მთავარი,სიახლეები

პუტინის მილიარდერი მეგობარი ხერსონში ხიდის აღდგენაზე უარს ამბობს

04.08.2022
პუტინის მილიარდერი მეგობარი ხერსონში ხიდის აღდგენაზე უარს ამბობს

მილიარდერ არკადი როტენბერგის არცერთ კომპანიას არ მიუღია შეთავაზება და არ აპირებს ხერსონში, ანტონოვსკის ხიდის აღდგენაში მონაწილეობას – უთხრა რუსულ გამოცემა РБК-ს ბიზნესმენის წარმომადგენელმა.

მანამდე, რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებდა, რომ დაზიანებულ ხიდს იმ კომპანიის სპეციალისტები აღადგენენ, რომელმაც ყირიმის ხიდი ააშენა.

„ჩვენ ვიპოვეთ ბაზაც და ხალხიც, ვისაც ეს საქმე ესმის. ჩვენ გავგზავნეთ ქვეყნის საუკეთესო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი და რთული კონსტრუქციის ხიდი აქვს აშენებული. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ჩვენი ყირიმის ხიდი ააშენა“, – უთხრა ხუსნულინმა ჟურნალისტებს.

ყირიმის ხიდის მშენებლობა სახელმწიფომ თავის დროზე როტენბერგის „სტროიგაზმონტაჟს“ ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით, ბიზნესმენმა ახალი კომპანია „СГМ-მოსტი“ შექმნა, „სტროიგაზმონტაჟი“ კი „გაზპრომს“ მიჰყიდა.

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული არკადი როტენბერგი Forbse-ის სიაში 1.7 მილიარდი დოლარით 53 ადგილზეა. ის სანქცირებულ ბიზნესმენთა რამდენიმე სიაშიცაა – 2014 წელს მას სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, 2018 წელს – უკრაინამ, 2022 წლის მარტში კი ისევ აშშ-მა.

ყირიმის ხიდის მშენებლობის გამო როტენბერგს რუსეთის „შრომის გმირის“ სტატუსი მიენიჭა.

ანტონოვსკის ხიდი – დნეპრზე გამავალი ერთადერთი საავტომობილო ხიდია ხერსონში. ის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქ ოლეშკისთან აკავშირებს. ხიდის საერთო სიგრძე დაახლოებით 1,4 კილომეტრია, სიგანე კი 25 მეტრი.

19 და 20 ივლისს ხიდს უკრაინის არმიამ „ჰაიმარსით“ დაარტყა. დაზიანების გამო საოკუპაციო ძალებმა ხიდი სატვირთო ტრანსპორტისთვის დაკეტეს, ერთი კვირის შემდეგ, უკრაინელთა მორიგი დარტყმის შემდეგ კი, ანტონოვსკის ხიდი მთლიანად უმოქმედო გახდა.

მთავარი ფოტო: არკადი როტენბერდი და ვლადიმერ პუტინი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: