მთავარი,სიახლეები

შეშფოთებული ვარ – ეუთოს სპეცწარმომადგენელი აჭარის მაუწყებლის მოვლენებზე

10.03.2020
შეშფოთებული ვარ – ეუთოს სპეცწარმომადგენელი აჭარის მაუწყებლის მოვლენებზე

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ჰარლემ დეზირი აცხადებს, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ძირითადი პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გადადგომის გამო“, — წერს ჰარლემ დეზირი ტვიტერზე.

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ასევე წერს, რომ შეშფოთებულია „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობებით“.

„დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ როლს ასრულებს და უმთავრესია მედიის თავისუფლებისთვის“, – წერს იგი.


აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე 2019 წლის გაზაფხულზე თანამდებობიდან გადააყენეს.

მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული დაუკავშირა ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე.

ისინი აცხადებენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

ბოლო პერიოდში ტელევიზიაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.

ვრცლად გირჩევთ:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: