მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება ტყვე „აზოველებისთვის“ – იურისტის განმარტება

03.08.2022 • 1437
რას ნიშნავს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება ტყვე „აზოველებისთვის“ – იურისტის განმარტება

„აზოვის“ პოლკი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნას სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავდა.

რას ნიშნავს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლებისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება – Настоящее Время-სთან ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი განმარტავს.

„ახლა, ფაქტობრივად, ყველა „აზოველი“ ტყვე ავტომატურად პოტენციური ბრალდებულია ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში, ან მასში მონაწილეობაში. საბოლოოდ, არანაირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება აღარ ხდება საჭირო, საკმარისია იმის დადასტურება, რომ „აზოვის“ მებრძოლი ნამდვილად „აზოვის“ მებრძოლია. ამის შემდეგ, დაჩქარებული პროცედურით, შეუძლიათ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის და 10-20 წლით პატიმრობის მისჯა.

მეთაურებს ალბათ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში დასდებენ ბრალს, რაც ან სამუდამო, ან 15-20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

მთელი ეს სასამართლო პროცესები, ეს ტრიბუნალები, რომლებსაც რუსეთი ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელით მართავს, გათვლილია შიდა მომხმარებელზე – ეს ყველაფერი პროპაგანდისტული პროდუქტია.

გარდა ამისა, „აზოვის“ აღიარება ტერორისტულ ორგანიზაციად იძლევა სხვა დამატებითი საქმეების აღძვრის შესაძლებლობასაც – მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებაზე, მაგალითად, თუ ვინმემ დონატები გაუგზავნა „აზოვს“ ან ტერორიზმის საჯარო პროპაგანდაზე, თუ ვინმემ საჯაროდ რამე კარგი თქვა „აზოვზე“.

ეს ყველაფერი რეპრესიებისა და ზეწოლის ელემენტებია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.

ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არ გამორიცხავს მისი გაცვლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. თუ მიიღწევა ასეთი შეთანხმება, იმის მიუხედავად, სასამართლოშია მისი საქმე თუ უკვე გამოტანილია განაჩენი, მისი გაცვლა შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობს“.

__________

„აზოვის“ მებრძოლები 82 დღის განმავლობაში იცავდნენ „აზოვსტალის“ ქარხანას მარიუპოლში, ქალაქში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეებში ალყაში მოაქცია.

16-17 მაისს „აზოვსტალის“ დამცველები, რომელთა შორის პოლკ „აზოვის“ წევრებთან ერთად უკრაინის არმიის, სასაზღვრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლებიც იყვნენ, რუსეთს ჩაბარდნენ.

მაშინ მათი ნაწილი ოლენოვკაში, კოლონიაში, ნაწილი კი კლინიკაში მოათავსეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2 500-მდე სამხედრო იმყოფებოდა.

ივნისის ბოლოს უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათ შორის, 95 „აზოველი“.

29 ივლისს კოლონიის იმ შენობის დაბომბვისას, რომელშიც უკრაინელი ტყვეები, მათ შორის, „აზოვის“ მებრძოლებიც იმყოფებოდნენ, უკრაინის დაზვერვის ცნობით, 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე დაიღუპა და 130-მდე დაშავდა.

რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ მებრძოლების ნაწილი კვლავაც ოკუპირებულ დონეცკში, ოლენოვკაში ჰყავთ. ნაწილი, რუსული მედიის ცნობით –  როსტოვსა და ტაგანროგში, პოლკის ერთ-ერთი მეთაური სვიატოსლავ პალამარი კი, მოსკოვში, ლეფორტოვოს იზოლატორში გადაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: