“მიხარია, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ არსებობს. გვიან, მაგრამ მაინც უკვე სასამართლოს კედლებში ვიმსჯელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის შესახებ,” – მიმართა ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, რომელმაც დღეს, 25 მაისს, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყო.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო 2016 წლიდან. იგი 2019 წლის აპრილში იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. ნათია კაპანაძემ 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს.
დღევანდელ პროცესზე ნათია კაპანაძის უფლებადამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებების საქმისთვის დართვის გარდა მოწმეებისა და სპეციალისტის დაბარება ითხოვეს, მათ შორისაა, მაგალითად, რეიტინგების მთვლელი კომპანია.
“ის დაადასტურებს იმას, რომ ეს კომპანია არ ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს: რამ გამოიწვია ეს კლება, რასთან იყო ეს დაკავშირებული. მან დადო მხოლოდ ციფრები… რეიტინგების კლება კი, იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდობლობის გამოცხადების დროს,” – უთხრა მოსამართლეს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.
ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭომ დასაბუთების და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, ამ იმპიჩმენტის მიზანი რეალურად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.
ნათია კაპანაძემ დღევანდელ პროცესზე ასევე მოითხოვა მოწმის სახით მრჩეველთა საბჭოს წინა ხელმძღვანელის – ნატა იმედაიშვილის და ყოფილი მრჩევლის, ბეჟან გობაძის დაბარება, ვისაც იმპიჩმენტის დროს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
“მრჩეველთა საბჭოს წევრი არაა ვალდებული თავის გადაწყვეტილებებზე მოსაზრება დააფიქსიროს,” – აღნიშნა აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველმა, თამარ კეკელაშვილმა.
“რას იტყვის, არ გამომიკვლევია და ისე მოვაწერე ხელიო? არა მგონია, ეს თქვას” – კოლეგას მხარი დაუჭირა აჭარის ტელევიზიის მეორე იურისტმა, ნინო უტიაშვილმაც.
დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა მოწმის სახით გია ქარცივაძის დაკითხვა. იგი ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს ტელევიზიაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა მტკიცებულებების დართვაზე, ასევე მოწმეების დაბარებაზე. მან მხოლოდ გია ქარცივაძის მოწმის სახით დაბარების საკითხის გადაწყვეტა გადადო შემდეგი სხდომისთვის.
მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, რაც დღევანდელ სხდომაზე ნათია კაპანაძემ წარმოადგინა, შეეხება რეიტინგის საკითხს, ასევე ორ შესყიდვას, რაც თავის დროზე მრჩეველთა საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია. ნათია კაპანაძე განმარტავს, რომ რეიტინგს მართლაც ითვლიდა ერთი კომპანია, ხოლო მეორესთან პირდაპირი შესყიდვის ხეკშეკრულება იმიტომ გააფორმა, რომ “მეტი დეტალური ინფორმაცია მიეღო”.
რაც შეეხება რეიტინგს, ნათია კაპანაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მისთვის მთავარი იყო სამაუწყებლო ბადის გამრავალფეროვნება, პრიორიტეტების შესრულება და საზოგადიებრივი მაუწყებლის იდეის გაძლიერება და არა რეიტინგი.
“ბუნებრივია, ფილმს ჰქონდა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე მის ნაცვლად გასულ ახალ გადაცემას,” – დასძინა ნათია კაპანაძემ.
მოსამართლეს დაცვის მხარემ მიაწოდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ბოლო წლების ანგარიშებიც, როცა ნათია კაპანაძე აღარ იყო დირექტორი.
“ამ ანგარიშებით ჩანს, რომ შეუსრულებელია ისევ ზოგიერთი პრიორიტეტი და არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარება დროის გარკვეულ მონაკვეთში ვერ ხერხდება და ამას აქვს დასაბუთება… რეიტინგები კი, ნათია კაპანაძის დირექტორობის შემდეგ არ უკვლევიათ,” – განმარტა “ბათუმელებთან” საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.
შემდეგ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.