მთავარი,სიახლეები

რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

02.08.2022
რუსეთმა აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთში აიკრძალა.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ლიდერებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, რიგითი მონაწილეებისთვის – ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

აზოვის დანაყოფი 2014 წლის მაისში შეიქმნა მარიუპოლში, 70 მოხალისის მიერ. იმავე წლის სექტემბერში აზოვის დანაყოფი პოლკად იქცა, ხოლო ნოემბერში უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა. იმ დროისთვის „აზოვის“ შემადგენლობაში დაახლოებით 800 ადამიანი იყო.

„აზოვის“ მებრძოლები დაახლოებით ორი თვე იცავდნენ „აზოვსტალის“ ქარხანას მარიუპოლში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ისინი მაისში ტყვედ ჩაბარდნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანების თანახმად.

„აზოვსტალის“ დამცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ ქარხანა დატოვეს. მათი ნაწილი ოლენოვკაში, კოლონიაში, ნაწილი კი კლინიკაში მოათავსეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2 500-მდე სამხედრო იმყოფებოდა.

8 ივნისს უკრაინული მედია წერდა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების ნაწილი, დაახლოებით 1000-მდე ტყვე, რუსეთში გადაიყვანეს.

ივნისის ბოლოს უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათ შორის, 95 „აზოველი“.

ამავე თემაზე: 

ოლენოვკაში დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში „აზოვის“ მეთაურები არ არიან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: