მთავარი,სიახლეები

რუსეთს უკრაინიდან არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ მზესუმზირაც გააქვს – BBC

28.07.2022 • 1029
რუსეთს უკრაინიდან არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ მზესუმზირაც გააქვს – BBC

რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა მხოლოდ ხორბალი, არამედ მზესუმზირაც გააქვს. 2021 წელს ორივე ქვეყანა, რუსეთი და უკრაინა, მზესუმზირას ზეთის ექსპორტის მსოფლიო ლიდერები იყვნენ, მაგრამ ახლა უკრაინული მზესუმზირასგან ზეთს რუსეთში ამზადებენ. სტატიას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია აქვეყნებს.

ივლისის დასაწყისში, ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის მიერ დანიშნულ ჩინოვნიკი ადგილობრივ, უკრაინელ ფერმერებს შეხვდა. ფერმერების წინაშე რუსეთის წარმომადგენელი, ანდრეი სიგუტა გამოვიდა, რომელიც ომამდე მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი, პრორუსული, „ოპოზიციური პლატფორმის“ წარმომადგენელი იყო, ახლა კი უკრაინის პროკურატურა მას ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და კოლაბორაციონიზმში.

„ჩვენ შევქმენით „მარცვლეულის სახელმწიფო კომპანია“, რომელმაც ამ დროისთვის შემოიღო მარცვლეულის საორიენტაციო ფასები და მომავალში შემოიღებს ფასებს ზეთოვან პროდუქციაზეც“, – თქვა სიგუტამ. რომელმა სახელმწიფომ შექმნა “მარცვლეულის კომპანია”, რომელიც ადგენს სარეკომენდაციო ფასებს, მან არ დააკონკრეტა.

„ბიბისი“ წერს, რომ მისი გამოსვლის ვიდეო ადგილობრივ პრორუსულ საზოგადოებაში გავრცელდა. ვიდეოში ფერმერების რეაქცია არ არის, ისინი მხოლოდ რამდენიმე წამით აჩვენეს. კადრში ისინი დაძაბული და დაღლილი უმზერენ სიგუტას, რომლის უკან, სცენაზე არის უკრაინის სოფლის მეურნეობის ორი მთავარი სიმბოლო, რომლითაც ქვეყანა ცნობილია მთელ მსოფლიოში: ხორბლის თავთავებისა და მზესუმზირას თაიგული.

გაზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ბრალს დებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატანაში და ამას მაროდიორობას უწოდებს. თუმცა, როგორც „ბიბისიმ“ გაარკვია, რუსეთს უკრაინიდან გააქვს არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ მზესუმზირაც.

ომამდე ეს ქვეყნები მთავარი მეტოქეები იყვნენ მსოფლიოში მზესუმზირას ზეთის ექსპორტის ლიდერობისთვის არაფორმალურ ბრძოლაში. მაგალითად, 2021 წელს უკრაინამ საზღვარგარეთ გაყიდა 5,1 მილიონი ტონა ზეთი (წარმოებული მოცულობის 85%), ხოლო რუსეთმა – 3,1 მილიონი ტონა.

ახლა უკრაინული მზესუმზირასგან ზეთს რუსეთში ამზადებენ.

უკრაინული მზესუმზირა გააქვთ არა მხოლოდ უკრაინის სამხრეთის რეგიონებიდან, არამედ ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდანაც.

„იმ პირობებს, რომლითაც უკრაინელი ფერმერები იძულებულნი არიან გაყიდონ მოსავალი, საბაზრო პირობებს ვერ ვუწოდებთ“ – წერს „ბიბისი“.

რედაქცია ანონიმურობის დაცვით ესაუბრა ფერმერს ზაპოროჟიიდან, რომელიც ამბობს, რომ 1200 ტონა მზესუმზირა და 860 ტონა ხორბალი ჰქონდა, მაგრამ ოკუპანტებმა გაძარცვეს.

მისი თქმით, მაისის ბოლოს მასთან, საწარმოში მოდიოდნენ რუსი სამხედროები და მოსავალი გაჰქონდათ.

სატვირთო მანქანებს, რომელზეც მზესუმზირასა და ხორბალს ტვირთავდნენ, ანექსირებული ყირიმის ნომრები ჰქონდა. ფერმერის გათვლებით, გატანილი პროდუქციის საერთო ღირებულება 23 მლნ გრივნაა. მან დაახლოებით 1,8 მლნ დოლარის ღირებულების ტექნიკაც დაკარგა.

თუ ფერმერს არ სურს თანამშრომლობა საოკუპაციო ხელისუფლებასთან, მაშინ მას მზესუმზირასა და სხვა მარცვლეულს უბრალოდ ართმევენ – ამას ადასტურებს ზაპოროჟიის რეგიონის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვალერია მატვიენკო, რომელმაც უკვე დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები.

მან „ბიბისის“ უამბო, რომ ბევრ უკრაინელ ფერმერს არ სურდა დარეგისტრირება რუსეთის მიერ შექმნილ „მარცვლეულის სახელმწიფო კომპანიაში“ და მზესუმზირას საწყობში ინახავდნენ:

„აი, რა ხდებოდა შემდეგ: თუ მსხვილი საწარმო არ რეგისტრირდებოდა, მას ართმევდნენ ყველაფერს. შედიოდნენ საწყობებში, ტვირთავდნენ ყველაფერს და გაჰქონდათ. მიჰქონდათ ტექნიკაც. არავითარ თანხას არ სთავაზობდნენ. უბრალოდ მიჰქონდათ ყველაფერი. მიჰქონდათ წერილი – „თქვენი საწარმო ნაციონალიზებულია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“.

მელიტოპოლის წვრილი და საშუალო მეწარმეები იძულებულნი არიან მზესუმზირა დაბალ ფასად გაყიდონ. მატვიენკოს თქმით, ესაა 150 დოლარი ტონაზე, მაშინ როცა ომამდე 1 ტონა მზესუმზირას ფასი 600-700 დოლარი იყო.

იგივე მდგომარეობაა ოკუპირებულ ხერსონში – ამბობს ადგილობრივი ფერმერების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ გორდიენკო. „ფერმერები აბარებენ მზესუმზირას, რადგან ფული სჭირდებათ. მაგრამ თუ ეს ფასი იქნება, მუშაობას საერთოდ არა აქვს აზრი“ – ამბობს ის.

ხანდაზმულმა ზაპოროჟიელმა ფერმერმა „ბიბისის“ უამბო, რომ 2021 წელს მზესუმზირას ძალიან კარგი მოსავალი იყო. 23 თებერვალს, ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იგი მელიტოპოლში ქარხანას მოელაპარაკა 80 ტონა მზესუმზირას ჩაბარებაზე, ფასი – 20 000 გრივნა ტონაზე, 700 დოლარი ომამდელი კურსით:

„27 თებერვალს უნდა წავსულიყავი ყველაფრის გასაფორმებლად. ვფიქრობდი ამ ფულით კომბაინი მეყიდა, პირველ შენატანზე საკმარისი იქნებოდა. მაგრამ 24-ში ომი დაიწყო და ყველაფერი დაინგრა. ახლა რა მოუვა ჩემს მოსავალს, უბრალოდ არ ვიცი. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რაც 29 წლის განმავლობაში მძიმე შრომით მოვიპოვეთ“.

_______________

მასალა მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

ფოტო: EPA-EFE/RONALD WITTEK

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: