მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთს დაარტყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

03.08.2022
უკრაინელებმა რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთს დაარტყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა.

„რუსეთის ძალები, ალბათ, რამდენიმე დღეში შეაკეთებენ რკინიგზის დაზიანებულ მონაკვეთს, თუმცა ის მაინც სუსტ წერტილად დარჩება რუსეთის ძალებისთვის და მათი ლოგისტიკისთვის,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 3 აგვისტოს რელიზში.

უწყების ცნობით, ბორანი, რომელიც რუსეთის არმიამ დნეპრზე ანტონოვსკის ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყო, მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა რუსეთი მას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო მასალების გადასატანადაც იყენებს.

„სავარაუდოდ, გაიზრდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ხერსონისა და მიმდებარე ტერიტორიების დატოვებას ეცდება, რადგან გრძელდება სამხედრო მოქმედებები და მწვავდება სასურსათო კრიზისი. ეს უკვე არსებულ გზებზე დატვირთვას და რუსეთის მხრიდან გადაადგილების კონტროლსაც გააძლიერებს,“ – მიუთითებს დაზვერვა.

ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ბრილოვკასთან, დაარტყეს ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ რუსულ ეშელონს, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა და რომელშიც რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, „ჰაიმარსის” უზუსტესმა დარტყმამ გაანადგურა მატარებლის 40 ვაგონი. ეშელონს ყირიმიდან მოჰყავდა ცოცხალი ძალა და მოჰქონდა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები. დაიღუპა 80 და დაიჭრა 300-მდე რუსი სამხედრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: