მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

03.08.2022 •
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და დელეგაციამ ტაივანი დატოვეს.

„არ შეგეშალოთ: ამერიკა რჩება ურყევი ტაივანელი ხალხის ერთგულებაში – ახლა და მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – დაწერა პელოსიმ აფრენამდე. მან ასევე მიმოიხილა ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრა და მადლობა გადაუხადა მისი დაჯილდოებისთვის.

დღესვე, 3 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, კამბოჯაში მიმდინარე სამხრეთ-აზიური ერების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. მან კვლავ გაიმეორა მუქარა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმოდა ოფიციალური პეკინიდა:

„ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება, ხოლო ვინც ჩინეთს შეურაცხყოფს – დაისჯება“, – განაცხადა ვან იმ.

პელოსის ვიზიტის პასუხად ჩინეთმა 4-7 აგვისტოს, ტაივანის ირგვლივ ექვს ლოკაციაზე დააანონსა საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნები საცეცხლე სისტემებიდან სროლით. აღნიშნული წვრთნები თვითმმართველი კუნძულის თავდაცვის მინისტრმა სუნ ლი-ფანმა „საზღვაო და საჰაერო ბლოკადის ტოლფასად“ შეაფასა.

ტაივანმა იაპონიასა და ფილიპინებთან დაიწყო მოლაპარაკებები ალტერნატიული საერთაშორისო საჰაერო მარშრუტების თაობაზე, ხოლო გემებს მოუწოდა გამონახონ უსაფრთხო საზღვაო მარშრუტები, რათა თავი აარიდონ წვრთნების არეალს.

ტაივანის [ტაივანი თავს მოიხსენიებს, როგორც ჩინეთის რესპუბლიკა] პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა, ჩინეთის წვრთნებს ტაივანის ირგვლივ „არა აუცილებელი პასუხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტაივანი „მოწადინებულია შეინარჩუნოს სტატუსკვო ტაივანის სრუტეში“. მისი თქმით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი არ არის პირველი და მეგობრული მხარეების შეხვედრაა.

„სპიკერ პელოსის ვუთხარი, რომ ჩვენ მოწადინებულები ვართ, შევინარჩუნოთ სტატუსკვო ტაივანის სრუტეში.

ტაივანელი ხალხი პრაგმატულია. ჩვენ წლების განმავლობაში კონგრესის ბევრი დელეგაციისთვის გვიმასპინძლია ტაივანში და მეგობრების მიერ ერთმანეთის მონახულების ჩვეულებრივი პრაქტიკა არის ჩვენი სტუმართმოყვარეობის კულტურის დამახასიათებელი ნაწილი.

სამხედრო წვრთნები არა აუცილებელი პასუხია“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.

თავის მხრივ, ჩინეთმა დაიცვა თავისი პოზიცია და სამხედრო წვრთნებს ტაივანის სრუტეში „აუცილებელი და სამართლიანი“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს „მტკიცე, ძლიერი და ეფექტური“ საპასუხო ზომების გატარებას აშშ-სა და ტაივანის წინააღმდეგ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით.

„პელოსის ტაივანში ვიზიტის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობაში შეერთებული შტატები არის პროვოკატორი, ხოლო ჩინეთი – მსხვერპლი. პირველი იყო აშშ-ისა და ტაივანის ერთობლივი პროვოკაცია, ხოლო ჩინეთის სამართლიანი თავდაცვა ამის შემდეგ“, – აღნიშნა ჰუა ჩუნიანგმა 3 აგვისტოს.

გარდა წვრთნებისა, ჩინეთმა ტაივანს გარკვეული სავაჭრო შეზღუდვებიც დაუწესა, ხოლო საჰაერო და საზღვაო ბლოკადა, თუ ამგვარი შედგება თვითმმართველი კუნძულისთვის, სერიოზულ პრობლემას შექმნის, რადგან იგი ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული.

3 აგვისტოს ევროკავშირმა გაავრცელა მოწოდება, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტით გამოწვეული დაძაბულობა დიალოგის გზით გადაწყდეს და ჩინეთთან კომუნიკაციის არხები დარჩეს ღია, რათა თავიდან აირიდონ არასწორი გათვლები.

„ევროკავშირის ინტერესშია ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტატუსკვოს შენარჩუნება“,  განაცხადა 27 ქვეყნის ბლოკის პრესსპიკერმა. როგორც „როიტერსი“ წერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს „მკაფიო ერთი ჩინეთის პოლიტიკა“, რომელიც აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ მთავრობას და ასევე აგრძელებს „მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას ტაივანთან“.

_________

ტაივანის თვითმმართველ კუნძულს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მშვიდობიანი გზით მის „სამშობლოსთან დაბრუნებას ისტორიულ მიზნად“ ასახელებს, თუმცა არც ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს, აუცილებლობის შემთხვევაში.

თავის მხრივ, ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. გაერო ჩინეთის რესპუბლიკას არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ. ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის არ არის აშშ, დანარჩენი მსოფლიო კი „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ხელმომწერია. აშშ-ს აქვს ხელშეკრულებები ტაივანთან, რომლის ფარგლებშიც თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობს.

ტაივანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით დაშორებული კუნძულია, რომელიც ე.წ. „პირველ კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 

როგორც BBC-ი წერს, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, შესაძლოა დაემუქროს აშშ-ის სამხედრო ბაზებს გუამსა და ჰავაიმდე.

ისტორია

ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჩინეთში ნაციონალისტური სამთავრობო ძალები და ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთმანეთს ებრძოდა. 1949 წელს კომუნისტებმა გაიმარჯვეს და მათმა ლიდერმა მაო ძედუნმა კონტროლი დაამყარა პეკინზე, მთავრობა და ნაციონალისტური პარტია კი, მომხრეებთან ერთად, ტაივანში გაიქცა, სადაც ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწორედ ჩინეთის რესპუბლიკას აღიარებდა გაერო. საბოლოოდ 1971 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეძლო გაერო დაერწმუნებინა, რომ ჩინეთს სწორედ ის წარმოადგენდა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელით. ამის შემდეგ ტაივანი გაეროდან გარიცხეს და კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიიღეს.

ამ დროისთვის 13 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, დანარჩენი კი – „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიხედვით, ქვეყნებს არ შეუძლიათ დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეთ ორივესთან – ტაივანსა და ჩინეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა პეკინთან აქვს და არა ტაივანთან.

მიუხედავად ამისა, რიგ ქვეყნებს აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ტაივანთან. ტაივანი იარაღს ამერიკისგან ყიდულობს და თავდაცვის საკითხებშიც ამერიკის, იაპონიისა და პარტნიორი ქვეყნების იმედი აქვს.

ტაივანს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აქვს  კონსტიტუცია და წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები. 2021 წლის მონაცემებით, კომპიუტერული ჩიპების წარმოების 65% ტაივანზე მოდის.

2021 წლის კვლევის მონაცემებით, ტაივანის მოსახლეობის 60%-ზე მეტი თავს ტაივანელად მიიჩნევს, 30%-ზე მეტი – ჩინელად და ტაივანელად, ხოლო 5%-ზე ნაკლები – ჩინელად და თითქმის ამდენივე ამბობს, რომ არ იცის.

ტაივანში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

_________

მთავარი ფოტო: მარცხნივ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი; მარჯვნივ: ტაივანის [ჩინეთის რესპუბლიკის] პრეზიდენტი, ცაი ინ-ვენი. უკანა ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო წვრთნები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: