„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს.
ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის საცხოვრებელი ბინა ზღვისპირა ზოლში, „ორბის“ ახალი მშენებლობის შედეგად.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა უკვე პერმანენტულად აპროტესტებს კომპანია „ორბის“ მშენებლობას. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ აქ ნებართვის გარეშე დაიწყო მშენებლობა, მოსახლეობამ ეს გააპროტესტა, ხოლო მერიამ „ორბის“ მშენებლობა შეაჩერა და დააჯარიმა კიდეც.
ვრცლად ამ თემაზე, მათ შორის, კომპანია „ორბის“ განმარტება, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ამჯერად აქციის მონაწილეები ითხოვენ კვალიფიციური და სანდო სპეციალისტის ჩართვას პროცესში, ვინც ტოპოგრაფიულ მონაცემს აიღებს „ორბის“ მშენებარე და სადავო ობიექტის შიგნით და გარეთ.
„ეს მონაცემი შეადარონ შემდეგ იმ პარამეტრებს, რაც 2014 წლის არქიტექტურულ პროექტშია მოცემული. ჩვენს ამ მოთხოვნას მუნიციპალურ ინსპექციაში საერთოდ არ უპასუხეს,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც პროფესიით იურისტია და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მუნიციპალური ინსპექცია, გარდა იმისა, რომ უარს ამბობს ტოპოგრაფიული წესით შენობის შემოწმებაზე, კომპანიას მკაფიოდ არ სთხოვს, დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორებას.
„ის, რაც აშენებეულია, მნიშვნელოვნად სცდება იმ პარამეტრებს, რაც თავდაპირველ [2014 წლის] არქიტექტურულ პროექტშია მოცემული… პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებაც ზოგადად არის მითითებული და ბუნდოვნად, დიაფრაგმაზეა საუბარი და არაა განმარტებული კონკრეტულად. ამ საქმეში შავით თეთრზე იკვეთება, რომ მერია და მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებენ ბიზნესთან ერთად. პირველ რიგში, ამ დროს, რაც გაფიქრდება, არის კორუფცია,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.
აქციის მონაწილეებმა უკვე მიმართეს სასამართლოს, თუმცა მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი თქვა არსებითი განხილვის დასრულებამდე „ორბის“ მშენებლობის შეჩერებაზე. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები აპირებენ, შემდეგი აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართონ.
„გვესმის, რომ ეს არაა თორნიკე რიჟვაძის კომპეტენციის საკითხი, მაგრამ გვახსოვს მისი განცხადება უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე, როცა ეს აზარალებდა სხვა ადამიანების ინტერესებს. ჩვენ ვეტყვით თორნიკე რიჟვაძეს, რომ იყოს თანმიმდევრული და ის არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს იმის მიხედვით, თუ ვინაა მშენებელი კომპანია,“ – დასძინა მირზა მამულაძემ „ბათუმელებთან“.
დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის პარალელურად იზრდება ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები. დღესდღეობით, მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა.
შეგვიძლია გამოვყოთ ის ნაწილი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის საერთოა და ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ კონკრეტული რეგიონის თუ ტერიტორიისათვის. ამ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად წამყვანი ქვეყნები მუდმივად ახალი ტექნოლოგიების შემოთავაზებას ცდილობენ.
აღსანიშნავია 3R-ის ინიციატივა, რომელიც იაპონიაში ჯერ კიდევ ოფიციალურად 2005 წელს გავრცელდა. ტერმინი -3R შესაბამისი 3 ქმედების აბრივიატურაა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce (შემცირება), Reuse (ხელახალი გამოყენება), Recycle (რეციკლირება ანუ გადამუშავება).
საქართველო ორიენტირებულია ევროკავშირის საერთო ეკონომიკურ გარემოში ინტეგრაციაზე, რაც შეუძლებელია მისთვის ევროკავშირში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და შესაბამისი კონვენციების პრინციპების დაცვის გარეშე. ამიტომ აქტუალურია და დიდი პრობლემაა ნარჩენების მართვის ისეთი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული სისტემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნებს, მიმართული იქნება, როგორც ნარჩენების მართვის საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებაზე, ასევე შემდეგ პროცესებზე:
ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება, სეპარირება, რეციკლირება, უტილიზაცია, ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება, რისკების შეფასება და მართვა, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ორგანიზაციების ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსის შემუშავებაზე.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით უმთავრესი პრობლემაა, მოსახლეობამ გაითავისოს, რომ საწყის ეტაპზევე დაასეპარიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და განათავსოს სწორ ადგილას.
ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეციკლირებისათვის.
ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა. თანამედროვე მიდგომამ მოიტანა კიდევ ერთი მეოთხე ეტაპი – შეცვლა (Replace), რომელიც გვთავაზობს შევცვალოთ პლასტმასის ბოთლი მინის ბოთლით, პოლიეთილენის პარკები ქაღალდით და სხვა.
ეს ოთხივე ეტაპი მოითხოვს ადამიანების თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც ჩვენ შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ.
პრობლემიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამეტარებინა საქართველოს მოსახლეობაში გამოკითხვა (კვლევა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პირველ რიგში გავესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და მუშაობენ ნარჩენების მართვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ ინტერვიუ ჩავწერე ქალაქ ბათუმის სანდასუფთავების ეკონომისტთან ბატონ გოჩა ვარშალომიძესთან და ქალაქ თბილისის „თბილსერვისის“ იურისტთან – დავით ჩანქსელიანთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ეხებოდა არსებულ პრობლემას, მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს:
[checklist]
ბაღებსა და სკოლებში გაკვეთილები
[/checklist]
ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ სწავლება ნარჩენების სეპარაციასთან დაკავშირებით. ამერიკაში, კალიფორნიაში საბავშვო ბაღების პროგრამაში ჩასმული აქვთ ნარჩენების სეპარირების სწავლება. იქ ბავშვებს აჭმევენ სპეციალური შეფუთვებით მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერებით. საჭმლის მიღების შემდეგ ბავშვები თავად ახარისხებენ ნარჩენებს.
სკოლებში უნდა ჩატარდეს გაკვეთილები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ბავშვები სწავლობენ სამოქალაქო განათლებას, შესაძლოა ამ საგნის ერთი გაკვეთილი დაეთმოს ნარჩენების სეპარირებაზე ინფორმაციის მიღებას და სკოლებში მოეწყოს გარემოსდაცვითი გასვლითი ღონისძიება.
[checklist]
სოციალური მედიის საშუალებით ნარჩენების მართვის სარგებლიანობაზე ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის
[/checklist]
ერთ-ერთი გზა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით არის სტენდები. აუცილებელია ისინი დაიდგას ხალხმრავალ ადგილებში: უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ტურისტულ ზონებთან, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობა. ასევე საჭიროა სოციალური მედიის საშუალებით მუდმივად ინფორმაციის მიწოდება.
[checklist]
მოსახლეობის დაინტერესება ფინანსურად
[/checklist]
ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგის საფუძველზე მიღებული მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მატერიალური დაინტერესება, კერძოდ, სეპარირებული ნარჩენების სანაცვლოდ დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის შემცირება.
[checklist]
„კარდაკარ“-ის პრინციპი
[/checklist]
შვედეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გამოცდილებით, დასუფთავების კომპანიებმა, სამსახურებმა და მუნიციპალიტეტმა მოახერხეს გადასვლა სეპარირებულ შეგროვებაზე „კარდაკარის“ პრინციპით. ოჯახებში მივიდნენ, ყველა კარზე დააკაკუნეს, მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო სეპარირებული ნაგვის ურნების მოხმარების წესები. გარდამტეხი გზა აღმოჩნდა შვედეთისთვის „კარდაკარის“ პრინციპი.
რაც შეეხება ონლაინ გამოკითხვის შედეგებს. წარმოგიდგენთ რესპონდენტების პასუხებს და მოსაზრებებს თუ რა ღონისძიებებით უნდა ამაღლდეს მოსახლეობაში ცნობადობა ნარჩენების მართვის კუთხით.
მნიშვნელოვანი ხერხია განცალკევებული ურნები (შუშა, პეტი, ქაღალდი) ინსტრუქციებით;
მოსახლეობის წახალისების მიზნით სამოტივაციო პროექტები;
მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მედია საშუალებებით: სატელევიზიო რეკლამები, სხვადასხვა შოუებში ნარჩენების დახარისხებაზე პრეზენტაციები, რადიოთი მოსახლეობისთვის სხვა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სოციალურ გვერდებზე რეკლამები, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება უბნებში, საჯარო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, ახსნა თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების დახარისხება, რა დიდ ზიანს აყენებს ნარჩენები დედამიწას და მათი შემცირება რამდენად მნიშვნელოვანია. პოსტერების განთავსება ქუჩებში, სტატიები ჟურნალ-გაზეთებში დეტალური ინფორმაცია თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ნარჩენების მეორადმა გადამუშავებამ;
გადამუშავებული ნარჩენებისაგან დამზადებული პროდუქტების ჩვენება, სხვადასხვა უბნებში ნარჩენებისაგან დამზადებული საგნების კონკურსის მოწყობა;
ნარჩენების შეგროვება-დახარისხებასთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებშიც თავად მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას;
[/checklist]
ამრიგად, რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ის ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც ავამაღლებთ ცნობადობას ნარჩენების მართვის პროცესთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ბაღის ასაკიდან ბავშვების მიჩვევა, რომ დაახარისხონ ნარჩენი, საჭიროა წამახალისებელი აქტივობები, იმისათვის, რომ გავზარდოთ მოტივაცია. აუცილებელია უბნებში მეტი განცალკევებული ურნის განთავსება და სტენდები სადაც მითითებული იქნება ინსტრუქცია თუ რომელ ურნაში მოათავსონ კონკრეტული ნარჩენი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ რთული პროცესის (ნარჩენების მართვა) წარმატებულ განხორციელებაში მაქსიმალურად იყოს ჩართული როგორც ქვეყნის მთავრობა ასევე მოსახლეობა. ჩამოთვლილი ყველა ღონისძიებებისა და აქტივობების გავლენით შევძლებთ გადავჭრათ თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემა – ნარჩენების მართვა და დროთა განმავლობაში მოსახლეობას ნარჩენების დახარისხება ჩვევად გადაექცევა.
იანა სკროცკაიას საქმრო 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის სამხედროა. 17 მაისამდე ის „აზოვსტალში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი ტყვეობაში მოხვდა. იანა, სხვა სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებთან ერთად, ახლა თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, ტყვეები ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიყვანოს.
ოლენოვკაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ტყვეების ნათესავებმა „უკრაინის საზღვაო ქვეითთა მხარდაჭერის შტაბი“ შექმნეს. იანა ამ შტაბის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ წითელი ჯვრის საქმიანობით იმედგაცრუებულია და ახლა სხვა ქვეყნების თანაგრძნობის იმედი აქვს.
„ვხედავთ, რომ გარანტიები არ არსებობს, ოლენოვკაში მომხდარმა დაგვარწმუნა, რომ იქ ვერავინ ვერაფერს ვერ აკონტროლებს და არავინ არანაირ შეთანხმებას არ ასრულებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – ამბობს იანა.
ის ტყვეობიდან დაბრუნებულთა მონაყოლს იხსენებს იმის შესახებ, თუ რა პირობებში არიან უკრაინელები ოლენოვკაში – 10 ადამიანი 2-კაციან საკანში, მცირე საკვები და წყალი, არასათანადო მოპყრობა.
ამ პირობებს ტყვეების ნათესავები ჟენევის კონვენციის დარღვევად აფასებენ და სწორედ ამ არგუმენტით ითხოვენ მათ ნეიტრალურ ქვეყანაში გადაყვანას. პეტიციაში ისინი ამ თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავენ.
„თურქეთი მზად იყო „აზოვსტალის“ მთელი გარნიზონის ევაკუაციისთვის. მათ აქვთ რესურსი და შესაძლებლობა. ამიტომაც მივმართავთ თურქეთს, რომ მან მიიღოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები,“ – ამბობს იანა.
ის ხაზს უსვამს, რომ ბევრ ტყვეს კიდურები არ აქვს, ზოგს ტყვია ჯერ კიდევ სხეულში აქვს ჩარჩენილი, თუ მათ დროულად არ ჩაუტარდებათ ოპერაცია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.
სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები ერდოღანს მიმართავენ
პეტიციას, რომელსაც 15 ათასი ხმა სჭირდება, უკვე 11 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
მთავარი ფოტო: უკრაინელი ტყვეების ნათესავების აქცია/ფოტო: informator.ua
უკრაინის სასკოლო პროგრამაში მხოლოდ იმ რუს მწერლებს დატოვებენ, რომელთა შემოქმედებაც მჭიდროდაა დაკავშირებული უკრაინასთან.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, ტელემარათონის ეთერში საშუალო და სკოლამდელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა იური კონონენკომ განაცხადა.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მწერლები, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ მათი შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან, ან თავად მწერალი დაიბადა უკრაინაში ან დიდხანს ცხოვრობდა აქ, ან საკუთარ ნაწარმოებებში ფართოდ ასახავდა უკრაინულ თემატიკას – ამ მწერლების შემოქმედება სასკოლო პროგრამაში დარჩება,“ – განაცხადა კონონენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, პროგრამაში აღარ იქნება ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა, მაგალითად, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, თუმცა პროგრამაში დარჩება ნიკოლაი გოგოლი, ვლადიმირ კოროლენკო, ანატოლი კუზნეცოვი, ილფი და პეტროვი და მიხაილ ბულგაკოვი.
კონონენკომ დასძინა, რომ ახლა პროგრამაში უფრო მეტი ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მწერალი შევა.
გადაწყვეტილება სასკოლო პროგრამიდან დაახლოებით 40 რუსი და საბჭოთა მწერლისა და პოეტის შემოქმედების ამოღების შესახებ, უკრაინის განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ ივნისში მიიღო.
მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან: ალექსანდრ პუშკინს, ივან კრილოვს, ანტონ ჩეხოვს, მიხაილ ლერმონტოვს, ლევ ტოლსტოის, ივან ტურგენევს, ივან ბუნინს, ვიქტორ ნეკრასოვს, ალექსანდრ ბლოკს, ფიოდორ დოსტოევსკის, ბულატ ოკუჯავას, ვასილი ბიკოვს, ალექსანდრ გრინს, სერგეი ესენინს, მიხაილ შოლოხოვს, ვლადიმირ მაიაკოვსკის და სხვებს.
უკრაინის სკოლებში სწავლა პირველი სექტემბრიდან განახლდება, თუმცა მანამდე სკოლებში თავშესაფრები უნდა მოეწყოს.
ბათუმის ევროპის მოედანი სავაჭრო ცენტრად იქცა. რამდენიმე თვეა მოედანზე წრიულად არის განთავსებული სავაჭრო დახლები, სადაც სხვადასხვა ნაწარმი იყიდება, მათ შორის, ტანსაცმელი და საკვები.
ამ დრომდე ევროპის მოედანზე სხვადასხვა კონცერტი იმართებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ყოველ პარასკევს უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა.
გარდა იმისა, რომ დახლების გამო მთლიანად გადაფარულია მოედნის სივრცე, ვეღარც შადრევანი ფუნქციონირებს, რომელიც მოედნის შუაგულშია. შევიწროებული სივრცის გამო მოედანზე, ფაქტობრივად, ვერ გაიმართება რაიმე სხვა აქტივობა, რადგან მოედნის ერთი მხარე კაფე-ბარებს აქვთ ათვისებული, მეორე კი – მოვაჭრეებს.
სავაჭრო დახლები ევროპის მოედანზე, ბათუმი ცენტრში
დაზიანებულია მოედნის ინფრასტრუქტურაც.
აქამდე ქვის ბოძები ერთმანეთს ჯაჭვებით უკავშირდებოდა, ახლა კი დაწყვეტილი რკინის ჯაჭვები ქვის კიდეებზეა ჩამოკიდებული. ზოგან კი საერთოდ აღარ არის.
ევროპის მოედანი შემოსაზღვრულია ქვის ბოძებით, რომლებიც ერთმანეთთან რკინის ჯაჭვებით არის დაკავშირებული. თუმცა მოედანზე არა მარტო რკინის ჯაჭვებია დაწყვეტილი, ქვის ბოძებიც დაზიანებული ან გადაადგილებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ქვის ბოძი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, კაფეს წინ დევს.
ქვის ბოძი, რომელიც მოედნის ირგვლივ იყო განთავსებული, მომძვრალი და გადაადგილებულია.
გარდა სავაჭრო დახლებისა, მოედნის ერთ მხარეს, ნოდარ დუმბაძის ქუჩის მხრიდან, საპარკინგედაც გამოიყენებენ. მოედნის კუთხეები ღია სათავსოებად არის გამოყენებული. ალაგებული დახლები, სკამები და სხვადასხვა ნივთი, ერთმანეთზეა შემოწყობილი და დალაგებული.
რატომ იქცა ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი სავაჭრო ცენტრად და რატომ არ ხდება მისი რეაბილიტაცია? – ამ კითხვით ბათუმის მერიას მივმართეთ.
საპარკინგე ადგილად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში, მოგლეჯილი ქვის ბოძებით და დაწყვეტილი ჯაჭვებით.დაზიანებული ქვის ბოძი მოედანზე
მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოედნის ინფრასტრუქტურის განახლება მათი სამსახურის მოვალეობაა, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთი მაინც მოქალაქეებზე გადააქვთ.
„ეგ ბოძები მოსახლეობას გადააქვს თვითნებურად, დავაბრუნებთ უკან, შემდეგ ისევ მოსახლეობა წყვეტს და შემოჰყავს მანქანა“, – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯაბა ბერიძემ. მას ვკითხეთ, თუ მოსახლეობა აზიანებს ინფრასტრუქტურას, ხომ არ არის საჭირო ვიდეოთვალების განთავსება, რომ მსგავს ფაქტებზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ რეაგირება? – ამ კითხვას ჯაბა ბერიძემ არ უპასუხა.
ევროპის მოედანი, ბათუმი.
მას ასევე ვკითხეთ, ბიუჯეტში თუ არის გათვალისწინებული თანხა მოედნის რეაბილიტაციისთვის და როდიდან დაიწყებენ დაზიანებების აღმოფხვრას, რაზეც ჯაბა ბერიძემ გვიპასუხა: „გავალ, დავათვალიერებ, ვნახავ, რა ხდება და შემდეგ გეტყვით.“
სავაჭრო დახლები ბათუმის ცენტრალურ მოედანზე დღის განმავლობაში ცარიელია, საღამოს კი ვაჭრობა იწყება.
რაც შეეხება სავაჭრო დახლების განთავსების გადაწყვეტილებას, როგორც მერიაში გვითხრეს, ეს საკითხი მერიის ქონების მართვის სამსახურში უნდა გაგვერკვია.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ სამსახურში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.
მილიარდერ არკადი როტენბერგის არცერთ კომპანიას არ მიუღია შეთავაზება და არ აპირებს ხერსონში, ანტონოვსკის ხიდის აღდგენაში მონაწილეობას – უთხრა რუსულ გამოცემა РБК-ს ბიზნესმენის წარმომადგენელმა.
მანამდე, რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებდა, რომ დაზიანებულ ხიდს იმ კომპანიის სპეციალისტები აღადგენენ, რომელმაც ყირიმის ხიდი ააშენა.
„ჩვენ ვიპოვეთ ბაზაც და ხალხიც, ვისაც ეს საქმე ესმის. ჩვენ გავგზავნეთ ქვეყნის საუკეთესო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი და რთული კონსტრუქციის ხიდი აქვს აშენებული. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ჩვენი ყირიმის ხიდი ააშენა“, – უთხრა ხუსნულინმა ჟურნალისტებს.
ყირიმის ხიდის მშენებლობა სახელმწიფომ თავის დროზე როტენბერგის „სტროიგაზმონტაჟს“ ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით, ბიზნესმენმა ახალი კომპანია „СГМ-მოსტი“ შექმნა, „სტროიგაზმონტაჟი“ კი „გაზპრომს“ მიჰყიდა.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული არკადი როტენბერგი Forbse-ის სიაში 1.7 მილიარდი დოლარით 53 ადგილზეა. ის სანქცირებულ ბიზნესმენთა რამდენიმე სიაშიცაა – 2014 წელს მას სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, 2018 წელს – უკრაინამ, 2022 წლის მარტში კი ისევ აშშ-მა.
ყირიმის ხიდის მშენებლობის გამო როტენბერგს რუსეთის „შრომის გმირის“ სტატუსი მიენიჭა.
ანტონოვსკის ხიდი – დნეპრზე გამავალი ერთადერთი საავტომობილო ხიდია ხერსონში. ის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქ ოლეშკისთან აკავშირებს. ხიდის საერთო სიგრძე დაახლოებით 1,4 კილომეტრია, სიგანე კი 25 მეტრი.
19 და 20 ივლისს ხიდს უკრაინის არმიამ „ჰაიმარსით“ დაარტყა. დაზიანების გამო საოკუპაციო ძალებმა ხიდი სატვირთო ტრანსპორტისთვის დაკეტეს, ერთი კვირის შემდეგ, უკრაინელთა მორიგი დარტყმის შემდეგ კი, ანტონოვსკის ხიდი მთლიანად უმოქმედო გახდა.
მთავარი ფოტო: არკადი როტენბერდი და ვლადიმერ პუტინი
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს?
„ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ ბარებში ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან და შეუძლიათ რუსულად ან ინგლისურად დაგელაპარაკონ.
ბათუმში უკვე რამდენიმე ასეთი ბარია, სადაც ქართულენოვანი ბარმენი ან მიმტანი საერთოდ არ ჰყავთ.
ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბარებს არ აქვთ უფლება, ქართულ ენაზე მომსახურება არ ჰქონდეთ.
დეპარტამენტში ასევე ხაზი გაუსვეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“
ბათუმის მუნიციპალიტეტს, ანუ მერიას და საკრებულოს ამ დრომდე არ ჰქონია რეაგირება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევაზე. საუბარია ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ.
ბათუმის მერიაში თავდაპირველად გვითხრეს, რომ კითხვებით მუნიციპალური ინსპექციისთვის მიგვემართა. ინსპექციაში გვითხრეს, რომ ისინი ამ კუთხით რეაგირებას ვერ მოახერხებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციად არავის განუსაზღვრავს.
რატომ არ იმჩნევს მერია „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევას ბათუმში? – ბათუმის მერიამ, ასევე საკრებულოს უმრავლესობამ, დუმილი არჩია.
ამ კუთხით სამართალდარღვევაზე რეაგირების პრაქტიკა აქამდე რომელიმე მუნიციპალურ ორგანიზაციას არ ჰქონია, რადგან ბოლო პერიოდში გაჩნდა ბათუმში რუსულენოვანი ბარები. თუმცა მუნიციპალური ინსპექცია არც იმ შემთხვევებზე რეაგირებს ეფექტურად, რის პრაქტიკაც აქვს – კომპანიის დაჯარიმება სარეკლამო აბრის მხოლოდ უცხო ენაზე განთავსებისთვის. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირა ბათუმის ცენტრში, ბათუმის მუნიციპალურ ქონებაში – ცენტრალური პარკის შესასვლელში რუსულენოვანი სარეკლამო აბრაა გამოკრული.
___
მთავარი ფოტო: ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე
დღეს, 4 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნათია კაპანაძის საქმის პირველი სხდომა გაიმართა. ის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, საიდანაც იმპიჩმენტის წესით გათავისუფლეს.
ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. მის ინტერესებს საია იცავს.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა სირაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა და მომდევნო სხდომა 8 სექტემბერს დანიშნა. ამ სხდომაზე ის მხარეთა განმარტებებს მოისმენს და მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
მოსამართლე მომდევნოს სხდომის დანიშვნას ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ნათია კაპანაძის განცხადებით, ამ დროისთვის ტელევიზიაში ახალი დირექტორი იქნება არჩეული. შოთა სირაძემ ეს გარემოება გაითვალისწინა და მომდევნო სხდომა კონკურსის ჩატარებამდე დანიშნა.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს იურისტი თამარ კეკელაშვილი აცხადებს, რომ მათი პოზიციები სრულად დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოშიც ზუსტად იგივე მოლოდინები აქვს.
“იმიტომ, რომ მრჩეველთა საბჭოს პროცესები წარიმართა სრულად გამჭვირვალედ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სააპელაციო შესაგებელი დადასტურდება,” – აღნიშნავს თამარ კეკელაშვილი.
Ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ აჭარის ტეელვიზიის ყოფილი ბორდის 17-დან 12 პოზიცია არ გაიზიარა, თუმცა გაიზიარა იმპიჩმენტის საფუძველი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს „პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“. მოსამართლემ ასევე გაიზიარა მოსაზრება რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კითქვა პროცესზე, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
ნათია კაპანაძის თქმით, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ბათუმელი მოსამართლის, ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო:
“მრჩეველთა საბჭომ პოლიტიკური დაკვეთა მიიღო და შეასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუმცა გასაოცარი არის ის, რომ ეს სასამართლოც კი ვერ ეთანხმება ბოლომდე ბორდის გადაწყვეტილებას. საქმის 17 გარემოებიდან 12 -ზე თქვა, რომ ის არ წარმოადგენდა იმპიჩმენტის მიზეზს,” – აღნიშნავს კაპანაძე.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, მიმდინარე პროცესის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინი არ აქვს:
“თუმცა, როგორც უფლებადამცველი ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილში გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი.”
მისივე სიტყვებით, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო მიიტანეს მასზე იერიში და თუ სიმართლე ქვეყნის შიგნით ვერ დადგინდა, ნათია კაპანაძე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.
ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.
„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.
რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.
ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ბათუმის ცენტრალურ პარკში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურს განათავსებს. სადგური, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მოწყობილობას, სენდვიჩ პანელისაგან დამზადებულ ჯიხურში იქნება მოთავსებული. სადგური ჰაერის ხარისხს რამდენიმე დამაბინძურებელზე ავტომატურად გააკონტროლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასეთ სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ მობილურ სადგურსაც.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის რვა ავტომატური სადგურის, აგრეთვე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის და მისი განსათავსებელი ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 5 582 068 ლარით გამოაცხადა.
პირობის მიხედვით, შესასყიდი ობიექტების [შესაბამისი აპარატურით] მიწოდება – ინსტალაცია/მონტაჟი, როგორც სტაციონარული, ასევე, მობილური სადგურის სრულად გამართული ავტომობილით – უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
ჰაერის მონიტორინგის სადგური ბათუმის ცენტრალურ პარკში / ფოტომონტაჟი ტენდერიდან
ამ დროისთვის ბათუმში მხოლოდ ერთი ავტომატური სადგურია განთავსებული ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ:
ჰაერის მონიტორინგის სადგური ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე. ამ პორტალის მიხედვით, ბათუმში, სხვადასხვა დროს, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებლის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელფასები 30%-ით იზრდება. ხელფასი ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალს გაეზრდება, მათ შორის, სანიტრებსა და ექთნის დამხმარეებს.
„ჩვენ გავაკეთეთ ასეთი დანამატი. ექთნის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 5 ლარი, ექიმის მინიმალური ანაზღაურება – საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის მინიმალური ანაზღაურება გახდა საათში 6 ლარი. სანიტრის ანაზღაურებაც იზრდება და მინიმალური საათობრივი იქნება 2.5 ლარი და მეტი, განყოფილებების მიხედვით.
ექთნის თანაშემწის ხელფასი იქნება 3,5 ლარი. ექიმ-რეანიმატოლოგის საათობრივი ანაზღაურება გახდა 18,5 ლარი. ასევე ვზრდით თითოეული პაციენტის ისტორიის შემოსავლიდან პროცენტულ ანაზღაურებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე.
სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ხელფასები 1-ელი აგვისტოდან გაიზარდა და გაზრდილ ხელფასს მედპრესონალი თვის ბოლოს მიიღებს.
ახალი სახელფასო სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო დიდ კლინიკებში ამოქმედდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ასახელებს ოთხ ძირითად მდგენელს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ შესაბამის პოზიციაში იყოს ქვეყანა.
„რუსეთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ უნდა გქონდეს სწორი მოლაპარაკების პოზიცია. მას აქვს ოთხი მარტივი კომპონენტი:
შორ მანძილზე მსროლელი არტილერია, MLRS-ი და ACTAMS-ი რუსეთის ლოჯისტიკის გასანადგურებლად.
საჰაერო თავდაცვა ქალაქების დასაცავად.
დამრტყმელი დრონები – საუკეთესო მონადირეები.
ჯავშანტრანსპორტიორები კონტრშეტევებისთვის“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
To talk with RF, you need to have the right negotiating position. It has 4 simple components:
1. Long-range artillery, MLRS and ACTAMS to destroy 🇷🇺 logistics.
2. Air defense to protect cities.
3. Shock drones – the best hunters.
4. Armored vehicles for counter-offensives.
ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც HIMARS-ი და M270 MLRS სისტემები ისვრის 310 კილომეტრ მანძილზე.
CNN-ის ცნობით, 27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კლასიფიცირებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიჩიგანის დემოკრატმა დეპუტატმა, ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ კონგრესში ორპარტიული თანხმობა არსებობს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებაზე. ის ახლახან ეწვია უკრაინას.
თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდიდა ATACMS რაკეტებს, რადგან მათი სროლა შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს.
80-კილომეტრიანი მოქმედების HIMARS საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინას აშშ-მ გადასცა.
წარმოიდგინეთ, როგორ მარტივად დაგეგმავთ ნებისმიერ მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით, როცა გეცოდინებათ, რომ სულ კავშირზე იქნებით, გექნებათ სტაბილური მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთაში, ტყეში, კარავში,ზღვაზე, სოფლად ან აგარაკზე.
მოსახერხებელი და კომფორტული მოწყობილობა, რომელსაც სილქნეტი ზაფხულის სეზონისთვის გვთავაზობს, MiFi მოდემია – 4.9G LTE მხარდაჭერით, კომპაქტური დიზაინით და საკუთარი ელემენტით, რომელიც რამოდენიმე საათს სძლებს. ეს პორტატული დივაისი ყველგან საიმედო მეგზურობას გაგიწევთ. საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს წვდომა უწყვეტ, მაღალხარისხიან ინტერნეტთან.
MiFi მოდემი თბილისსა და რეგიონებში, მომსახურების ცენტრებში იყიდება.
მოდემს საჩუქრად სიმ ბარათი და 1 თვიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი მოყვება.
#გაიაქტიურეთზაფხული! ეწვიეთ სილქნეტის მომსახურების ოფისებს და შეიძინეთ პორტატული MiFi როუტერი 199 ლარად.
ბელარუსის არმია უკრაინის საზღვართან მანევრებს განაგრძობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის დაცვა ბრესტისა და გომელის ოლქებში გააძლიერეს.
საბრძოლო მზადყოფნაზე შემოწმებას გადიან სპეციალური ოპერაციის ძალების დანაყოფებიც.
უკრაინის საზღვართან გამუდმებული წვრთნების გამო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელარუსის მხრიდან საფრთხეს არ გამორიცხავენ. უკრაინის გენშტაბი გუშინდელ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში თავისი დივერსანტების შემოყვანას აქტიურად ცდილობს.
ბელარუსის არმია რუსეთ-უკრაინის ომში ოფიციალურად არ მონაწილეობს, თუმცა რუსეთი აქტიურად იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე თავდასხმისთვის. ომის დაწყების პირველ ეტაპზე სწორედ ბელარუსის ტერიტორიის გავლით დაიწყო რუსეთის არმიამ უკრაინაზე შეტევა.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღემდე განაგრძობს ბელარუსიდან უკრაინის დაბომბვას, უკრაინას მეზობელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია.
„ადრეც ვთქვი საჯაროდ და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა: თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შემოვლენ, დაუყოვნებლივ გავგზავნით მოთხოვნას დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
შეკითხვა ჩინეთის როლზე უკრაინის პრეზიდენტს ავსტრალიელ სტუდენტებთან შეხვედრისას დაუსვეს.
„ვისურვებდი, ჩინეთიც იმ გაერთიანებულ პოზიციას შეერთებოდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიას აღიარებს. ეს არ მოხდა, ჩინეთი ცალკე დგას, ბალანსის დაცვას და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩინეთს რუსეთისთვის დაეჭირა მხარი. მჯერა, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთი რუსეთს არ ეხმარებოდეს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთმა თავის გარშემო ვერავის გაერთიანება ვეღარ შეძლოს. ამისთვის ბევრი მსოფლიო ლიდერიც შრომობს და უკვე ცხადია, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ მოკავშირეებს კარგავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არის სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევებიც, რადგან ზოგიერთი ქვეყანა დღემდე ეხმარება ამაში რუსეთს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ჩინეთმა ნეიტრალური პოზიციის დაკავება. უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ჩინეთს აწყობს დასუსტებული რუსეთი, ამიტომაც პოზიციის ბალანსირებას ცდილობს – ერთი მხრივ, ღიად არ ეწინააღმდეგება რუსეთს, თუმცა მეორე მხრივ, სურს თავიდან აიცილოს დასავლური სანქციები.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო პუქტებზე, პირად შემადგენლობაზე, ლოგისტიკურ ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.
უწყების ვარაუდით, ეს ფაქტორი, დიდი ალბათობით, სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსული არმიის მომარაგებაზე და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის საბრძოლო დანაყოფებზე.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 4 აგვისტოს რელიზში წერს, რომ რუსეთის ძალებმა რადიოლოკაციური სისტემები დაამონტაჟეს ანტონოვსკის ხიდთან და ახლახან დაზიანებულ სარკინიგზო ხიდთან, რომელიც ასევე დნეპრზე გადის და ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება.
„რადიოლოკაციური ამრეკლავები, სავარაუდოდ, გამოიყენება იმისთვის, რომ დამალოს ხიდი სინთეთიკური აპერტურის რადარებისთვის და შეუძლებელი გახადოს რაკეტების დამიზნება. ეს ხაზს უსვამს, თუ რამხელა საფრთხეს გრძნობს რუსეთი იმის მიხედვით, როგორ იზრდება დასავლური შეიარაღების წვდომის მანძილი და სიზუსტე,“ – აღნიშნავს უწყება.
რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა გუშინდელ რელიზში წერდა. უწყების ცნობით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა.
ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ბრილოვკასთან, დაარტყეს ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ რუსულ ეშელონს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, „ჰაიმარსის“ უზუსტესმა დარტყმამ გაანადგურა მატარებლის 40 ვაგონი. ეშელონს ყირიმიდან მოჰყავდა ცოცხალი ძალა და მოჰქონდა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები. დაიღუპა 80 და დაიჭრა 300-მდე რუსი სამხედრო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 789 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 4 026 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 946 ერთეული [+7]
MLRS – 260 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 742 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 960 ერთეული [+38]
სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
261 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 673 უპილოტო საფრენი აპარატი
361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 244 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
786 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 251 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 696 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინის დაზვერვა: ფეესბეს სურდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები პროპაგანდისტულ რეპორტაჟებში გადაეღო. ამ ვიდეოებში სამხედროებს უნდა ეღიარებინათ „ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, უარი ეთქვათ საკუთარი შეხედულებაზე და დაეგმოთ უკრაინის ხელისუფლება:„აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. უწყება აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი „აზოველები“ აფეთქებამდე დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი წამების კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს.
„დაკითხვებისას ტყვეებს სცემდნენ და აწამებდნენ“, – წერს დაზვერვა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება „ვაგნერი“ და რუსული ფეესბე ატარებდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ წამების მიზანი არა საიდუმლო ინფორმაციის მიღება, არამედ „დამცირებით, დაცინვითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით“ უკრაინელთა მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხა იყო.
უწყების ინფორმაციით, ფეესბეს სურდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები პროპაგანდისტულ რეპორტაჟებში გადაეღო. ამ ვიდეოებში სამხედროებს უნდა ეღიარებინათ „ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, უარი ეთქვათ საკუთარ შეხედულებაზე და დაეგმოთ უკრაინის ხელისუფლება.
დაზვერვა აცხადებს, რომ რუსების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან უკრაინელმა ტყვეებმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინეს.
„რუსული მხარე არ აპირებდა ამ სამხედრო ტყვეების გაცვლას და იმისთვის, რომ დაეფარათ დაკითხვის შედეგები (რაც ჰააგაში მტკიცებულებად გამოდგებოდა), განზრახ დახოცეს ისინი,“ – წერს დაზვერვის პრესსამსახური.
უწყება დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ადგილი, სადაც უკრაინელი სამხედროები აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, „ვაგნერის“ წევრებმა დანაღმეს.
__________
საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.
თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა და შემთხვევის ადგილზე რაკეტის ნამსხვრევებიც აღმოაჩინეს.
რუსეთის მტკიცების მიუხედავად, აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა მტკიცებულება პირიქით, რუსეთის დანაშაულსა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
„კოლონიაში არ აღმოჩნდა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსის“ დარტყმის კვალი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავდასხმისთვის გამოიყენებდა „ჰაიმარსის“ გარდა რომელიმე სხვა სისტემას, დარტყმა აუცილებლად გამოიწვევდა დამატებით ზიანს შენობის გარშემო, დააზიანებდა გვერდითა შენობებსაც და დატოვებდა ორმოებს,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ისინი, სხვა ვიზუალური მასალების გარდა, ასევე, ეყრდნობიან Maxar Technologies-ის მიერ 30 ივლისს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებზეც ცხადად ჩანს, რომ თავდასხმამ მხოლოდ ერთი შენობა დააზიანა, არ დანგრეულა ამ შენობის კედლები და გარშემო არ ჩანს ჭურვებისგან დატოვებული ორმოები.
თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი 31 ივლისს წერდა, წითელი ჯვრის კომიტეტს რუსული მხარისგან კოლონიაში შესვლის ნებართვა არ მიუღია.
ტყვეების განზრახ მკვლელობის ვერსიას აძლიერებს ვარაუდი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა და OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსმა, ოლივერ ალექსანდერმა ტვიტერზე სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნეს.
27 ივლისის ფოტოებში, კოლონიის ტერიტორიაზე ჩანს ღია სამარხები, რომლებიც 30 ივლისის ფოტოებზე უკვე ამოვსებულია. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ნიადაგის ერთგვაროვნება იმ ადგილას 18-21 ივლისის პერიოდში დაირღვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.
„ბოლო ვიყავი დარჩენილი, თეატრები ოპოზიციური აზრის მქონე სამხატვრო ხელმძღვანელებისგან გაწმინდეს, ეს წულუკიანის დიდი პოლიტიკის ნაწილია, გადაიბარა მთლიანად თეატრი პარტიამ,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია და ახლა აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის.
გიორგი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო დასაჯეს და დისკრიმინაციულად მოექცა აჭარის განათლების მინისტრი, ასევე საბჭო, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად და რეკომენდაციით მიმართა მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ახლა გიორგი ჩხაიძე სასამართლოში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს და კონკურსის ხელახლა ჩატარებას.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე28 ივნისს დანიშნეს.
სამხატვრო ხელმძღვანელი შეცვალესბათუმის დრამატულ თეატრშიც, აქ ასევე, აჭარის განათლების მინისტრმა კონკურსის გარეშე დანიშნა ყოფილი პარლამენტარი და „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია.
„ვინ გაპატიებდა ეგეთ პოსტებსო, სამინისტროში მითხრა ერთმა თანამშრომელმა… ვერ გეტყვით, ვინ მითხრა,“ – გვიყვება გიორგი ჩხაიძე. ის ვერ ასახელებს პირდაპირ ან ირიბ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს, რომ მისი შეხედულებების გამო აღარ დატოვეს ის თოჯინების თეატრში, თუმცა იხსენებს მოვლენების ქრონოლოგიას, რაც, მისი აზრით, კარგად აჩვენებს, რაც მოხდა ბათუმის თოჯინების თეატრში.
„მე ვარ გიორგი საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას,“ – წერდა გიორგი ჩხაიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე 25 თებერვალს, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ და სხვა პოსტების ამსახველ სქრინებს ახლა მოსამართლე კობა გოცირიძე ნახავს, რომელმაც უნდა შეაფასოს, ჩამოაშორეს თუ არა მიზანმიმართულად თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოზიციების გამო.
„გამობრძანდით კაბინეტებიდან! იქიდან, სადაც ქართველმა ხალხმა შეგიყვანათ. იმისთვის, რომ გემსახურათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის,“ – წერდა გიორგი ჩხაიძე, მაგალითად, პირველ მარტს.
„მე ვარ ევროპელი და არა რუსი. მე არ მინდა ჩუმად ვიყო უპერსპექტივო ქვეყნის მოქალაქე, სადაც რომელიღაც პარტიას თავი ქართველი ხალხის ბატონი ჰგონია. მე მინდა მქონდეს ბილეთი ევროპულ მატარებელში“, – ესეც გიორგი ჩხაიძის ერთ-ერთი ფეისბუქპოსტია.
„ხუთჯერ გაგვიგრძელა ჩვენ მინისტრმა [იგულისხმება აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი] 2-2 თვით უფლებამოსილება, ის საჯაროდაც ამბობდა, რომ ჩვენი გუნდი დარჩებოდა თოჯინების თეატრში, შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა,“ – გვიყვება გიორგი ჩხაიძე, თუმცა კონკურსის გამოცხადებამდე [ივნისის დასაწყისი] დაახლოებით ერთი კვირით ადრე მას განცხადებაც დაუწერია თანამდებობის დატოვებაზე.
„ბათუმში იყო ჩამოსული თეატრალური საზოგადოება, შეხვედრას ესწრებოდნენ დრამატული თეატრის მსახიობებიც და თოჯინებს თეატრს საერთოდ არ გაგვაგებინეს, ამაზე მქონდა პროტესტი. მაშინ მინისტრის მოადგილემ, კაკო ძნელაძემ მითხრა, ოთახში არ იყო ადგილი, შენ ჩვენ არ გვემეგობრებიო… ეს ფრაზა მითხრა პირდაპირ. მე განცხადება დავწერე წასვლაზე. მინისტრმა შემდეგ გადამარწმუნა და დავრჩი.
დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდა კონკურსი და მინისტრს არ დაუმალავს ჩემთან საუბრის დროს, რომ ეს ფორმალური კონკურსი იყო. მითხრა, რომ ირაკლი კიკვაძე გახდებოდა სამხატვრო ხელმძღვანელი,“ – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.
თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ერთ სატელეფონო გზავნილზეც, რაც მას მინისტრისთვის მიუწერია:
„ვერ გაჩვენებთ, პირადი ხასიათის ინფორმაციაა, მაგრამ იქ ვწერ, რომ თუ ჩემი ფეისბუქპოსტების გამო ცვლით ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას, ვიქნებით თქვენი პარტიის ერთგულები, რადგან გვინდა, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე… როცა მეორე დღეს მინისტრს შევხვდი, მან მითხრა ეს ფრაზა: ეს კომუნიკაცია ადრე რომ შემდგარიყო, სხვა რეალობა იქნებოდა ახლაო,“ – აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებთან“.
„ეს საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება, რადგან საბჭოს რეგლამენტით „საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 4 წევრი“, – გვითხრა მეგი ბაკურიძემ. ის ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტია და სასამართლოში გიორგი ჩხაიძის ინტერესებს დაიცავს.
ბრიფინგი „სამართლიან არჩევნებში“
„საბჭოში სულ ხუთი წევრია, ერთი წევრი – ნიკოლოზ წულუკიძე სხდომას არ ესწრებოდა, მეორე წევრმა – ნერონ აბულაძემ თვითაცილება გააკეთა, ის გიორგი ჩხაიძის მიერ იყო გათავისუფლებული. საბჭოს სამმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება: ლაშა ჩხარტიშვილმა, გიორგი ყაჯრიშვილმა და ნათია დოჭვირმა. გიორგი ჩხაიძე ითხოვდა ლაშა ჩხარტიშვილის აცილებასაც, რადგან მისი ცოლი – მედეა ჩარკვიანი წლების წინ, გიორგი ჩხაიძის დანიშვნამდე, იყო თეატრის მმართველი და ის გიორგიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ლაშა ჩხარტიშვილის აცილებაზე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე კანონდარღვევა იყო,“ – დასძინა მეგი ბაკურიძემ.
ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. გიორგი ჩხაიძე აზუსტებს, რომ მისი დანიშვნის დროს მის წინა სამხატვრო ხელმძღვანელს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, დირექტორსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ხოლო ხელახლა დირექტორის პოზიციაზე მედეა ჩარკვიანის კანდიდატურა მას აღარ წარუდგენია.
კიდევ ერთი დეტალი, რაც აჩენს კითხვას კონკურსის ფორმალობაზე: მას შემდეგ, რაც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია საბჭომ, საბჭოს წევრის – ლაშა ჩხარტიშვილის ცოლი, მედეა ჩარკვიანი, ბათუმის ნობელების მუზეუმის დირექტორად დანიშნეს.
„ირაკლი კიკვაძის დანიშვნიდან სამ თუ ოთხ დღეში მოხდა ეს და ეს კითხვა, ბუნებრივია, გაჩნდა. მე ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ შესაძლებელია ასე მოხდა,“ – აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებთან“.
კომენტარზე უარი განაცხადა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.
რა ადასტურებს იმას, რომ კონკურსის ჩასატარებლად შექმნილი სარეკომენდაციო საბჭო დისკრიმინაციულად მიუდგა გიორგი ჩხაიძეს მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო?
„საბჭომ არ იხელმძღვანელა საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პრინციპით, რაც ზოგადად ნებისმიერი კონკურსის პრინციპია და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტისთვის შეარჩია კანდიდატი, რომელიც კინორეჟისორია, თეატრის მიმართულებით მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“, – ამბობს იურისტი მეგი ბაკურიძე.
„სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე,“ – გვიპასუხეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში. აქ კომენტარზე უარი განაცხადეს.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა იურისტი მეგი ბაკურიძე და თავისი კომენტარი დააზუსტა: „გიორგი ჩხაიძე ითხოვდა ლაშა ჩხარტიშვილის აცილებასაც, რადგან მისი ცოლი – მედეა ჩარკვიანი წლების წინ, გიორგი ჩხაიძის დანიშვნამდე, იყო თეატრის დირექტორი. ჩარკვიანის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ თეატრის დირექტორობის პოზიციაზე მინისტრთან ის არ წარადგინა, რის გამოც მათ შორის იყო არაჯანსაღი დამოკიდებულება,“ – გვითხრა მეგი ბაკურიძემ.
ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, უძრავ ქონებაზე ფასმა 2%-ით მოიმატა. ასევე, 2021 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 123%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი ბინის ქირა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა.
კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სრულად „გამოჯანმრთელდა“ პანდემიისგან 2022 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმმა და მიგრაციამ კი გაზარდა საცხოვრებელი ბინის ქირის ფასი.
მოსახლეობაში ქირით მიღებული შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებელზეა.
„როგორც ფასების, ასევე გაყიდვების სტატისტიკა არის დადებითი წინა წელთან შედარებით. პანდემიამდელ, 2019 წელსაც თუ შევადარებთ, დადებითი მაჩვენებლები შეინიშნება, იქნება ეს გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა, თუ ქირის ფასი უძრავ ქონებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი მჟავანაძე, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.
გიორგი მჟავანაძე, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი
ბატონო გიორგი, რამდენი პროცენტითაა გაზრდილი გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით?
უძრავი ქონების ბაზარზე ყიდვის გარიგებებში უფრო მაღალია ზრდა, ვიდრე ფასებში. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაზრდილია ტრანზაქციების (გარიგების) რაოდენობა. 7 158 ბინის გაყიდვაა დაფიქსირებული საჯარო რეესტრში 2022 წლის პირველ ნახევარში, რაც 36%-ით მაღალია, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში. ეს საკმაოდ მაღალი ზრდაა. წინა წლებში ასეთი მაღალი ზრდა არ იყო.
რაც შეეხება ფასებს, თუ შევადარებთ წინა წლის მაჩვენებელს, ზრდა იყო 2%. თუმცა ეს 2% იყო განპირობებული იმით, რომ ბათუმში, პირველ ზოლში, უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა.
აქ იგულისხმება მხოლოდ ახალაშენებული ბინები, თუ ამ სტატისტიკაში შედის ასევე გაყიდული ბინები ძველ კორპუსებშიც?
ეს არის საჯარო რეესტრში ასახული გარიგებების ფასი. მერე არის დაკორექტირებული სხვადასხვა პარამეტრით, თუმცა ეს მოიცავს როგორც ახალაშენებულ, ასევე ძველაშენებულ ბინებს. შეიძლება იყოს ძველი აშენებული და ახალი გარემონტებული ან ახალი აშენებული და შავი კარკასი. ეს მოიცავს მთლიან ბაზარს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირველადი რეგისტრაციაა თუ არა.
რამ განაპირობა პირველ ზოლში უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება?
ვესაუბრეთ იმ დეველოპერებს, რომლებსაც ბაზრის დიდი წილი უჭირავთ პირველ ზოლში. მათგან მიღებული ინფორმაციით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ახალი პროექტები არ არის ჯერ ჩაშვებული გაყიდვებში.
გაყიდვებში ძირითადად მოხვდა ის ბინები, რომელთაც არც თუ ისე ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდათ პირველ ზოლში მდებარე კორპუსებში – შეიძლება ხედი ან განლაგება იყო ცუდი. ამიტომ უფრო დაბალ ფასად გაიყიდა. დეველოპერების თანახმად, ბინებზე საშუალო შეწონილი ფასი შემცირდა, მაგრამ მაინც ზრდის დინამიკაა ბაზარზე.
თუ შევხედავთ ბათუმის სხვა უბნებს, განსაკუთრებით გარეუბნებს და პერიფერიებს, აქ ფასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო.
რა მდგომარეობაა გარეუბნებში?
2022 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები რომ შევადაროთ 2021 წლის იანვარი-ივნისის საშუალო მონაცემებს, 15%-იანი ზრდა იყო გარეუბნებში, ხოლო 12%-იანი ზრდა იყო პერიფერიებში (გონიო, მახინჯაური, კვარიათი).
პირველ ზოლში -12% იყო, უარყოფითი და ქალაქის ცენტრში -1% იყო. ეს იყო იმით განპირობებული, რომ უფრო დაბალი ხარისხის ბინები გაიყიდა.
თვითონ უბნების მიხედვით რომ ჩავხედოთ გაყიდვების რაოდენობას, აქ ჩვენი წინა კვლევის მოლოდინები გამართლდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერიფერიებში გადადის დეველოპმენტი და ბაზრის აქტივობა.
დაახლოებით 41%-ით გაიზარდა ბათუმის გარეუბნებში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 49 %-ით – პერიფერიებში.
რაც შეეხება პირველ ზოლს (11%) და ქალაქის ცენტრს (4 %), აქ ზრდა იყო ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები.
რით ხსნით გარეუბნებში უძრავი ქონების შეძენაზე გაზრდილ მოთხოვნას?
ჩემი აზრით, ეს ზოგადად ურბანიზაციის და ქალაქის განვითარების გამოა. თბილისშიც იგივე ტენდენცია გვაქვს ბოლო წლებია.
პირველ რიგში, ფიზიკურად დეფიციტშია თავისუფალი მიწის რესურსი, სადაც მაღალსართულიანი, მომგებიანი კორპუსის აშენება იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, არ ხორციელდება იმ რაოდენობის პროექტები, როგორც ეს იყო ადრე. მაგალითად, 2019-2018 წლებში პირველ ზოლში იყო ბუმი და დეველოპერებმა ფაქტობრივად მთლიანად აითვისეს ეს უბანი და მიწები. შესაბამისად, ამას მოჰყვა შემდგომ გაყიდვები.
ახლა კი პირიქითაა და ამას სანებართვო მონაცემებშიც ვხედავთ. მაგალითად, ბათუმში 2021 წელს არ გაცემულა არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა პირველ ზოლში. ეს პირველად მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ძალიან მარტივი ახსნაა, ეს არის თავისუფალი მიწების დეფიციტი.
რაც შეეხება ბინის ქირას, რამდენი პროცენტით გაძვირდა ქირა?
123%-ითაა გაზრდილი ბათუმში საცხოვრებელი ბინის ქირის ფასი. ზრდა დაიწყო მარტის პერიოდში. აპრილში იყო ძალიან მაღალი ზრდა, რომელიც მაისშიც გაგრძელდა. ივნისში ოდნავ შემცირდა.
აქ რამდენიმე ფაქტორია. პირველი – ტურიზმის აღდგენა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის აღდგენილი 2019 წლის დონემდე, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. მეორე, როგორც თბილისის შემთხვევაში, ქირის ფასის ზრდაში უდიდესი წვლილი შეაქვს მიგრაციას.
მიგრაციის ეფექტი ქირის ფასზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 50-დან 70 ათასამდე მიგრანტი არის ჩამოსული საქართველოში ომის დაწყებიდან. მონაცემები არ გვაძლევს იმის საშუალებას, გავიგოთ, თუ რომელ ქალაქში რჩებიან საცხოვრებლად.
თუმცა, ბუნებრივია, თბილისსა და ბათუმს შორის ხდება გადანაწილება ძირითადად. შესაბამისად ეს ზრდის მოთხოვნას და ჩვენ ვხედავთ ქირის ასეთ ზრდას.
კიდევ რა ტენდენციებია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე?
თვითონ დეველოპერების მოლოდინები არის ძალიან პოზიტიური. ომის ზეგავლენა ამ სექტორზე იყო უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი. კერძოდ, მიგრაციის გამო გაიზარდა მოთხოვნა.
როდესაც ქირა არის ძალიან გაზრდილი, ეს იწვევს იმას, რომ ბინა, უძრავი ქონება ხდება მიმზიდველი აქტივი ინვესტორისათვის, რადგანაც ამონაგები არის მაღალი. მაგალითად, თუ ადამიანი იყიდის ბინას და შემდეგ გააქირავებს, შემოსავალი ფართობთან შედარებით, არის ძალიან მაღალი.
კერძოდ, ივნისის თვეში ეს იყო 12,8%, რაც აღემატება ლარშიც კი არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების განაკვეთს. მიმზიდველი ხდება უძრავი ქონება, შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება.
ეს იყო ერთი დადებითი ეფექტი კონფლიქტის.
უარყოფითი იყო ის, რომ უკრაინიდან ჩვენ შემოგვქონდა და შემოგვაქვს დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალა. ომის პერიოდში ლოჯისტიკა ძალიან გართულდა. პორტები დაიხურა, უკრაინაში წარმოებაც შემცირდა. ამან გამოიწვია ის, რომ სამშენებლო მასალები მარტსა და აპრილში 20%-ით გაძვირდა, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. მეტალის ფასები გაძვირდა, ზოგადად. სამშენებლო მასალებზე ძალიან იმოქმედა და გაზარდა თვითღირებულება.
ახლა, ბოლო თვეებში რასაც ვაკვირდები, ჩვენი მონაცემებით დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა ფასები სამშენებლო მასალებზე. თუმცა წინა წლის იმავე პერიოდს რომ შევადაროთ, მაინც საკმაოდ მაღალია. თავის მხრივ, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, ასევე ძალიან მაღალი ზრდა იყო.
შესაბამისად, ბოლო წლებია მნიშვნელოვნად იზრდება მშენებლობის თვითღირებულება, რაც, რა თქმა უნდა, მიწოდებაზე უარყოფითად აისახება და ასევე ზრდის ფასს.
ფასს ზრდის ორი მთავარი ფაქტორი. ერთია მოთხოვნის ზრდა, რაც ბოლო თვეებია გვაქვს და ახლაც მიმდინარეობს, ასევე, მომწოდებლის მხრიდან სამშენებლო მასალების გაძვირება ანუ მშენებლობის თვითღირებულების გაძვირება, რაც ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
17 წლის ანრი ფუტკარაძე შუახევიდან მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 71 კგ. წონით კატეგორიაში.
ჩემპიონატი რომში 28 ივლისს გაიმართა.
ანრიმ ჯამში 5 მეტოქე დაამარცხა. როგორც თვითონ გვითხრა, ყველაზე დაძაბული შეხვედრა ფინალურ ტურში ჰქონდა, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე, დავით მამედოვი ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.
ანრი 9 წლის ასაკიდან ჭიდაობს. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6 თვის განმავლობაში დატვირთულად ემზადებოდა.
„ცხადია, ძალიან დავიღალეთ. იქამდე მივედით, რომ მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვედროდით. ძალიან კარგად ვიასპარეზე და მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი“, – ამბობს ანრი.
ანრიმ გვითხრა, რომ მისი მთავარი გულშემატკივარი ოჯახი, მწვრთნელი და მეგობრები არიან, რომლებმაც აეროპორტში დახვედრაც მოუწყვეს.
ახლა ანრის გეგმაა საქართველოს ჩემპიონი გახდეს დიდებში, შემდეგ კი – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი.
როგორც მსოფლიო ჩემპიონმა გვითხრა, იმისთვის, რომ იყო მოჭიდავე, აუცილებელია მოთმინების უნარის ქონა.
„თუ გაქვს გამძლეობა და შეგიძლია გაუძლო დიდ დატვირთვას, ამ სპორტში მიაღწევ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს,“ – ამბობს ანრი.
საქართველოში ბოლო ექვს თვეში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. ბათუმსა და თბილისში გაიხსნა რუსულენოვანი კაფეები, სადაც ქართულად ვერ გემსახურებიან. ბიზნესი აქტიურად იყენებს ოკუპანტი ქვეყნის ენას რუსი ტურისტების მოსაზიდად. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა ამის პარალელურად იზრდება ქვეყნიდან წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა. რას მოუტანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყანას, რა საფრთხეები შეიძლება ამას ახლდეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით? – ამ თემაზე „ბათუმელები“, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა.
ბატონო სოსო, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ივნისის თვეში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა. ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენი აპირებს აქ ცხოვრებას და რამდენია ტურისტული მიზნით შემოსული. საჯარო რეესტრს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენ მოქალაქეს მისცა მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება. შემოსული რუსეთის მოქალაქეების 20-30 პროცენტიც რომ დარჩეს საქართველოში, რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს ეს?
მოკლევადიანი, ეკონომიკური ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს რუსების შემოსვლას, ეს ეტყობა ლარსაც, ეტყობა ეკონომიკასაც და ასე შემდეგ. თუმცა, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ცალ-ცალკე არსებობენ და ამდენი რუსის შემოშვება ქვეყანაში რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.
არ ვაკეთებ ხოლმე პოლიტიკურ კომენტარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ვერ გავექცევით პოლიტიკას. ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი, რადგან რაოდენობრივად უკვე ძალიან ბევრნი არიან რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში, 10 პროცენტია უკვე ქვეყნის მოსახლეობის და ეს პრობლემაა. თუმცა ამაზე მე კი არა, შესაბამისი სამსახურები უნდა ფიქრობდნენ. გააჩნია იმასაც, ტურისტული სეზონის შემდეგ რა რაოდენობის და ვინ დარჩება ქვეყანაში.
სამწუხაროდ, საქართველო ტურიზმზე დიდადაა დამოკიდებული, ამიტომ სანამ რუსები აქ არიან, ამ ეტაპზე ისინი ითვლებიან ტურისტებად, ამიტომ მათგან ჩვენ ის სარგებელი გვაქვს, რაც ტურისტებისგან უნდა გვქონდეს.
ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ სამშენებლო კომპანიას, გადავამოწმეთ საჯარო რეესტრში ყველაზე მასშტაბური 10 სამშენებლო პროექტი და აღმოჩნდა, რომ ამ პროექტებში, მინიმუმ 10 პროცენტი, ბინებს რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. თუ აღმოჩნდა, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში აქ აპირებენ ცხოვრებას და ტენდენციაც გაგრძელდება, ეს შეცვლის დემოგრაფიულ სურათს?
მე როგორც ვიცი, რუსებს ადრეც ჰქონდათ უძრავი ქონების რაღაც წილი შესყიდული საქართველოში, ვიღაცები აპირებენ კიდეც გრძელვადიანად საქართველოში დარჩენას. ამიტომ აქ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რადგან არ შეიძლება ასე ყველა ერთად დარჩეს უკონტროლოდ ქვეყანაში.
იმიტომ, რომ პრობლემური ქვეყანაა რუსეთი, მტერია, ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ძალიან ცუდ რაღაცებშია გახვეული, უკრაინის ომს თავისთავად ვგულისხმობ და ამის გამო ჩვენც შეიძლება ცუდ რამეებში გავეხვიოთ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა 99 974-მა საქართველოს მოქალაქემ. ალბათ ყველა ჩვენგანის გარშემო ვხვდებით ადამიანებს, ვინც ასევე მიდის ემიგრაციაში, ან გეგმავს წასვლას, ან კიდევ ამბობს, რომ სიამოვნებით წავიდოდა ქვეყნიდან. რა არის ის, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები იძულებულნი ხდებიან დატოვონ საკუთარი ქვეყანა, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი ის გამოიყურება სასურველად?
რუსეთში არის ბევრი შეზღუდვა დასავლური სანქციების გამო, ამიტომ ვისაც რაღაც კაპიტალი აქვს დაგროვილი, შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და კომფორტულად იცხოვროს. გარკვეულწილად, ეს არის მათი აქ შემოსვლის მიზეზი და ისიც, რომ აქედან შეუძლიათ დისტანციურად იმუშაონ.
ეს ეხება პროგრამისტებს, რადგან, როგორც ვიცით, რუსებს ბევრი პროგრამისტი ჰყავთ. 300 ათასი კაცი რუსეთისთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი რიცხვია.
რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად, ბათუმში ხსნიან კაფე-ბარებს, სადაც მხოლოდ რუსულად, ზოგ შემთხვევაში კი, ინგლისურადაც მოგემსახურებიან, მაგრამ ქართულ ენაზე მომსახურებას ამ დაწესებულებებში პრაქტიკულად ვერ მიიღებთ. ეს რამდენად ნორმალურია?
ესეც არ არის ახალი ამბავი, რადგან რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ასეთია. თავისი მოქალაქეები რომ ეყოლება ამ ქვეყანაში, მერე იტყვის, რომ ეს საქართველო კი არა, რუსეთია. ხომ ვნახეთ მედვედევმა რა დაწერა სოციალურ ქსელში. მერე კი წაშლა, მაგრამ ხომ დაწერა? ხომ ასე ფიქრობენ? აქამდეც გაუკეთებიათ ეს. შემდეგ რაიმეს მოიფიქრებენ მათი მოქალაქეების დაცვის საბაბით და პოლიტიკურად პრობლემებს შეგვიქმნიან, რა თქმა უნდა.
როცა ამხელა თემი ყალიბდება ქვეყანაში, ეს უკვე აჩენს სირთულეებს. აქ ქსენოფობიაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ამ თემის გაჩენა გარკვეულ ვალდებულებებსაც გაგვიჩენს, თუნდაც იმას, რომ მათ რუსულად დაველაპარაკოთ, რაღაც რომ გავაგებინოთ, რაც თავისთავად ცუდია.
ამ დროს, ჩვენ გვყავს ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და არ გვყავს სათანადოდ მიხედილი. ახლა კიდევ მტრული სახელმწიფოს ამხელა თემს ვქმნით? არ მგონია ეს სწორი.
თუ არ დაველაპარაკებით მათ რუსულად, ხომ იქნებიან იძულებულნი ისწავლონ ქართული, მით უმეტეს, თუ აქ უნდათ ცხოვრება?
რა თქმა უნდა, იძულებულნი იქნებიან ისწავლონ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მათ რუსულად დაელაპარაკებიან.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ წელს 6 641 ახალი საწარმო დარეგისტრირდა ქვეყანაში, რაც 36%-ითმეტიაგასულიწლისივნისისთვესთანშედარებით.თუკი ეს ზრდაც რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადს უკავშირდება, რა ფორმით უნდა აისახოს ქართულ ეკონომიკაზე, ან ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ისინი ამ კომპანიებს, ვთქვათ, საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად აფუძნებენ?
კი, დიდი წილი იქნება რუსული კომპანიების და ეს საქსტატის მონაცემებში მოგვიანებით გამოჩნდება კიდეც. ნეგატიურია იმ მხრივ, რომ რუსულია ეს კომპანიები და შემდეგ შესაძლოა გამოიყენონ როგორც ეკონომიკური გავლენის საშუალება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ასეთი კომპანიები შესაძლოა სწორედ ამ სანქციების გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, სანამ მათ კომპანიებს დაურეგისტრირებს.
თუ ამას მასშტაბური სახე ექნება, რა თქმა უნდა, ქვეყანა დადგება საფრთხის წინაშე და დავზარალდებით. უფრო ფრთხილად უნდა გამოიკვლიონ ამ კომპანიების საქმიანობა, წარმოშობა და ასე შემდეგ.
მაისის თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა 888 პროცენტით, ივნისში კი – 492 პროცენტით, რამაც თითქოს უზრუნველყო ის, რომ ლარი არ გაუფასურდა. რუსული კაპიტალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსული რბილი ძალა? თქვენ რა შეფასება გაქვთ ამ პროცესებზე?
ეკონომიკური ექსპანსია თავისთავად არის რუსული გავლენების ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სტაბილური ხასიათი არ ექნება.
ეს იმ ხალხის გამოა, ვინც აქ ჩამოვიდა, რადგან რუსული ანგარიშებიდან ქართულზე რიცხავენ თანხებს და ეს ითვლება ფულად გზავნილებად, ამიტომ არის ეს რიცხვები ამხელა, ამიტომ ეს იქნება დროებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან მკაცრ რეგულაციებს უწესებ საქართველოში შემოსვლისას აზიის ქვეყნებს – ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, და სხვა. თუმცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და არც არის საუბარი იმაზე, რომ დარეგულირდეს, შეიზღუდოს ან სავიზო რეჟიმი დაუწესდეს რუსეთს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის არის უფრო მომგებიანი რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე, ვთქვათ, ინდოეთთან. რუსები უფრო უყვართ ამ ქვეყანაში, ვიდრე სხვები. რატომ უყვართ, არ ვიცი. ალბათ პირადი ინტერესებიც აქვთ, ბევრი მიზეზია, თუნდაც იმ საბჭოთა წარსულის გამო, რომ „რუსული ვიცით და შეგვიძლია ველაპარაკოთ“, რომ „თეთრები არიან“, „ერთმორწმუნეები არიან“ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკური მიზანიცაა. ასე მგონია.
წინა წლების ემბარგოების შედეგად საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ ჰქონდა დიდი ბმა რუსულ ეკონომიკასთან, ახლა კი ეს სურათი იცვლება. რუსეთის მიერ წლობით დაწესებულმა ემბარგომ ვერაფერი ასწავლა ქართულ ბიზნესს? თუ ეს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია?
ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, ეს კეთდება მიზანმიმართულად. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ცალსახად სამშობლოს ღალატს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ რუსებზე ეკონომიკური დამოკიდებულება არ გვქონოდა. პირიქით ვაკეთებთ ყველაფერს.
ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ რუსეთის დამარცხებას უკრაინაში და შემდეგ ვნახოთ, რაც იქნება.
წელს „შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმსა და ჩირუხის მთაზე 6-7 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებებისთვის 155 900 ლარი დაიხარჯება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან.
შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ჩირუხსა და ბეშუმში გასამართი ღონისძიებები თითქმის იდენტურია. აღნიშნული თანხა დაიხარჯება ღონისძიებების მოწყობაში. უნდა მოეწყოს სცენა, დამონტაჟდეს მონიტორი და ა.შ. ასევე, სცენის წინ უნდა მოეწყოს დასაჯდომი სივრცე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გათვალისწინებული.
ამავე თანხაში შედის ჯიხურების გადახურვა, კვების კუთხის მოწყობა, დეკორაციები, ქორწინების კუთხე, საბავშვო ატრაქციები, მაისურები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეებისთვის და „დელიკების“ დაქირავება.
ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს. ჯილდო მას რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა გადასცა. ინფორმაციას და ჯილდოების გადაცემის კადრებს რუსული მედია ავრცელებს.
პასეჩნიკმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებს „უკრაინელ ნაცისტებთან ბრძოლაში დახმარებისთვის“ და დასძინა, რომ „ჩეჩნეთისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ერთიანი ძალებით გაათავისუფლეს ლუგანსკის ტერიტორია უკრაინელი ფაშისტებისგან“.
პასუხად კადიროვმა ლეონიდ პასეჩნიკსა და „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანს, ანდრეი ტურჩაკს კადიროვის ორდენები გადასცა. პირველმა მათგანმა ჯილდო „რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა“ და „ლუგანსკისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის“ მიიღო, ხოლო მეორემ – „სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის“ და „სამშობლოს სამსახურში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.
ივლისის ბოლოს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ნევსკის ორდენით დააჯილდოვა „სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების ეფექტიანად გადაჭრისთვის.“
მაქსიმ ჟორინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური რადიო НВ-სთან ინტერვიუში ამბობს, როგორ მუშაობს „აზოვი“ სამხედრო ტყვეების მკვლელობაში დამნაშავეების მოსაძებნად, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს და რას ფიქრობს ის სერგეი ვოლინას ვიდეოზე, რომელიც რუსულმა არხებმა გაავრცელეს.
პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. არსებობს ვერსია, რომ რუსები ასე უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. როგორ აფასებთ მომხდარს, რა მიზნით გააკეთეს ეს?
სწორი ტერმინია მკვლელობა, რადგან ამაზე დისკუსია უკვე აღარ არის. ყველასთვის ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა. მეტიც, ეს იყო ათობით ადამიანის სიკვდილით დასჯა, სრულიად არაადამიანური და საშინელი რამ.
მე ერთ-ერთმა პირველმა შევიტყვე მომხდარის შესახებ. ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ან რომელზეც შეიძლება საერთაშორისო გამოძიება ვაწარმოოთ – ესაა, გავიგოთ რუსების ნამდვილი მოტივაცია, რატომ ჩაიდინეს ეს და რატომ დახოცეს ამდენი ადამიანი.
რუსების შემხედველს, მეჩვენება, რომ ამის გამოცნობა საკმაოდ რთული იქნება. ბევრ რამეში ჩვენ მათი უბრალოდ არ გვესმის, ბევრ რამეში ჩვენ მათგან სრულიად განსხვავებულები ვართ. არ გამიკვირდება, თუ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, ადრე თუ გვიან მათი გაცვლა და უკრაინისთვის დაბრუნება მოუწევდათ და ეს არ უნდოდათ. შეიძლება, იმიტომ, რომ „აზოველების“ მართლაც ძალიან ეშინოდათ და გადაწყვიტეს ამ გზით მოეშორებინათ თავიდან.
სცენარი შეიძლება რამდენიმე იყოს, მაგრამ რაც მთავარია, მთელმა მსოფლიომ ცხადად უნდა დააფიქსიროს და აღიაროს, რომ ეს იყო მკვლელობა და ის რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა.
გავრცელდა „აზოვის“ დროებითი მეთაურის ნიკიტა ნადტოჩის მიმართვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ უკვე არსებობს ვერსიები, ვინაა დაკავშირებული ამ თავდასხმასთან. მართლაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია?
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ და არა უბრალოდ ველოდოთ, როდის გაიმართება ყველა სასამართლო ან როდის დასრულდება ყველა გამოძიება. როგორც უკვე ვნახეთ, რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ არავინ შეუშვას იქ. მაგალითად, დღეს ამბობენ, რომ ოდესმე შეუშვებენ გაეროს წარმომადგენლებს, მაგრამ როდის და როგორ გააკეთებენ ამას, არავინ იცის. დანაშაულის რა კვალი და მტკიცებულებები დარჩება იმ დროისთვის ადგილზე, ესეც არ ვიცით. ამიტომაც, იძულებული ვართ, პარალელურადაც ვიმოქმედოთ.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს „აზოვი“ მუშაობს აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებაზე, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა ჩვენი თანამებრძოლების სიკვდილით დასჯასთან. ცხადია, გვარებს მე ახლა არ დავასახელებ, ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის.
ერთი გვარის დასახელება, ალბათ, მაინც შეგვიძლია, ვინმე ვლადიმერ ევსიუკოვი, იმ საკონცენტრაციო ბანაკის უფროსი. ბევრი ლაპარაკობს მასზე. ვიცით, რა გარანტიები იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან და გაეროსგან, როდესაც „აზოსტალიდან“ მარიუპოლის დამცველები გამოვიდნენ? დოკუმენტირებული იყო თუ არა ყველაფერი?
საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში, ძირითადად სიტყვიერი დაპირებები იყო. იყო დაპირებები, რომ გაერო და წითელი ჯვარი დააკვირდებოდნენ, როგორ იქნებოდნენ ჩვენი ტყვეები. თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკვე მეორე დღესვე ცხადი გახდა, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას იქ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ან მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ეს ამ დრომდე ასეა.
ამიტომაც დღეს ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს საკითხები შედის, ყველაფერი გააკეთონ, რათა ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს დაეკისროს პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება შემსრულებლებს – ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთადერთი წარმომადგენელია მანდ, ყველა დანარჩენი, ოლენოვკაში, რუსები არიან.
რაპირობებში არიან ოლენოვკაში უკრაინელი ტყვეები, რა ინფორმაცია გაქვთ?
შემიძლია გითხრათ, რომ ამ კოლონიიდან ტყვეების ნაწილი უკვე სხვა იზოლატორებში გადაიყვანეს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა გავიგოთ, კონკრეტულად, ვინ და სად გადაიყვანეს. რატომ გაჰყავთ? – ერთი ვერსიით – სასამართლოების გამართვა სურთ და ამიტომაც ანაწილებენ სხვადასხვა იზოლატორში, რომ მერე სასამართლო პროცესები დაიწყონ „აზოველებისა“ და სხვა უკრაინელი სამხედროების მიმართ.
რაც შეეხება პირობებს, პირობები ურთულესია. მხოლოდ მინიმალური საკვები და წყალი. სულ ესაა.
რუსებმასერგეივოლინსკის (ვოლინას) ვიდეოგამოაქვეყნეს. ის ამ ვიდეოში ისეთს არაფერს ჰყვება. ნათლად ჩანს, რომ დამონტაჟებულია. ამბობს, რომუდიდესიტრაგედია მოხდა, რომვერავინახსნასვერპოულობს და არ იცის, რატომმოხდაესანვინაა დამნაშავე. თქვენ რა გაიგეთ ამ ვიდეოდან და თქვენი აზრით, რა იყო მისი გამოქვეყნების მიზანი?
ძალიან კრიტიკულად უნდა შევხედოთ ყველა მსგავს ვიდეოს, შეტყობინებას ან განცხადებას, რომელიც რუსეთიდან ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდის, მაშინაც კი, თუ ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებს ვხედავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება ილაპარაკონ ის, რაც ნამდვილად სურთ. ზოგჯერ ცდილობენ ნამდვილი შინაარსი როგორღაც სხვა სიტყვების უკან დამალონ, მაგრამ პირდაპირ იმის თქმა, რაც იქ ხდება და რასაც ისინი ფიქრობენ, მათ არ შეუძლიათ.
რატომ აკეთებენ რუსები ამას? პირველ რიგში, ეს საინფორმაციო ზეწოლაა, საინფორმაციო მანიპულაცია. ზოგჯერ ასეთ ჩანაწერებს თავისი შიდა აუდიტორიისთვის აკეთებენ, ზოგჯერ კი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის იყო, რომ ჩვენთან დისკუსია, გაურკვევლობა, ხალხის აზრის გაყოფა გამოეწვია.
რუსებმაგამოაქვეყნეს 50 დაღუპულისა და 73 დაჭრილის სია. „აზოვის“ პატრონაჟის სამსახური ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ სიების დადასტურება არ შეუძლია. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
ეს ძალიან რთული და დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია ინფორმაციის გარეშე იჯდე და ელოდო, მაგრამ ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ისაა, რომ მოთმინება მოვიკრიბოთ.
ეს სიები ნაწილობრივ დასტურდება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სულ მცირე არასრულია, რადგან უკვე გუშინ იყო ინფორმაცია, რომ მეტია დაღუპული, ვიდრე გამოაქვეყნეს. რაც შეეხება იმას, ბოლომდე ზუსტია თუ არა სია, ამის თქმა არ შეგვიძლია. უპირველესად იმიტომ, რომ არანაირი ოფიციალური კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხზე არ არსებობს, რუსეთი უბრალოდ უარს ამბობს რაიმე კომენტარზე. ასევე, არ არის არანაირი კავშირი ჩვენებთან, ვინც ოლენოვკაშია, რომ მათგან მაინც დავაზუსტოთ რაიმე.
რას ფიქრობთ ვარაუდზე, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების მკვლელობით მესიჯს უგზავნიან საკუთარ სამხედროებსაც, რომ თუ ისინი ტყვედ ჩავარდებიან, მათზე აუცილებლად შურს იძიებენ.
რა თქმა უნდა. ამით ტემპერატურის აწევასაც ცდილობენ, საკუთარ სამხედროებსაც აშინებენ და მეორე მხრივ, გვაშინებენ ჩვენც, უკრაინელებს.
ისინი ხშირად ჩვენ შეშინებას რაკეტებით ცდილობენ, თუმცა ხვდებიან, რომ ეს რაკეტები უკვე აღარ გვაშინებს, ამის გამო წინააღმდეგობას არ ვწყვეტთ. ეს იყო მორიგი ტერაქტი, რომლითაც ყველასი, ჩვენი შეშინება კიდევ ერთხელ სცადეს.
პირდაპირ გეტყვით, მათ არავისზე ნადირობა არ შეუძლიათ და მით უმეტეს „აზოვზე“. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ესაა დაახვავონ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და სიკვდილზე გაუშვან. ისინი დაიხოცებიან და ახლებს გამოუშვებენ, რომ როგორმე კიდევ თუნდაც მცირე ტერიტორია დაიპყრონ.
უკვე დიდი ხანია ცხადი გახდა, რომ მათ არ შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა, მათ არაფრის უნარი აღარ შესწევთ.
ტყვეები, რომლებიცუკრაინას აჰყავს, ვინარიანისინი? თავიდან ჩვენ ვხედავდით ძალიან დაბნეულ ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ახლა როგორაა?
პირდაპირ გეტყვით, ნაძირლები არიან, სუფთა ნაძირლები. მე მიწევს მათთან ურთიერთობა და თითქმის ყველა, ვინც კი ტყვედ აგვყავს, ცდილობს თავი გაიმართლოს და გაამართლოს ის, რასაც აქ აკეთებენ.
მე ზუსტად ვიცი, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სადაც მოდიოდა. გაცნობიერებულად ისვრიან, გაცნობიერებულად კლავენ უკრაინელებს.
უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენს ტყვეობაში ხვდებიან „დონეცკელები“, ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სამხედროები, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის რუსების ტყვედ აყვანა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან რუსები – გასაცვლელი ფონდი მაინცაა ჩვენთვის, იმის შანსი, რომ ჩვენები დავიბრუნოთ. „დონეცკის რესპუბლიკის“ ხალხი კი მათ არ აინტერესებთ, არც ერთ სიაში არ ჩასვამენ.
უკრაინაში ჩაიტანეს პირველი 4 მზვერავი დრონი Fly Eye. ეს დრონები უკრაინამ პროგრამა „დრონების არმიის“ ფარგლებში შეიძინა.
„მათი ფრენის დიაპაზონი 160 კილომეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – 120 კილომეტრი საათში. ეს დაეხმარება მზვერავებს, შეაღწიონ მტრის ზურგში და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააძლიერებს DJI Matrice 300 დრონებს, რომელთაც ძლიერი კამერები და თერმოხედვა აქვთ. დღისით და ღამით უკრაინელი ჯარისკაცები კარგად დაინახავენ მტრის ტექნიკას და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ტექნიკა შემცირდეს,“ – წერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ტელეგრამზე.
ფედოროვი ამავე დროს პლაფორმა UNITED24-საც ხელმძღვანელობს. ეს პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა. პლატფორმა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის „დრონების არმიას“ ქმნის. პროექტის მიზანია 200 პროფესიონალური უპილოტო საფრენი აპარატის მობილიზება უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.
„დრონების არმიისთვის“ უკრაინა რესურსების მობილიზებას ცდილობს და შემომწირველებიც ჰყავს. პროექტი 18 ივლისს ჩაეშვა და უკვე შეგროვდა 755 მილიონი გრივნა. როგორც ფედოროვმა აღნიშნა „უკრინფორმთან“, ყველაზე მსხვილი შემწირველები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია და ისრაელი. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება დრონის ოპერატორების მომზადება.
მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა შეიარაღებული ძალებისთვის შეიძენს 20 Fly Eye დრონს, 78 საფრენ აპარატ Matrice-ს და ა.შ.
„აზოვის“ პოლკი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნას სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავდა.
რას ნიშნავს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლებისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება – Настоящее Время-სთან ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი განმარტავს.
„ახლა, ფაქტობრივად, ყველა „აზოველი“ ტყვე ავტომატურად პოტენციური ბრალდებულია ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში, ან მასში მონაწილეობაში. საბოლოოდ, არანაირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება აღარ ხდება საჭირო, საკმარისია იმის დადასტურება, რომ „აზოვის“ მებრძოლი ნამდვილად „აზოვის“ მებრძოლია. ამის შემდეგ, დაჩქარებული პროცედურით, შეუძლიათ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის და 10-20 წლით პატიმრობის მისჯა.
მეთაურებს ალბათ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში დასდებენ ბრალს, რაც ან სამუდამო, ან 15-20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
მთელი ეს სასამართლო პროცესები, ეს ტრიბუნალები, რომლებსაც რუსეთი ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელით მართავს, გათვლილია შიდა მომხმარებელზე – ეს ყველაფერი პროპაგანდისტული პროდუქტია.
გარდა ამისა, „აზოვის“ აღიარება ტერორისტულ ორგანიზაციად იძლევა სხვა დამატებითი საქმეების აღძვრის შესაძლებლობასაც – მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებაზე, მაგალითად, თუ ვინმემ დონატები გაუგზავნა „აზოვს“ ან ტერორიზმის საჯარო პროპაგანდაზე, თუ ვინმემ საჯაროდ რამე კარგი თქვა „აზოვზე“.
ეს ყველაფერი რეპრესიებისა და ზეწოლის ელემენტებია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.
ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არ გამორიცხავს მისი გაცვლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. თუ მიიღწევა ასეთი შეთანხმება, იმის მიუხედავად, სასამართლოშია მისი საქმე თუ უკვე გამოტანილია განაჩენი, მისი გაცვლა შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობს“.
__________
„აზოვის“ მებრძოლები 82 დღის განმავლობაში იცავდნენ „აზოვსტალის“ ქარხანას მარიუპოლში, ქალაქში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეებში ალყაში მოაქცია.
16-17 მაისს „აზოვსტალის“ დამცველები, რომელთა შორის პოლკ „აზოვის“ წევრებთან ერთად უკრაინის არმიის, სასაზღვრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლებიც იყვნენ, რუსეთს ჩაბარდნენ.
მაშინ მათი ნაწილი ოლენოვკაში, კოლონიაში, ნაწილი კი კლინიკაში მოათავსეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2 500-მდე სამხედრო იმყოფებოდა.
ივნისის ბოლოს უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდაუკრაინის 144 მცველი, მათ შორის, 95 „აზოველი“.
29 ივლისს კოლონიის იმ შენობის დაბომბვისას, რომელშიც უკრაინელი ტყვეები, მათ შორის, „აზოვის“ მებრძოლებიც იმყოფებოდნენ, უკრაინის დაზვერვის ცნობით, 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე დაიღუპა და 130-მდე დაშავდა.
რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლების ნაწილი კვლავაც ოკუპირებულ დონეცკში, ოლენოვკაში ჰყავთ. ნაწილი, რუსული მედიის ცნობით – როსტოვსა და ტაგანროგში, პოლკის ერთ-ერთი მეთაური სვიატოსლავ პალამარი კი, მოსკოვში, ლეფორტოვოს იზოლატორში გადაიყვანეს.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და დელეგაციამ ტაივანი დატოვეს.
„არ შეგეშალოთ: ამერიკა რჩება ურყევი ტაივანელი ხალხის ერთგულებაში – ახლა და მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – დაწერა პელოსიმ აფრენამდე. მან ასევე მიმოიხილა ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრა და მადლობა გადაუხადა მისი დაჯილდოებისთვის.
დღესვე, 3 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, კამბოჯაში მიმდინარე სამხრეთ-აზიური ერების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. მან კვლავ გაიმეორა მუქარა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმოდა ოფიციალური პეკინიდა:
„ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება, ხოლო ვინც ჩინეთს შეურაცხყოფს – დაისჯება“, – განაცხადა ვან იმ.
პელოსის ვიზიტის პასუხად ჩინეთმა 4-7 აგვისტოს, ტაივანის ირგვლივ ექვს ლოკაციაზე დააანონსა საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნები საცეცხლე სისტემებიდან სროლით. აღნიშნული წვრთნები თვითმმართველი კუნძულის თავდაცვის მინისტრმა სუნ ლი-ფანმა „საზღვაო და საჰაერო ბლოკადის ტოლფასად“ შეაფასა.
ტაივანმა იაპონიასა და ფილიპინებთან დაიწყო მოლაპარაკებები ალტერნატიული საერთაშორისო საჰაერო მარშრუტების თაობაზე, ხოლო გემებს მოუწოდა გამონახონ უსაფრთხო საზღვაო მარშრუტები, რათა თავი აარიდონ წვრთნების არეალს.
ტაივანის [ტაივანი თავს მოიხსენიებს, როგორც ჩინეთის რესპუბლიკა] პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა, ჩინეთის წვრთნებს ტაივანის ირგვლივ „არა აუცილებელი პასუხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტაივანი „მოწადინებულია შეინარჩუნოს სტატუსკვო ტაივანის სრუტეში“. მისი თქმით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი არ არის პირველი და მეგობრული მხარეების შეხვედრაა.
„სპიკერ პელოსის ვუთხარი, რომ ჩვენ მოწადინებულები ვართ, შევინარჩუნოთ სტატუსკვო ტაივანის სრუტეში.
ტაივანელი ხალხი პრაგმატულია. ჩვენ წლების განმავლობაში კონგრესის ბევრი დელეგაციისთვის გვიმასპინძლია ტაივანში და მეგობრების მიერ ერთმანეთის მონახულების ჩვეულებრივი პრაქტიკა არის ჩვენი სტუმართმოყვარეობის კულტურის დამახასიათებელი ნაწილი.
სამხედრო წვრთნები არა აუცილებელი პასუხია“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.
თავის მხრივ, ჩინეთმა დაიცვა თავისი პოზიცია და სამხედრო წვრთნებს ტაივანის სრუტეში „აუცილებელი და სამართლიანი“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს „მტკიცე, ძლიერი და ეფექტური“ საპასუხო ზომების გატარებას აშშ-სა და ტაივანის წინააღმდეგ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით.
„პელოსის ტაივანში ვიზიტის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობაში შეერთებული შტატები არის პროვოკატორი, ხოლო ჩინეთი – მსხვერპლი. პირველი იყო აშშ-ისა და ტაივანის ერთობლივი პროვოკაცია, ხოლო ჩინეთის სამართლიანი თავდაცვა ამის შემდეგ“, – აღნიშნა ჰუა ჩუნიანგმა 3 აგვისტოს.
გარდა წვრთნებისა, ჩინეთმა ტაივანს გარკვეული სავაჭრო შეზღუდვებიც დაუწესა, ხოლო საჰაერო და საზღვაო ბლოკადა, თუ ამგვარი შედგება თვითმმართველი კუნძულისთვის, სერიოზულ პრობლემას შექმნის, რადგან იგი ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული.
3 აგვისტოს ევროკავშირმა გაავრცელა მოწოდება, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტით გამოწვეული დაძაბულობა დიალოგის გზით გადაწყდეს და ჩინეთთან კომუნიკაციის არხები დარჩეს ღია, რათა თავიდან აირიდონ არასწორი გათვლები.
„ევროკავშირის ინტერესშია ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტატუსკვოს შენარჩუნება“, განაცხადა 27 ქვეყნის ბლოკის პრესსპიკერმა. როგორც „როიტერსი“ წერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს „მკაფიო ერთი ჩინეთის პოლიტიკა“, რომელიც აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ მთავრობას და ასევე აგრძელებს „მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას ტაივანთან“.
_________
ტაივანის თვითმმართველ კუნძულს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მშვიდობიანი გზით მის „სამშობლოსთან დაბრუნებას ისტორიულ მიზნად“ ასახელებს, თუმცა არც ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს, აუცილებლობის შემთხვევაში.
თავის მხრივ, ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. გაერო ჩინეთის რესპუბლიკას არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ. ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის არ არის აშშ, დანარჩენი მსოფლიო კი „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ხელმომწერია. აშშ-ს აქვს ხელშეკრულებები ტაივანთან, რომლის ფარგლებშიც თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობს.
ტაივანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით დაშორებული კუნძულია, რომელიც ე.წ. „პირველ კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
როგორც BBC-ი წერს, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, შესაძლოა დაემუქროს აშშ-ის სამხედრო ბაზებს გუამსა და ჰავაიმდე.
ისტორია
ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჩინეთში ნაციონალისტური სამთავრობო ძალები და ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთმანეთს ებრძოდა. 1949 წელს კომუნისტებმა გაიმარჯვეს და მათმა ლიდერმა მაო ძედუნმა კონტროლი დაამყარა პეკინზე, მთავრობა და ნაციონალისტური პარტია კი, მომხრეებთან ერთად, ტაივანში გაიქცა, სადაც ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწორედ ჩინეთის რესპუბლიკას აღიარებდა გაერო. საბოლოოდ 1971 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეძლო გაერო დაერწმუნებინა, რომ ჩინეთს სწორედ ის წარმოადგენდა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელით. ამის შემდეგ ტაივანი გაეროდან გარიცხეს და კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიიღეს.
ამ დროისთვის 13 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, დანარჩენი კი – „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიხედვით, ქვეყნებს არ შეუძლიათ დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეთ ორივესთან – ტაივანსა და ჩინეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა პეკინთან აქვს და არა ტაივანთან.
მიუხედავად ამისა, რიგ ქვეყნებს აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ტაივანთან. ტაივანი იარაღს ამერიკისგან ყიდულობს და თავდაცვის საკითხებშიც ამერიკის, იაპონიისა და პარტნიორი ქვეყნების იმედი აქვს.
ტაივანს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აქვს კონსტიტუცია და წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები. 2021 წლის მონაცემებით, კომპიუტერული ჩიპების წარმოების 65% ტაივანზე მოდის.
2021 წლის კვლევის მონაცემებით, ტაივანის მოსახლეობის 60%-ზე მეტი თავს ტაივანელად მიიჩნევს, 30%-ზე მეტი – ჩინელად და ტაივანელად, ხოლო 5%-ზე ნაკლები – ჩინელად და თითქმის ამდენივე ამბობს, რომ არ იცის.
ტაივანში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
_________
მთავარი ფოტო: მარცხნივ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი; მარჯვნივ: ტაივანის [ჩინეთის რესპუბლიკის] პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი. უკანა ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო წვრთნები.
ინფლაციის საშუალო დონე საქართველოში გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული რეგულარულად იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,5% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, აქ ფასები 16.4 პროცენტით არის გაზრდილი.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16.4 პროცენტით ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29.3 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 %), ზეთი და ცხიმი (17.5 %), რძე, ყველი და კვერცხი (16.9 %), თევზეული (14.9 %), ხილი და ყურძენი (13.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 %).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 %-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 %-იანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 %), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 %).
რაც შეეხება ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელს, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფი (+2.4 %) – ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (+2.8 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (+2.7 %). ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.2 %).
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა 5.7 %-ით.
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – ფასები მომატებულია 2.0 %-ით. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.6 %), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 %) და მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (1.3 %).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 %-ით. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 %), ხილი და ყურძენი (-9.4 %), თევზეული (-1.6 %).
ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 %), ზეთი და ცხიმი (2.4 %), პური და პურპროდუქტები (2.0 %).
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოდან იცვლება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობები. კერძოდ, სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია.
„რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტებით ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“ – ეს განცხადება კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის მერე გააკეთა.
მისივე თქმით, 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, შეჩერდა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები. ასევე, ამან ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
„მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გავლენის გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძის განცხადებით, „მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“.
ახალი ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ერთი წლის შემდეგ კი დღევანდელი გადაწყვეტილება გადაიხედება.
დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ჯგუფს 6 დაშავებული დახვდა, პირველადი ინფორმაციით, ზედაპირული ტრავმებით. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.
ავტოავარია თამარ მეფის გამზირზე მოხდა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა მუნიციპალური ავტობუსის ბრალეულობით არ მომხდარა“.
„ბათუმელები“ შს სამინისტროსგან ელოდება პასუხს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება ავტოავარიაზე.
„საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლება, მოითხოვოს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენაზე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ამ უწყებიდან „ბათუმელებს“ წერილობით მიაწოდეს განმარტება რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან.
ბათუმში „ბათუმელებმა“ 6 სხვადასხვა ბარში დააფიქსირა ის, რომ ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან და შეუძლიათ რუსულად ან ინგლისურად მოგემსახურონ.
ამ თემის გაშუქების დროს, პირველ აგვისტოს, მივმართეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და ვთხოვეთ განმარტება: რის საფუძველზე აქვთ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ქართულ ენაზე მომსახურების მიღების უფლება და ვინ უნდა რეაგირებდეს, როცა ქართულენოვანი სერვისი საჯარო დაწესებულებებში არ აქვთ? – განმარტება სახელმწიფო ენის დეპარტამენტიდან დღეს, 3 აგვისტოს, მივიღეთ.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, პირველ რიგში, „საქართველოს კონსტიტუციის“ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური. კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ „სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით“.
„სახელმწიფო ენის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით კი, „მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე,“ ასევე: „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“
ამ სამართლებრივ ნორმებზე მიუთითებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ხაზს უსვამს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის პრეამბულას, სადაც წერია:
„საქართველოს სახელმწიფო, ამავე დროს, იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მას დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა და აღკვეთს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას.“
რაც შეეხება რეაგირებას, როცა ქართულ ენაზე მომსახურება საჯარო დაწესებულებებში არ აქვთ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტში არ დააკონკრეტეს, რა ფორმით და როგორ უნდა ხდებოდეს რეაგირება, თუმცა მიუთითეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლზე, „სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები“, სადაც წერია, რომ „სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი პირველ აგვისტოს დატოვა, უკვე სტამბოლში, ბოსფორის სრუტეშია.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ეს არის პირველი გემი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გაიტანა მარცვლეული, ე.წ. „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით.
ოდესის პორტში მარცვლეულით დატვირთული კიდევ 16 გემი ელოდება ქვეყნიდან გასვლას.
უკრაინიდან მარცვლეულის გატანის ხელშეკრულებას ივნისში მოაწერეს ხელი. უკრაინიდან მიმავალი გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევენ გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები – უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინიდან შეჩერებულია მარცვლეულის ექსპორტი საომარი მოქმედებების გამო, რაც არაერთ ქვეყანაში მარცვლეულის სერიოზულ კრიზისს ქმნის. ომის დაწყებიდან დღემდე კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და სევასტოპოლის პორტიდან გადააქვს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ე.წ „სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. დარღვევები 22 აფთიაქში გამოვლინდა, მათ შორის, აჭარაშიც.
„2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.
გამოძიების პროცესში ზემოაღნიშნული ობიექტებიდან ამოვიღეთ დიდი ოდენობით მედიკამენტი.
დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა“, – წერს საგამოძიებო სამსახური.
ამავე წყაროს ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა.
„რუსეთის ძალები, ალბათ, რამდენიმე დღეში შეაკეთებენ რკინიგზის დაზიანებულ მონაკვეთს, თუმცა ის მაინც სუსტ წერტილად დარჩება რუსეთის ძალებისთვის და მათი ლოგისტიკისთვის,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 აგვისტოს რელიზში.
უწყების ცნობით, ბორანი, რომელიც რუსეთის არმიამ დნეპრზე ანტონოვსკის ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყო, მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა რუსეთი მას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო მასალების გადასატანადაც იყენებს.
„სავარაუდოდ, გაიზრდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ხერსონისა და მიმდებარე ტერიტორიების დატოვებას ეცდება, რადგან გრძელდება სამხედრო მოქმედებები და მწვავდება სასურსათო კრიზისი. ეს უკვე არსებულ გზებზე დატვირთვას და რუსეთის მხრიდან გადაადგილების კონტროლსაც გააძლიერებს,“ – მიუთითებს დაზვერვა.
ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ბრილოვკასთან, დაარტყეს ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ რუსულ ეშელონს, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა და რომელშიც რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, „ჰაიმარსის” უზუსტესმა დარტყმამ გაანადგურა მატარებლის 40 ვაგონი. ეშელონს ყირიმიდან მოჰყავდა ცოცხალი ძალა და მოჰქონდა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები. დაიღუპა 80 და დაიჭრა 300-მდე რუსი სამხედრო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +180]
ტანკი – 1 774 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 4 022 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 939 ერთეული [+3]
MLRS – 259 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 740 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 180 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 922 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
261 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 669 უპილოტო საფრენი აპარატი
361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 231 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
782 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 242 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 676 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად,“ – ამ შაბლონით და ინგლისურადგვიპასუხეს ძველ ბათუმში, რამდენიმე ბარში, სადაც შევიხედეთ და ქართულად ვიკითხეთ: რა ღირს თქვენთან ლუდი? – ბარმენები, მიმტანები თუ მენეჯერები ქართულად ვერ საუბრობენ.
ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“
ბარებში, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს, რომ მათი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან და ქართული ენის ცოდნის საჭიროება ამ დრომდე არ ჰქონიათ. ასეთი ბარი, ერთი თვალის შევლებით, უკვე არცთუ ცოტაა ბათუმში.
„არ ვიცოდით, თუ ქართული ენის ცოდნაა საჭირო ბარმენებისა და მიმტანებისთვის, მოვიკითხავთ, თუ ეს აუცილებელია. ჩვენ ბელარუსიდან ვართ, მენიუ გვაქვს ქართულად და კომუნიკაცია ასეც შესაძლებელია…
ძირითადად უცხოელები შემოდიან და არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმეს შეკვეთა ვერ გავიგეთ,“ – გვიპასუხა ალექსანდრე პერეშკოვომ, რომელიც ძველ ბათუმში მდებარე ბარ „მიაუს“ მენეჯერია. ის გამონაკლისია იმ კუთხით, რომ კომენტარზე დაგვთანხმდა.
კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა თქვეს, რომ რუსეთიდან, კონკრეტულად კი, სანკტ-პეტერბურგიდან არიან „Irish Pub“- ში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. აქაც ბარმენთან და მიმტანებთან კომუნიკაცია მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად არის შესაძლებელი. მიმტანებმა აქ გვითხრეს, რომ მენეჯერი როცა ადგილზე იქნება, გაგვასაუბრებენ.
ამ ბარებში, სადაც მომსახურება ქართულ ენაზე არ არის შესაძლებელი, მენიუ აქვთ ქართულ ენაზე.
„ბათუმელები“ ზუსტად 6 ბარში იმყოფებოდა, სადაც უთხრეს, რომ ქართულ ენაზე ვერ მოემსახურებიან.
ქართულ ენაზე რომ მომსახურება ვერ მიიღო, მაგალითად, „პანორამა რესტორანში“ მსახიობმა ოთარ ქათამაძემ პროტესტი ფეისბუქპოსტითაც გამოხატა და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, სხვა ქვეყნებიდან მიგრირებული ადამიანები საქმდებიან.
„სად ვცხოვრობთ? რა ხდება საერთოდ? რესტორანში მიმტანი მოდის რუსი და ქართული საერთოდ არ იცის, მთხოვს, რომ ველაპარაკო რუსულად ან ინგლისურად, საერთოდ არ გიტყდებათ? საერთოდ რა ხდება ამ უპატრონო ქვეყანაში?? მთლად ფეხებზე რანაირად შეიძლება დაიკიდო ყველაფერი? თან ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ამ ქვეყანაში მილიონობით უმუშევარია…“ – დაწერა ფეისბუქში ოთარ ქათამაძემ.
„პეტერბურგიდან იყო ჩამოსული ის მიმტანი,“ – გვიყვება ოთარი და იხსენებს, რომ ყოფილ „ჩაის სახლში“ გახსნილ კაფეშიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ანალოგიური შემთხვევა – „იქაც რომ მოვითხოვეთ, შემდეგ მოგვიტანეს მენიუ ქართულად, იქაც ქართულ ენაზე ვერ მოგვემსახურეს… ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეროვნების ადამიანი იმუშავებს, მაგრამ მინდა, ჩემს ქვეყანაში ქართულად ვილაპარაკო.
აღარ მაქვს ასე დაცულობის შეგრძნება, როცა შევდივარ რესტორანში და მინიმუმ ჩემს ენაზე ვერ ვიღებ მომსახურებას. მრცხვენია იმ ადამიანების, ვისთვისაც ეს ნორმაა,“ – აღნიშნა ოთარ ქათამაძემ „ბათუმელებთან“.
ოთარ ქათამაძის თქმით, რესტორან „პანორამაში“ ანგარიშის მიწოდების დროს გაირკვა, რომ ქართულ ენაზეც იყო შესაძლებელი მომსახურების მიღება.
„პანორამაში“ რუსულენოვან მიმტანს გავაგებინეთ როგორღაც, რაც გვინდოდა, ხაჭაპური, მაგალითად, გაიგო, ფორთოხლის წვენი ინგლისურად ვუთხარით და მოინიშნა, მაგრამ ანგარიშის გადახდის დროს ანგარიში ვერ გავაგებინეთ. მერე ჩაერთო საუბარში ადმინისტრატორი და შედგა კომუნიკაცია, მაგრამ მე იქვე გავაპროტესტე, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია,“ – აღნიშნა ქათამაძემ.
„თავიდანვე იყო შესაძლებელი, მათ მომსახურებოდა ქართულენოვანი მიმტანი,“ – გვითხრა „პანორამას“ ადმინისტრატორმა, როცა რესტორნის მიერ მითითებულ ტელეფონზე დავრეკეთ და ოთარ ქათამაძის შემთხვევის შესახებ ვიკითხეთ. რესტორანში დაადასტურეს, რომ ნამდვილად ჰყავთ მიმტანები, რომლებმაც რუსული და ინგლისური იციან და არ იციან ქართული.
„დაახლოებით 70 პროცენტი მიმტანებისა ქართველები არიან, 30 პროცენტი – უცხოელები. მაგიდამდე როცა მიგვყავს სტუმარი, ვეკითხებით, რა ენაზე სჭირდება მომსახურება და მისი პასუხის მიხედვით მიდის მასთან მიმტანი. ამ შემთხვევაში, ამ ორ ადამიანს არ გამოუხატავს სურვილი, ქართულენოვანი მიმტანი მომსახურებოდა, ისინი რუსულად საუბრობდნენ,“ – გვითხრა „პანორამას“ ადმინისტრატორმა, რომელსაც ასევე ვკითხეთ: რა არგუმენტით დაასაქმეს უცხოენოვანი მიმტანები, როცა ამ ქვეყნის არაერთი მოქალაქე უმუშევარია?
კითხვის პასუხად ადმინისტრატორმა გვითხრა, რომ ამ თემაზე კომენტარს მენეჯერი გააკეთებს, რომელიც თავად დაგვიკავშირდება, თუმცა „ბათუმელებს“ ამ დრომდე „პანორამადან“ არავინ დაუკავშირდა. „პანორამას“ ადმინისტრატორს „ბათუმელები“ გუშინ, პირველ აგვისტოს, ესაუბრა.
რას ამბობს კანონი?
„მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე… სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს,“ – ეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლია.
ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით კი, „სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ: პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
„არ აქვთ ამის უფლება, მხოლოდ რუსულად და ინგლისურად იყოს შესაძლებელი კომუნიკაცია. ქართულ ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი მომსახურების მიღება, ისევე, როგორც, მაგალითად, აფთიაქში. აფთიაქში ხომ ვერ გვიპასუხებენ, რომ რუსულად ან ინგლისურად უნდა ვიკითხოთ რამე?“ – ამბობს ნინო აბესაძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი.
მას ვთხოვეთ სამართლებრივი საფუძვლის დასახლება, რის გამოც მიიჩნევენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში, რომ სამართალდარღვევაა, თუკი სერვისი ქართულ ენაზე, მაგალითად, ბარებში არ აქვთ.
ასევე, რა ფორმით უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი? ვინ რა ფორმით უნდა მოახდინოს რეაგირება?
ნინო აბესაძე დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე პოზიციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტებთან ერთად ჩამოაყალიბებდა და ისე მოგვაწვდიდა, თუმცა სატელეფონო საუბრის შემდეგ მან ჩვენს შეტყობინებებს აღარ უპასუხა. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს არც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ტელეფონზე.
სახელმწიფო ინსტიტუტის პოზიციას ამ საკითხზე მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ენას კონსტიტუციური სტატუსი აქვს, რაც მის განსაკუთრებულ ფუნქციურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. შესაბამისად, როდესაც საუბარია სამართლებრივი სტატუსის მქონე ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე, ცხადია, ჩნდება ვალდებულება ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე მიწოდების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებს,“ – მიიჩნევს დამოუკიდებელი იურისტი, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
იურისტის შეფასებით, მაგალითად, ბარებს შესაძლოა ჰყავდეთ უცხოენოვანი პერსონალი, მაგრამ ამოსავალია ის, რომ მომსახურების მიღება ქართულ ენაზე იყოს შესაძლებელი.
„შეიძლება იყოს თანაბარი პროცესით გამოყენება ქართულის და უცხო ენის, მაგრამ როდესაც სრულად უცხო ენით ხდება მომსახურების სფეროში სერვისის მიწოდება და ქართულენოვან მოხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო ენაზე მიიღოს სერვისი, აღნიშნული ცალსახად კანონდარღვევაა,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.