მთავარი,სიახლეები

პუშკინს, კრილოვს, ლერმონტოვს, ტოლსტოის უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან

04.08.2022
პუშკინს, კრილოვს, ლერმონტოვს, ტოლსტოის უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან

უკრაინის სასკოლო პროგრამაში მხოლოდ იმ რუს მწერლებს დატოვებენ, რომელთა შემოქმედებაც მჭიდროდაა დაკავშირებული უკრაინასთან.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, ტელემარათონის ეთერში საშუალო და სკოლამდელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა იური კონონენკომ განაცხადა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მწერლები, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ მათი შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან, ან თავად მწერალი დაიბადა უკრაინაში ან დიდხანს ცხოვრობდა აქ, ან საკუთარ ნაწარმოებებში ფართოდ ასახავდა უკრაინულ თემატიკას – ამ მწერლების შემოქმედება სასკოლო პროგრამაში დარჩება,“ – განაცხადა კონონენკომ.

უკრაინული მედიის ცნობით, პროგრამაში აღარ იქნება ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა, მაგალითად, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, თუმცა პროგრამაში დარჩება ნიკოლაი გოგოლი, ვლადიმირ კოროლენკო, ანატოლი კუზნეცოვი, ილფი და პეტროვი და მიხაილ ბულგაკოვი.

კონონენკომ დასძინა, რომ ახლა პროგრამაში უფრო მეტი ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მწერალი შევა.

გადაწყვეტილება სასკოლო პროგრამიდან დაახლოებით 40 რუსი და საბჭოთა მწერლისა და პოეტის შემოქმედების ამოღების შესახებ, უკრაინის განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ ივნისში მიიღო.

მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ უკრაინის სკოლებში აღარ ასწავლიან: ალექსანდრ პუშკინს, ივან კრილოვს, ანტონ ჩეხოვს, მიხაილ ლერმონტოვს, ლევ ტოლსტოის, ივან ტურგენევს, ივან ბუნინს, ვიქტორ ნეკრასოვს, ალექსანდრ ბლოკს, ფიოდორ დოსტოევსკის, ბულატ ოკუჯავას, ვასილი ბიკოვს, ალექსანდრ გრინს, სერგეი ესენინს, მიხაილ შოლოხოვს, ვლადიმირ მაიაკოვსკის და სხვებს.

უკრაინის სკოლებში სწავლა პირველი სექტემბრიდან განახლდება, თუმცა მანამდე სკოლებში თავშესაფრები უნდა მოეწყოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: