მთავარი,სიახლეები

რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში

04.08.2022 • 1606
რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს?

„ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ ბარებში ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან და შეუძლიათ რუსულად ან ინგლისურად დაგელაპარაკონ.

ბათუმში უკვე რამდენიმე ასეთი ბარია, სადაც ქართულენოვანი ბარმენი ან მიმტანი საერთოდ არ ჰყავთ.

ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბარებს არ აქვთ უფლება, ქართულ ენაზე მომსახურება არ ჰქონდეთ.

დეპარტამენტში ასევე ხაზი გაუსვეს  „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“

ბათუმის მუნიციპალიტეტს, ანუ მერიას და საკრებულოს ამ დრომდე არ ჰქონია რეაგირება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევაზე. საუბარია ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ.

ბათუმის მერიაში თავდაპირველად გვითხრეს, რომ კითხვებით მუნიციპალური ინსპექციისთვის მიგვემართა. ინსპექციაში გვითხრეს, რომ ისინი ამ კუთხით რეაგირებას ვერ მოახერხებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციად არავის განუსაზღვრავს.

რატომ არ იმჩნევს მერია „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევას ბათუმში? – ბათუმის მერიამ, ასევე საკრებულოს უმრავლესობამ, დუმილი არჩია.

ამ კუთხით სამართალდარღვევაზე რეაგირების პრაქტიკა აქამდე რომელიმე მუნიციპალურ ორგანიზაციას არ ჰქონია, რადგან ბოლო პერიოდში გაჩნდა ბათუმში რუსულენოვანი ბარები. თუმცა მუნიციპალური ინსპექცია არც იმ შემთხვევებზე რეაგირებს ეფექტურად, რის პრაქტიკაც აქვს – კომპანიის დაჯარიმება სარეკლამო აბრის მხოლოდ უცხო ენაზე განთავსებისთვის. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირა ბათუმის ცენტრში, ბათუმის მუნიციპალურ ქონებაში – ცენტრალური პარკის შესასვლელში რუსულენოვანი სარეკლამო აბრაა გამოკრული.

___

მთავარი ფოტო: ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: