მთავარი,სიახლეები

კადიროვი პუტინს სთხოვს კიევის აღების უფლება მისცეს

22.07.2022 • 14996
კადიროვი პუტინს სთხოვს კიევის აღების უფლება მისცეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვლადიმერ პუტინს სთხოვს, კიევის აღების უფლება მისცეს.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და შევასრულებთ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს, მოგვცეს ნება, ავიღოთ კიევი და შემდეგ გადავიდეთ სხვა, რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, რომლებიც ცდილობენ ჩვენ მოგვახრჩონ და გაგვანადგურონ ეკონომიკურად.

რა მნიშვნელობა აქვს ომით დაგვხოცავენ თუ ეკონომიკით. მათ უნდათ, რომ დაგვაჩოქონ, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება“, – ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მსგავსი მიმართვა მარტშიც გაავრცელა. მაშინ მან ვლადიმერ პუტინს სთხოვა, გაეცა კიევის, ხარკოვისა და სხვა უკრაინული ქალაქების აღების ბრძანება.

„მიეცით ჩვენს მებრძოლებს ბრძანება, რომ აიღონ ხარკოვი, კიევი და ყველა უკრაინული ქალაქი სწრაფად, ზუსტად და ხარისხიანად“, – თქვა მაშინ კადიროვმა.

კადიროვი ერთადერთი არაა, ვინც პუტინისგან ამგვარ ბრძანებას ითხოვს. ივლისის დასაწყისში, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მისი რაზმის ერთ-ერთი წევრი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ამის უფლებას მისცემს, ისინი ბერლინამდეც ჩავლენ, მანამდე კი ნიკოლაევს, ხერსონსა და ოდესას აიღებენ.

„ნიკოლავესკიც, ხირსონიც და ოდესაც. ვიდრე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი არ გაგვაჩერებს, ბერლინამდეც ჩავალთ. გავიმარჯვებთ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ“, – ეუბნება კადიროველი ჟურნალისტებს.

კადიროვისა და მისი რაზმის წევრების ვიდეოები სოციალურ მედიაში მუდმივად განხილვის თემაა. მომხმარებლები, ტელეგრამ არხებში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით არკვევდნენ, სინამდვილეში სად იმყოფებოდა რამზან კადიროვი, რომელიც 14 მარტს უკრაინის ხელისუფლებას დანებებისკენ მოუწოდებდა და ამტკიცებდა, რომ კიევში იმყოფებოდა. 15 მარტს აღმოჩნდა, რომ „უკრაინაში მყოფი“ კადიროვი, სინამდვილეში ჩეჩნეთში იყო.

კადიროვი არა, მაგრამ მისი რაზმის წევრები რომ უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლსა და ლუგანსკში იბრძოდნენ, ამაზე არაერთი ცნობა გავრცელდა.

ჯერ კიდევ მაისში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს რამზან კადიროვის ნათესავი, ადამ დელიმხანოვი მეთაურობდა.

ივნისის ბოლოს კი უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ სევეროდენცკისთვის ბრძოლებში რაზმ „ახმადის“ 28 მებრძოლი მოკლეს, 47 კი დაიჭრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: