მთავარი,სიახლეები

4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა

03.08.2022
4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ – სებ-მა ვადა შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15 აგვისტოდან იცვლება ფიზიკური პირების დაკრედიტების პირობები. კერძოდ, სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია.

„რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტებით ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“ – ეს განცხადება კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის მერე გააკეთა.

მისივე თქმით, 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, შეჩერდა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები. ასევე, ამან ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

„მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გავლენის გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, „მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“.

ახალი ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. ერთი წლის შემდეგ კი დღევანდელი გადაწყვეტილება გადაიხედება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: