„ბოლო ვიყავი დარჩენილი, თეატრები ოპოზიციური აზრის მქონე სამხატვრო ხელმძღვანელებისგან გაწმინდეს, ეს წულუკიანის დიდი პოლიტიკის ნაწილია, გადაიბარა მთლიანად თეატრი პარტიამ,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია და ახლა აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის.
გიორგი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო დასაჯეს და დისკრიმინაციულად მოექცა აჭარის განათლების მინისტრი, ასევე საბჭო, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად და რეკომენდაციით მიმართა მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ახლა გიორგი ჩხაიძე სასამართლოში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს და კონკურსის ხელახლა ჩატარებას.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე 28 ივნისს დანიშნეს.
სამხატვრო ხელმძღვანელი შეცვალეს ბათუმის დრამატულ თეატრშიც, აქ ასევე, აჭარის განათლების მინისტრმა კონკურსის გარეშე დანიშნა ყოფილი პარლამენტარი და „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია.
„ვინ გაპატიებდა ეგეთ პოსტებსო, სამინისტროში მითხრა ერთმა თანამშრომელმა… ვერ გეტყვით, ვინ მითხრა,“ – გვიყვება გიორგი ჩხაიძე. ის ვერ ასახელებს პირდაპირ ან ირიბ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს, რომ მისი შეხედულებების გამო აღარ დატოვეს ის თოჯინების თეატრში, თუმცა იხსენებს მოვლენების ქრონოლოგიას, რაც, მისი აზრით, კარგად აჩვენებს, რაც მოხდა ბათუმის თოჯინების თეატრში.
„მე ვარ გიორგი საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას,“ – წერდა გიორგი ჩხაიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე 25 თებერვალს, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ და სხვა პოსტების ამსახველ სქრინებს ახლა მოსამართლე კობა გოცირიძე ნახავს, რომელმაც უნდა შეაფასოს, ჩამოაშორეს თუ არა მიზანმიმართულად თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოზიციების გამო.
„გამობრძანდით კაბინეტებიდან! იქიდან, სადაც ქართველმა ხალხმა შეგიყვანათ. იმისთვის, რომ გემსახურათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის,“ – წერდა გიორგი ჩხაიძე, მაგალითად, პირველ მარტს.
„მე ვარ ევროპელი და არა რუსი. მე არ მინდა ჩუმად ვიყო უპერსპექტივო ქვეყნის მოქალაქე, სადაც რომელიღაც პარტიას თავი ქართველი ხალხის ბატონი ჰგონია. მე მინდა მქონდეს ბილეთი ევროპულ მატარებელში“, – ესეც გიორგი ჩხაიძის ერთ-ერთი ფეისბუქპოსტია.
„ხუთჯერ გაგვიგრძელა ჩვენ მინისტრმა [იგულისხმება აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი] 2-2 თვით უფლებამოსილება, ის საჯაროდაც ამბობდა, რომ ჩვენი გუნდი დარჩებოდა თოჯინების თეატრში, შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა,“ – გვიყვება გიორგი ჩხაიძე, თუმცა კონკურსის გამოცხადებამდე [ივნისის დასაწყისი] დაახლოებით ერთი კვირით ადრე მას განცხადებაც დაუწერია თანამდებობის დატოვებაზე.
„ბათუმში იყო ჩამოსული თეატრალური საზოგადოება, შეხვედრას ესწრებოდნენ დრამატული თეატრის მსახიობებიც და თოჯინებს თეატრს საერთოდ არ გაგვაგებინეს, ამაზე მქონდა პროტესტი. მაშინ მინისტრის მოადგილემ, კაკო ძნელაძემ მითხრა, ოთახში არ იყო ადგილი, შენ ჩვენ არ გვემეგობრებიო… ეს ფრაზა მითხრა პირდაპირ. მე განცხადება დავწერე წასვლაზე. მინისტრმა შემდეგ გადამარწმუნა და დავრჩი.
დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდა კონკურსი და მინისტრს არ დაუმალავს ჩემთან საუბრის დროს, რომ ეს ფორმალური კონკურსი იყო. მითხრა, რომ ირაკლი კიკვაძე გახდებოდა სამხატვრო ხელმძღვანელი,“ – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.
თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ერთ სატელეფონო გზავნილზეც, რაც მას მინისტრისთვის მიუწერია:
„ვერ გაჩვენებთ, პირადი ხასიათის ინფორმაციაა, მაგრამ იქ ვწერ, რომ თუ ჩემი ფეისბუქპოსტების გამო ცვლით ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას, ვიქნებით თქვენი პარტიის ერთგულები, რადგან გვინდა, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე… როცა მეორე დღეს მინისტრს შევხვდი, მან მითხრა ეს ფრაზა: ეს კომუნიკაცია ადრე რომ შემდგარიყო, სხვა რეალობა იქნებოდა ახლაო,“ – აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებთან“.
„ეს საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება, რადგან საბჭოს რეგლამენტით „საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 4 წევრი“, – გვითხრა მეგი ბაკურიძემ. ის ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტია და სასამართლოში გიორგი ჩხაიძის ინტერესებს დაიცავს.
„საბჭოში სულ ხუთი წევრია, ერთი წევრი – ნიკოლოზ წულუკიძე სხდომას არ ესწრებოდა, მეორე წევრმა – ნერონ აბულაძემ თვითაცილება გააკეთა, ის გიორგი ჩხაიძის მიერ იყო გათავისუფლებული. საბჭოს სამმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება: ლაშა ჩხარტიშვილმა, გიორგი ყაჯრიშვილმა და ნათია დოჭვირმა. გიორგი ჩხაიძე ითხოვდა ლაშა ჩხარტიშვილის აცილებასაც, რადგან მისი ცოლი – მედეა ჩარკვიანი წლების წინ, გიორგი ჩხაიძის დანიშვნამდე, იყო თეატრის მმართველი და ის გიორგიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ლაშა ჩხარტიშვილის აცილებაზე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე კანონდარღვევა იყო,“ – დასძინა მეგი ბაკურიძემ.
ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. გიორგი ჩხაიძე აზუსტებს, რომ მისი დანიშვნის დროს მის წინა სამხატვრო ხელმძღვანელს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, დირექტორსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ხოლო ხელახლა დირექტორის პოზიციაზე მედეა ჩარკვიანის კანდიდატურა მას აღარ წარუდგენია.
კიდევ ერთი დეტალი, რაც აჩენს კითხვას კონკურსის ფორმალობაზე: მას შემდეგ, რაც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია საბჭომ, საბჭოს წევრის – ლაშა ჩხარტიშვილის ცოლი, მედეა ჩარკვიანი, ბათუმის ნობელების მუზეუმის დირექტორად დანიშნეს.
„ირაკლი კიკვაძის დანიშვნიდან სამ თუ ოთხ დღეში მოხდა ეს და ეს კითხვა, ბუნებრივია, გაჩნდა. მე ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ შესაძლებელია ასე მოხდა,“ – აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებთან“.
კომენტარზე უარი განაცხადა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.
რა ადასტურებს იმას, რომ კონკურსის ჩასატარებლად შექმნილი სარეკომენდაციო საბჭო დისკრიმინაციულად მიუდგა გიორგი ჩხაიძეს მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო?
„საბჭომ არ იხელმძღვანელა საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პრინციპით, რაც ზოგადად ნებისმიერი კონკურსის პრინციპია და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტისთვის შეარჩია კანდიდატი, რომელიც კინორეჟისორია, თეატრის მიმართულებით მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“, – ამბობს იურისტი მეგი ბაკურიძე.
„სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე,“ – გვიპასუხეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში. აქ კომენტარზე უარი განაცხადეს.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა იურისტი მეგი ბაკურიძე და თავისი კომენტარი დააზუსტა: „გიორგი ჩხაიძე ითხოვდა ლაშა ჩხარტიშვილის აცილებასაც, რადგან მისი ცოლი – მედეა ჩარკვიანი წლების წინ, გიორგი ჩხაიძის დანიშვნამდე, იყო თეატრის დირექტორი. ჩარკვიანის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ თეატრის დირექტორობის პოზიციაზე მინისტრთან ის არ წარადგინა, რის გამოც მათ შორის იყო არაჯანსაღი დამოკიდებულება,“ – გვითხრა მეგი ბაკურიძემ.
_____________
მთავარ ფოტოზე: გიორგი ჩხაიძე. ფოტო: facebook