სიახლეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა დაიწყო

04.08.2022 • 982
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა დაიწყო

დღეს, 4 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნათია კაპანაძის საქმის პირველი სხდომა გაიმართა.  ის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, საიდანაც იმპიჩმენტის წესით გათავისუფლეს.

ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. მის ინტერესებს საია იცავს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა სირაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა და მომდევნო სხდომა 8 სექტემბერს დანიშნა. ამ სხდომაზე ის მხარეთა განმარტებებს მოისმენს და მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

მოსამართლე მომდევნოს სხდომის დანიშვნას ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ნათია კაპანაძის განცხადებით, ამ დროისთვის ტელევიზიაში ახალი დირექტორი იქნება არჩეული. შოთა სირაძემ ეს გარემოება გაითვალისწინა და მომდევნო სხდომა კონკურსის ჩატარებამდე დანიშნა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს იურისტი თამარ კეკელაშვილი აცხადებს, რომ  მათი პოზიციები სრულად დადასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოშიც ზუსტად იგივე მოლოდინები აქვს.

“იმიტომ, რომ მრჩეველთა საბჭოს პროცესები წარიმართა სრულად გამჭვირვალედ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სააპელაციო შესაგებელი დადასტურდება,” – აღნიშნავს თამარ კეკელაშვილი.

Ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ აჭარის ტეელვიზიის ყოფილი ბორდის 17-დან 12 პოზიცია არ  გაიზიარა, თუმცა გაიზიარა იმპიჩმენტის საფუძველი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს „პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“. მოსამართლემ ასევე გაიზიარა მოსაზრება რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კითქვა პროცესზე, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

ნათია კაპანაძის თქმით, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ბათუმელი  მოსამართლის,  ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო:

“მრჩეველთა საბჭომ პოლიტიკური დაკვეთა მიიღო და შეასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუმცა გასაოცარი არის ის, რომ ეს სასამართლოც კი ვერ ეთანხმება ბოლომდე ბორდის გადაწყვეტილებას. საქმის 17 გარემოებიდან 12 -ზე  თქვა, რომ ის არ წარმოადგენდა იმპიჩმენტის მიზეზს,” – აღნიშნავს კაპანაძე.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, მიმდინარე პროცესის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინი არ აქვს:

“თუმცა, როგორც უფლებადამცველი ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილში გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი.”

მისივე სიტყვებით, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო მიიტანეს მასზე იერიში და თუ სიმართლე ქვეყნის შიგნით ვერ დადგინდა, ნათია კაპანაძე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.


ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: