მთავარი,სიახლეები

ყველა შოკშია, მომხდარის ახსნას ვერ ვპოულობთ – რუსეთმა ვოლინას ვიდეო გაავრცელა

01.08.2022 • 21803
ყველა შოკშია, მომხდარის ახსნას ვერ ვპოულობთ – რუსეთმა ვოლინას ვიდეო გაავრცელა

რუსულმა არხებმა ტვიტერზე გაავრცელეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი სერგეი ვოლინსკის (ვოლინას) ვიდეო, რომელშიც ის ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს.

„საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩვენი ბარაკიდან ჩანდა ყვითელი სინათლე და აფეთქება. ყვირილის ხმებიც გვესმოდა. უმძიმესი სიტუაციაა და ძალიან რთულია სიტყვების პოვნა მის აღსაწერად.

ვფიქრობ, ეს ვითარება გავლენას მოახდენს ტყვეების ფსიქიკაზე და იმ ადამიანებზეც, ვინც მომავალში შეიძლება ჩავარდეს ტყვედ. მოვლენების მონაწილეებსაც, მათ ოჯახის წევრებსაც, ახლობლებსაც გაუჩნდებათ შიში. ახლა ჩვენი ახლობლები და ოჯახები ძალიან განიცდიან მომხდარს. ამ დრომდე ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ დაიღუპა.

ვითარება ძალიან რთული და სამწუხაროა. ყველა შოკშია. ახსნას ვერავინ პოულობს. ყველა გლოვობს. ბარაკში სიჩუმეა. დიდი უბედურება მოხდა. ადამიანებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს. უკვე მოდის დრო, რომ ყველას სახლში ელოდებიან, ყველა დიდი ხნის ნანატრ თავისუფლებას ელოდება და პირდაპირ ფინიშთან ასეთი ტრაგედია ხდება.

მე ვერ ვიტყვი, ვინაა დამნაშავე და ჩემთვის ისეც გაუგებარია – რისთვის“, – ამბობს სერგეი ვოლინა და ვიდეოს დასასრულს მოკითხვას უგზავნის საკუთარ ოჯახს. – „მინდა მოკითხვა გადავცე ჩემს მეუღლეს, ვაჟს და დედას. ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს, რომ მალე ერთად ვიქნებით“.

უკრაინული მედიის ცნობით, ვიდეო პროპაგანდისტ ჟურნალისტ ანდრეი რუდენკოს ეკუთვნის. კადრში ჩანს ტელეკომპანია „როსიას“ მიკროფონი.

ვიდეოში ჩანს მხოლოდ სერგეი ვოლინა, ახლო ხედით, მის კომენტარს კი თან ახლავს დამწვარი შენობის კადრები. ვიდეოს არ აქვს მითითებული, სადაა ის გადაღებული, თუმცა მონათხრობის მიხედვით, სერგეი ვოლინა ოლენოვკაში იმყოფება.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა. თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, თუმცა უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა მათ შორის სამოქალაქო პირები.

სიაში არ არიან „აზოვის“ მეთაურები – დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი. პოლკ „აზოვის“ პატრონაჟის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ გამოქვეყნებული სიის ნამდვილობა ზუსტდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: