ინფლაციის საშუალო დონე საქართველოში გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული რეგულარულად იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,5% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, აქ ფასები 16.4 პროცენტით არის გაზრდილი.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16.4 პროცენტით ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29.3 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 %), ზეთი და ცხიმი (17.5 %), რძე, ყველი და კვერცხი (16.9 %), თევზეული (14.9 %), ხილი და ყურძენი (13.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 %).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 %-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 %-იანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 %), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 %).
რაც შეეხება ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელს, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფი (+2.4 %) – ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (+2.8 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (+2.7 %). ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.2 %).
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა 5.7 %-ით.
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – ფასები მომატებულია 2.0 %-ით. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.6 %), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 %) და მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (1.3 %).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 %-ით. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 %), ხილი და ყურძენი (-9.4 %), თევზეული (-1.6 %).
ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 %), ზეთი და ცხიმი (2.4 %), პური და
პურპროდუქტები (2.0 %).