მთავარი,სიახლეები

ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ

03.08.2022 • 2045
ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, კეთდება მიზანმიმართულად – ინტერვიუ

საქართველოში ბოლო ექვს თვეში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. ბათუმსა და თბილისში გაიხსნა რუსულენოვანი კაფეები, სადაც ქართულად ვერ გემსახურებიან. ბიზნესი აქტიურად იყენებს ოკუპანტი ქვეყნის ენას რუსი ტურისტების მოსაზიდად. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, თუმცა ამის პარალელურად იზრდება ქვეყნიდან წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა. რას მოუტანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა ქვეყანას, რა საფრთხეები შეიძლება ამას ახლდეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით? – ამ თემაზე „ბათუმელები“, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო სოსო, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ივნისის თვეში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა. ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენი აპირებს აქ ცხოვრებას და რამდენია ტურისტული მიზნით შემოსული. საჯარო რეესტრს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენ მოქალაქეს მისცა მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება. შემოსული რუსეთის მოქალაქეების 20-30 პროცენტიც რომ დარჩეს საქართველოში, რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს ეს?

მოკლევადიანი, ეკონომიკური ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს რუსების შემოსვლას, ეს ეტყობა ლარსაც, ეტყობა ეკონომიკასაც და ასე შემდეგ. თუმცა, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ცალ-ცალკე არსებობენ და ამდენი რუსის შემოშვება ქვეყანაში რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.

არ ვაკეთებ ხოლმე პოლიტიკურ კომენტარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ვერ გავექცევით პოლიტიკას. ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი, რადგან რაოდენობრივად უკვე ძალიან ბევრნი არიან რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში, 10 პროცენტია უკვე ქვეყნის მოსახლეობის და ეს პრობლემაა. თუმცა ამაზე მე კი არა, შესაბამისი სამსახურები უნდა ფიქრობდნენ. გააჩნია იმასაც, ტურისტული სეზონის შემდეგ რა რაოდენობის და ვინ დარჩება ქვეყანაში.

სამწუხაროდ, საქართველო ტურიზმზე დიდადაა დამოკიდებული, ამიტომ სანამ რუსები აქ არიან, ამ ეტაპზე ისინი ითვლებიან ტურისტებად, ამიტომ მათგან ჩვენ ის სარგებელი გვაქვს, რაც ტურისტებისგან უნდა გვქონდეს.

  • ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ სამშენებლო კომპანიას, გადავამოწმეთ საჯარო რეესტრში ყველაზე მასშტაბური 10 სამშენებლო პროექტი და აღმოჩნდა, რომ ამ პროექტებში, მინიმუმ 10 პროცენტი, ბინებს რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. თუ აღმოჩნდა, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში აქ აპირებენ ცხოვრებას და ტენდენციაც გაგრძელდება, ეს შეცვლის დემოგრაფიულ სურათს?

მე როგორც ვიცი, რუსებს ადრეც ჰქონდათ უძრავი ქონების რაღაც წილი შესყიდული საქართველოში, ვიღაცები აპირებენ კიდეც გრძელვადიანად საქართველოში დარჩენას. ამიტომ აქ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რადგან არ შეიძლება ასე ყველა ერთად დარჩეს უკონტროლოდ ქვეყანაში.

იმიტომ, რომ პრობლემური ქვეყანაა რუსეთი, მტერია, ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ძალიან ცუდ რაღაცებშია გახვეული, უკრაინის ომს თავისთავად ვგულისხმობ და ამის გამო ჩვენც შეიძლება ცუდ რამეებში გავეხვიოთ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

  • სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა 99 974-მა საქართველოს მოქალაქემ. ალბათ ყველა ჩვენგანის გარშემო ვხვდებით ადამიანებს, ვინც ასევე მიდის ემიგრაციაში, ან გეგმავს წასვლას, ან კიდევ ამბობს, რომ სიამოვნებით წავიდოდა ქვეყნიდან. რა არის ის, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები იძულებულნი ხდებიან დატოვონ საკუთარი ქვეყანა, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი ის გამოიყურება სასურველად?

რუსეთში არის ბევრი შეზღუდვა დასავლური სანქციების გამო, ამიტომ ვისაც რაღაც კაპიტალი აქვს დაგროვილი, შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და კომფორტულად იცხოვროს. გარკვეულწილად, ეს არის მათი აქ შემოსვლის მიზეზი და ისიც, რომ აქედან შეუძლიათ დისტანციურად იმუშაონ.

ეს ეხება პროგრამისტებს, რადგან, როგორც ვიცით, რუსებს ბევრი პროგრამისტი ჰყავთ. 300 ათასი კაცი რუსეთისთვის არაფერია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი რიცხვია.

  • რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად, ბათუმში ხსნიან კაფე-ბარებს, სადაც მხოლოდ რუსულად, ზოგ შემთხვევაში კი, ინგლისურადაც მოგემსახურებიან, მაგრამ ქართულ ენაზე მომსახურებას ამ დაწესებულებებში პრაქტიკულად ვერ მიიღებთ. ეს რამდენად ნორმალურია?

ესეც არ არის ახალი ამბავი, რადგან რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ასეთია. თავისი მოქალაქეები რომ ეყოლება ამ ქვეყანაში, მერე იტყვის, რომ ეს საქართველო კი არა, რუსეთია. ხომ ვნახეთ მედვედევმა რა დაწერა სოციალურ ქსელში. მერე კი წაშლა, მაგრამ ხომ დაწერა? ხომ ასე ფიქრობენ? აქამდეც გაუკეთებიათ ეს. შემდეგ რაიმეს მოიფიქრებენ მათი მოქალაქეების დაცვის საბაბით და პოლიტიკურად პრობლემებს შეგვიქმნიან, რა თქმა უნდა.

როცა ამხელა თემი ყალიბდება ქვეყანაში, ეს უკვე აჩენს სირთულეებს. აქ ქსენოფობიაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ამ თემის გაჩენა გარკვეულ ვალდებულებებსაც გაგვიჩენს, თუნდაც იმას, რომ მათ რუსულად დაველაპარაკოთ, რაღაც რომ გავაგებინოთ, რაც თავისთავად ცუდია.

ამ დროს, ჩვენ გვყავს ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და არ გვყავს სათანადოდ მიხედილი. ახლა კიდევ მტრული სახელმწიფოს ამხელა თემს ვქმნით? არ მგონია ეს სწორი.

  • თუ არ დაველაპარაკებით მათ რუსულად, ხომ იქნებიან იძულებულნი ისწავლონ ქართული, მით უმეტეს, თუ აქ უნდათ ცხოვრება?

რა თქმა უნდა, იძულებულნი იქნებიან ისწავლონ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მათ რუსულად დაელაპარაკებიან.

  • ღარიბაშვილმა თქვა, რომ წელს 6 641 ახალი საწარმო დარეგისტრირდა ქვეყანაში, რაც 36%-ით მეტია გასული წლის ივნისის თვესთან შედარებით. თუკი ეს ზრდაც რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადს უკავშირდება, რა ფორმით უნდა აისახოს ქართულ ეკონომიკაზე, ან ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ისინი ამ კომპანიებს, ვთქვათ, საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად აფუძნებენ?

კი, დიდი წილი იქნება რუსული კომპანიების და ეს საქსტატის მონაცემებში მოგვიანებით გამოჩნდება კიდეც. ნეგატიურია იმ მხრივ, რომ რუსულია ეს კომპანიები და შემდეგ შესაძლოა გამოიყენონ როგორც ეკონომიკური გავლენის საშუალება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ასეთი კომპანიები შესაძლოა სწორედ ამ სანქციების გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, სანამ მათ კომპანიებს დაურეგისტრირებს.

თუ ამას მასშტაბური სახე ექნება, რა თქმა უნდა, ქვეყანა დადგება საფრთხის წინაშე და დავზარალდებით. უფრო ფრთხილად უნდა გამოიკვლიონ ამ კომპანიების საქმიანობა, წარმოშობა და ასე შემდეგ.

  • მაისის თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა 888 პროცენტით, ივნისში კი – 492 პროცენტით, რამაც თითქოს უზრუნველყო ის, რომ ლარი არ გაუფასურდა. რუსული კაპიტალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსული რბილი ძალა? თქვენ რა შეფასება გაქვთ ამ პროცესებზე?

ეკონომიკური ექსპანსია თავისთავად არის რუსული გავლენების ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სტაბილური ხასიათი არ ექნება.

ეს იმ ხალხის გამოა, ვინც აქ ჩამოვიდა, რადგან რუსული ანგარიშებიდან ქართულზე რიცხავენ თანხებს და ეს ითვლება ფულად გზავნილებად, ამიტომ არის ეს რიცხვები ამხელა, ამიტომ ეს იქნება დროებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე.

  • ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან მკაცრ რეგულაციებს უწესებ საქართველოში შემოსვლისას აზიის ქვეყნებს – ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, და სხვა. თუმცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და არც არის საუბარი იმაზე, რომ დარეგულირდეს, შეიზღუდოს ან სავიზო რეჟიმი დაუწესდეს რუსეთს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის არის უფრო მომგებიანი რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე, ვთქვათ, ინდოეთთან. რუსები უფრო უყვართ ამ ქვეყანაში, ვიდრე სხვები. რატომ უყვართ, არ ვიცი. ალბათ პირადი ინტერესებიც აქვთ, ბევრი მიზეზია, თუნდაც იმ საბჭოთა წარსულის გამო, რომ „რუსული ვიცით და შეგვიძლია ველაპარაკოთ“, რომ „თეთრები არიან“, „ერთმორწმუნეები არიან“ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკური მიზანიცაა. ასე მგონია.

  • წინა წლების ემბარგოების შედეგად საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ ჰქონდა დიდი ბმა რუსულ ეკონომიკასთან, ახლა კი ეს სურათი იცვლება. რუსეთის მიერ წლობით დაწესებულმა ემბარგომ ვერაფერი ასწავლა ქართულ ბიზნესს? თუ ეს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია?

ის, რომ რუსეთს უნდა შევეტენოთ, ეს კეთდება მიზანმიმართულად. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ცალსახად სამშობლოს ღალატს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ რუსებზე ეკონომიკური დამოკიდებულება არ გვქონოდა. პირიქით ვაკეთებთ ყველაფერს.

ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ რუსეთის დამარცხებას უკრაინაში და შემდეგ ვნახოთ, რაც იქნება.

__________________________

მთავარი ფოტო: სოსო ბერიკაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: