მთავარი,სიახლეები

რუსეთის არმიამ 500 ათას ტონამდე მარცვლეული მოიპარა – უკრაინის ხელისუფლება

10.05.2022 • 1314
რუსეთის არმიამ 500 ათას ტონამდე მარცვლეული მოიპარა – უკრაინის ხელისუფლება

რუსეთის არმიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყირიმის მიმართულებით 400-500 ათასი ტონა მარცვლეული გაიტანა – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარცვლეული ორგანიზებულად გააქვთ. ეს უდიდესი ბიზნესია, რომელსაც მაღალი რანგის ხალხი მართავს: აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სამხედროები და სხვადასხვა ტიპის აფერისტები, რომლებისთვისაც ასეთი ბიზნესი ცხოვრების წესია“, – განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა, ნიკოლაი სოლსკიმ.

მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში ნამდვილად არის ხორბლის დეფიციტი, თუმცა რუს სამხედროებს მოპარული მარცვლეული იქიდანაც გააქვთ.

„ჩვენი აზრით, მარცვლეულით დატვირთულ ყველა გემს, რომელიც სევასტოპოლიდან გადის, მოპარული ტვირთი გადააქვს. სხვაგვარად, არანაირი ლოგისტიკური ახსნა არ აქვს იმას, რომ რუსეთის კონტინენტური ნაწილიდან გაიტანონ მარცვლეული სევასტოპოლის გავლით, როდესაც ამის გაკეთება უახლოესი რუსული პორტებიდან შეუძლიათ“, – აღნიშნავს სოლსკი.

მინისტრის განცხადებით, პროკურატურა ყველა მსგავს ფაქტს აღრიცხავს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მუშაობს, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორების დახმარებით, მოპარული მარცვლეული დააკავონ და კონფისკაცია მოახდინონ.

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინიდან არა მხოლოდ ხორბალი და სხვა მარცვლეული, არამედ სოფლის მეურნეობის ტექნიკაც გააქვთ.

უკრაინის პრემიერმა, გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველდღიურად 170 მილიონ დოლარს კარგავს საზღვაო პორტების ბლოკირების გამო. მისი თქმით, ამჟამად, უკრაინის საზღვაო პორტებში, რუს სამხედროებს გაჩერებული ჰყავთ დაახლოებით 70 ხომალდი, მათგან 10  – ოდესის პორტში.

„ბლოკირებულია 90 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელსაც უკრაინა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში გზავნიდა. ნაწილის გატანა მოვახერხეთ ავტოტრანსპორტითა და რკინიგზით, დანარჩენი კი რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

დენის შმიგალის თქმით, პორტების ბლოკირებამ და მარაგების განადგურებამ შესაძლოა მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: