მთავარი,სიახლეები

„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

23.07.2022 • 2128
„მეეჭვება, ნუკრი ქანთარიამ მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი ჩაუშვას“ – ინტერვიუ ბათუმელ მსახიობთან

„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს მოლოდინი აქვს მსახიობ ოთარ ქათამაძეს, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ამჯერად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პარლამენტარი იქნება. მსახიობს უმყარდება შეხედულება, რომ „სრულიად კულტურაში მყარდება კონტროლი“.

კონკურსის გარეშე ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნუკრი ქანთარია გუშინ, 22 ივლისს დანიშნეს. ის პროფესიით რეჟისორია, თუმცა უფრო ცნობილია პოლიტიკური აქტივობით – კონკრეტულად კი, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან მყარი კავშირით და სახელისუფლებო გზავნილების გახმოვანებით. ნუკრი ქანთარია 2012 წლიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ნუკრი ქანთარიამ დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. გუშინ ის თეატრის მსახიობებს შეხვდა – ისინი მანამდე წერილობით ითხოვდნენ წინა სამხატვრო ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის სამხატვრო ხელმძღვანელად დატოვებას.

რატომ დააიგნორეს მსახიობებისა და რეჟისორების მოთხოვნა, რომლებმაც ჩუმად, მაგრამ მაინც თქვეს, რომ პირდაპირ „ოცნებიდან“ დანიშნული რეჟისორი არ სურდათ სამხატვრო ხელმძღვანელად? – „ბათუმელები“ მსახიობ ოთარ ქათამაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ოთარ, მოგვიყევით, რა წერილით მიმართეთ მინისტრს და რას ითხოვდა თეატრალური დასი? 

ჩვენ ვიცოდით, რომ სამხატვრო ხელმძღვანელად რჩებოდა ანდრო ენუქიძე, მაგრამ უცებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიშნავდნენ ნუკრი ქანთარიას. დასის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანდრო ენუქიძის დატოვებას, რადგან რაღაც პროცესები დაწყებულია, გვსურდა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა მისი ხელმძღვანელობით. რამდენიმეს გამოკლებით ყველამ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც გავუგზავნეთ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს. ეს წერილი დაიწერა ივლისის დასაწყისში, ან უფრო ადრე.

ამ წერილში არ იყო საუბარი ნუკრი ქანთარიას შესახებ, რადგან ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებდა.

იყო მინისტრთან შეხვედრებიც, თუმცა მე ამ შეხვედრებს არ დავსწრებივარ, არ მეცალა. იყო ასევე მოთხოვნაც, რომ შეხვედროდნენ თორნიკე რიჟვაძეს. საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა – დანიშნეს კონკურსის გარეშე ნუკრი ქანთარია.

საინტერესოა ისიც, რომ გუშინ, შეხვედრაზე, როცა მსახიობებს და დასს შეგვახვედრეს ნუკრი ქანთარია, მინისტრმა თქვა, რომ დასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა.

  • რატომ არ ჩათვალეთ მსახიობებმა საჭიროდ, რომ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა ამ პროცესის შესახებ? 

დასის უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ ჩართეს ამ პროცესში ჟურნალისტები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართეს. გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ.

  • გქონდათ მოლოდინი, რომ აჭარის კულტურის მინისტრი იღებს რეალურად ამ ტიპის გადაწყვეტილებებს? 

აზრი ორად გაიყო: ვიღაც თვლიდა, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ხოლო ვიღაცას ჰქონდა და ახლაც აქვს მოლოდინი. მე არ მქონია მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, რადგან ვატყობ, რომ ეს მხოლოდ მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილება არ არის.

ჩემი პირადი შიში ეფუძნება იმას, რომ ნუკრი ქანთარია ასოცირდება პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის არის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და რაღაცნაირად ვერ წარმოვიდგენ, ვერ ვაკავშირებ მის მოღვაწეობას ჩვენს თეატრში თავისუფალ მუშაობასთან. მე მგონია, რომ ცენზორი გვეყოლება თეატრში.

  • რა გაფიქრებინებთ ამას? 

გუშინდელ შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიამ გვითხრა, რომ არავითარი ცენზურა არ იქნება. მან თქვა, რომ დაიდგმება 4 ახალი სპექტაკლი დიდ სცენაზე და მცირე სცენაზე კიდევ სხვა სპექტაკლები. მისივე თქმით, კონკრეტულ პროგრამაზე ცალ-ცალკე დაგველაპარაკება, თუმცა მე არ ვიცი, მაგალითად, ბოლოს როდის დადგა სპექტაკლი ნუკრი ქანთარიამ. ვიცი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არის პედაგოგი, მისი დადგმული სპექტაკლები კი, მე არ მინახავს.

როგორც ვიცი, მას აქვს სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ეს იყო წინა საუკუნეში. ფართოდ გავაღებთ კარს რეჟისორებისთვის, აქ ჩამოვლენ რეჟისორები და დადგამენ სპექტაკლებსო, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაზე მას ერთმა მსახიობმა უთხრა კიდეც, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება და ეს რამდენად შეგვიშლის ხელს, მაგალითად, ვინმეს რომ მოუნდეს „ტარტიუფის“, ან „ყვარყვარე თუთაბერის“ მსგავსი სპექტაკლი დადგას, რაც ხელისუფლების წინააღმდეგობის ხატებად არის ქცეული?

ნუკრი ქანთარიამ გვიპასუხა, რომ ერთია მისი პოლიტიკური ცხოვრება და მეორეა შემოქმედება – ის არავის აუკრძალავს არაფრის დადგმას. ამის დაჯერება რთულია, რადგან დღევანდელ სიტუაციაში არამარტო თეატრებში, სრულიად ხელოვნებაში, კულტურაში რაღაცნაირად მყარდება კონტროლი. „ოცნება“ ცდილობს, ყველგან გაიყვანოს თავისი კადრი და შეიქმნას სისტემა, რომელიც კონტროლდება.

  • წინა სამხატვრო ხელმძღვანელი რა პრობლემას უქმნიდა ხელისუფლებას ამ კონტროლის კუთხით? 

ანდრო ენუქიძე აბსოლუტურად არ უპირისპირდებოდა მათ, ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს ასე.

  • თქვენ მონაწილეობდით თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, სადაც წინა ხელმძღვანელმა პირდაპირ კონკურსამდე თქვა, ვინც იქნებოდა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. თქვენთვის რა გამოჩნდა ამ კონკურსში მონაწილეობით? 

ვიცოდი, რომ თოჯინების თეატრშიც უკონკურსოდ დანიშნავდნენ ირაკლი კიკვაძეს, მაგრამ რადგან კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. დავრწმუნდი, რომ ეს იყო ფორმალური კონკურსი – მეორე ეტაპზე გადავედით მე, გიორგი ჩხაიძე [თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი] და ირაკლი კიკვაძე [ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი]. გასაუბრების შემდეგ ვკითხე კომისიის წევრებს, თუ რომელი კრიტერიუმის მიხედვით გადავიდა მეორე ეტაპზე ირაკლი კიკვაძე? კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს პროფესიით მსახიობი, რეჟისორი, ან მინიმუმ 7 წელი მუშაობდეს თეატრში, უფრო საზოგადო მოღვაწე იყოს, ასე გამოდის. მიპასუხეს, რომ ირაკლი კიკვაძე შეარჩიეს მეორე კრიტერიუმით, ანუ რეჟისორია, მაგრამ ირაკლი კიკვაძე კინორეჟისორია, კანონი კი არის „პროფესიული თეატრების შესახებ“. ეს იგივეა, სტომატოლოგს ჩაატარებინო კუჭის ოპერაცია იმიტომ, რომ ისიც ექიმია.

წარმოიდგინეთ, ამას, ანუ თეატრის ანა-ბანას ვუხსნიდი თეატრმცოდნეებს – გოგი ყაჯრიშვილს და ლაშა ჩხარტიშვილს.

  • ოჯინების თეატრის შემთხვევაშიც არსებობდა კონტროლის ინტერესი? 

მნიშვნელოვანია საერთო სურათი, რომელშიც ვართ: როგორ ათავისუფლებენ მუზეუმების თანამშრომლებს, ირჩევენ თუ ნიშნავენ სამხატვრო ხელმძღვანელებს… პარტიისთვის სასურველი ადამიანებს ნიშნავენ წამყვან თანამდებობებზე. ვერ დავიჯერებ, რომ თეატრებში ესენი შეძლებენ კონტროლს. ვფიქრობ, რომ უმეტესობა მსახიობებისა ვერ შეეგუება მარწუხებს და არ მიიღებენ ამას.

თუმცა ყველას აქვს შეგრძნება, რომ შეფარვით აღარ ხდება არაფერი, გახსნილია უკვე ყველაფერი. ნუკრი ქანთარია ხომ პირდაპირ მხარდამჭერია „ქართული ოცნების“ და ამას არც მალავს? ის პირადად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო ორჯერ, ბოლოს კულტურის სამინისტროში მუშაობდა, მთავრობის წევრია ფაქტობრივად… მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას.

  • გუშინდელი შეხვედრის შემდეგაც მსახიობების უმრავლესობა ისევ დუმილს ირჩევს, რატომ? 

არ ვიცი, მოლოდინი უფრო აქვთ, ვიდრე ის, რომ რაღაც მოქმედებაზე გადავიდეთ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დავაკვირდებით. ბოლომდე ვეცდებით, რომ ხელოვნება იყოს თავისუფალი და არ იყოს ჩარევა. შესაძლოა, ამის გამო გაათავისუფლონ კიდეც ვიღაც თეატრიდან.

____

მთავარი ფოტო: მსახიობი ოთარ ქათამაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: