურსს, რადგან ვიცით, რომ უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს საპროტესტო მოძრაობებიდან და შეინარჩუნოს ნეიტრალური პოლიტიკა.

  • შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს არის ნეიტრალური პოლიტიკა?

ეს არც ნეიტრალური პოლიტიკაა და არც მოქნილი. ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების პოლიტიკა. თუ არ გაემიჯნება „ოცნება“ ირანის პოლიტიკას, ამას მოჰყვება პრობლემები, რადგან ქართველებს გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრები, ანუ ევროკავშირის, ნატოს წევრი და ამას ვცდილობთ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: