დაბურული ტყის თავზე მფრინავმა სამხედრო დრონმა ბელარუსის საზღვრიდან მომავალი რუსული კოლონა შენიშნა. პილოტმა, რომელიც დრონს შორიდან მართავდა, ჯერ კამერით დაათვალიერა, სადმე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხომ არ იყო და შემდეგ სამიზნე შეარჩია. ბომბები პირდაპირ კოლონის შუაგულს დაეცა. ერთიმეორის მიყოლებით, ჯაჭვური რეაქციით იფეთქა საწვავის ავტოცისტერნებმა და პილოტის ეკრანი ცეცხლოვანი შუქით გაანათა.
ასე იწყება ბრიტანული The Times-ის სტატია დრონების პილოტ „ოდესაზე“ და უკრაინულ ბაირაქტარებზე.
„მგონი, ეს ჩემი უდიდესი მიღწევა იყო“, – ეუბნება ჟურნალისტს სტატიის დასაწყისში აღწერილი ეპიზოდის შესახებ „ოდესა“, – „ამ დარტყმამ შეაჩერა შეტევა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით, რადგან მტერს ჰქონდა ტექნიკა, მაგრამ აღარ ჰქონდა საწვავი“.
„ოდესა“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი ოფიცერია. ის თურქულ საბრძოლო დრონებს, ბაირაქტარ TB2-ებს მართავს და უკვე 50-ზე მეტი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურა – როგორც რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ისე საბრძოლო მასალების საწყობები.
„ოდესა“ ბაირაქტარის პირველი პილოტია, რომელიც საკუთარ მისიაზე საჯაროდ ლაპარაკობს. „ბაირაქტარის მუშაობა ქირურგიულ პროცესს ჰგავს“, – ამბობს „ოდესა“. – „ჩემი ამოცანაა, საწვავისა და საბრძოლო მასალების განადგურებით მტრის წინსვლა შევაჩერო. მე მათ ჩვენს სამხედროებზე თავდასხმის საშუალებებს ვართმევ“.
„ოდესა“40 წელს გადაცილებულია, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმითა და წვერით. ის პროფესიონალი სამხედროა. არმიას 1999 წელს, ხარკოვის სამხედრო აკადემიის დასრულებისთანავე შეუერთდა. ის დრონის პილოტი 2014 წელს გახდა, როდესაც კრემლმა ყირიმი დაიკავა და დონბასის დაპყრობა დაიწყო.
იმისთვის, რომ TB2 ემართა, „ოდესამ“ არაერთი გამოცდა და „ბაიკარის“, დრონების მწარმოებელი კომპანიის, ტრენინგი გაიარა.
„ცნობილი იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისას უკრაინას სულ 20-მდე დრონი ჰქონდა, თუმცა ამ დრონების საბრძოლო ეფექტიანობა ლეგენდად იქცა,“ – წერს The Times. – „უკრაინელები ისე არიან შეყვარებულები თავიანთ ბაირაქტარებზე, რომ მათ საბრძოლო სიმღერაც კი მიუძღვნეს. სიმღერის ერთი მონაკვეთი ასე ჟღერს: „ცხვრის ფარა მოეხეტებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ბღაოდნენ და ჩვენს სიმშვიდეს არღვევდნენ. კარგმა მწყემსმა ისინი სასაკლაოსკენ გარეკა: ბაი-რაქ-ტარ!“.
წარმატებამ უკრაინული ბაირაქტარები და მისი პილოტები რუსეთის არმიის სამიზნეებად აქცია. მოწყობილობები, რომლებსაც TB2-ის მართვა 290 კილომეტრის მანძილიდან შეუძლიათ, მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ, რათა საპასუხო დარტყმები აიცილონ.
„რა თქმა უნდა, პოზიციებს მუდმივად ვიცვლით, ეს აუცილებელია, თუ სიცოცხლე გინდა,“ – ამბობს „ოდესა“ და კიევისთვის ბრძოლას იხსენებს, როდესაც თითქმის უძილოს, ათი საათის განმავლობაში, უწყვეტად უწევდა დრონის მართვა. – „ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ცოლები და შვილები საფრთხეში არიან. მე ორი შვილი მყავს, მაგრამ მხოლოდ ჩემებზე არ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ უკრაინის ყველა ბავშვს. მე შემიძლია გავიგო, რომ ომში სამხედროები იღუპებიან, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება ბავშვების მკვლელობა. მაგრამ აქ ემოციების ადგილი არ არის. მე რომ გავბრაზდე, მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებ და დავალებასაც ვერ შევასრულებ. სრული სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, რომ ხელი არ ამიკანკალდეს. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ვიდეოთამაშს ვთამაშობ“.
თუმცა როგორც „ოდესა“ ჰყვება, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ზოგჯერ მაინც აღწევენ წარმატებას და ყველაზე ფრთხილი პილოტებიც კი კარგავენ საფრენ აპარატებს.
TB2-ის 7 600 მეტრის სიმაღლეზე 27 საათი გაჩერება შეუძლია, ფრთების შლა 12 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – დაახლოებით 220 კილომეტრი საათში. მისი მართვა 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციურად შეიძლება. ის უფრო პატარა და ნელია, ვიდრე NATO-ს სამხედრო დრონები, თუმცა უფრო იაფიც ღირს – 5 მილიონი დოლარი.
უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში აგროვებენ ფულს, რომ უკრაინას ბაირაქტარებით დაეხმარონ. ივნისის ბოლოს უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგეი პრიტულამ 20 მილიონი დოლარი შეაგროვა სამი ბაირაქტარის საყიდლად, თუმცა როდესაც კომპანია „ბაიკარმა“ კამპანიის შესახებ შეიტყო, გამოაცხადა, რომ უკრაინას სამ ბაირაქტარს უფასოდ გადასცემს.
მთავარი ფოტო: კომპანია “ბაიკარის” ფეისბუქგვერდიდან