ნათია კაპანაძეს აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს


“მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა იმპიჩმენტის უფლება, მაგრამ ეს არაა ბერკეტი, რომ მან თვითნებობა ჩაიდინოს,” – აცხადებს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. დღეს, 30 აპრილს, აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს სასამართლოში ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს.

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. 25 აპრილს აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სარჩელში, რომელიც ნათია კაპანაძეს სასამართლოში შეაქვს, მთავარი აქცენტი გარე აუდიტის დასკვნებზეა გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ტელევიზიაში ფინანსური ხასიათის დარღვევები არ დაფიქსირებულა.

“გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას,” – აღნიშნულია სარჩელში. ამ არგუმენტის  დასტურად მოსარჩელეები მიუთითებენ იმას, რომ აუდიტის დასკვნა ბორდმა იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე.

სარჩელში მითითებულია პროცედურული დარღვევებიც – მაგალითად, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება ბორდს ღია კენჭისყრით უნდა მიეღო და არა ფარულით.

ნათია კაპანაძე სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერაბას ითხოვს.

სასამართლომ კონკურსი შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს.

“მე დავამტკიცებ სიმართლეს, რომ ვმუშაობდი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის სრული დაცვით… მრჩეველთა საბჭომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება,” – აღნიშნა დღეს საია-ს ბათუმის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია კაპანაძემ.

“მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს,” – აცხადებს სულხან სალაძე, საია-ს ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოა ერთადერთი ორგანო, სადაც  უნდა დადასტურდეს ის, რომ “ბორდმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო”.

სულხან სალაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა შესაძლო პოლიტიკურ გავლენებზეც, რასაც გადაღების პროცესში მყოფი “აჭარის ტელევიზიის” ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის პროტესტი მოჰყვა.

“თქვენ არ დაინტერესებულხართ ჩვენი პრობლემებით იმ დღეს, ისე აგვიარეთ გვერდი… ახლა კი საუბრობთ, რომ თურმე პროცესი მართული იყო,” – თქვა ლაშა ჯოყილაძემ. სულხან სალაძემ მას უთხრა, რომ როცა ოპერატორების პროტესტი იმპიჩმენტის გამოცხადებასთან ერთად შეწყდა, “ეს კითხვის ნიშნებს აჩენს”.

“სასამართლოში პუნქტობრივად გაქარწყლდება თითოეული “ბრალდება”, რაზეც მრჩეველთა საბჭო მიუთითებდა,” – დასძინა დღევანდელ პრესკონფერენციაზე იურისტმა ანნა მდინარაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი