მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

23.06.2020
ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორია, იგი იმპიჩმენტის წესით 2019 წლის 19 აპრილს გაათავისუფლეს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევის გამო, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის ხელი არ შეუშლია, დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.

ნათია კაპანაძის ინტერესებს საია იცავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ საქმეს პრიორიტეტს ცალკეული მოსამართლე ანიჭებს. გამოდის, რომ ამ დრომდე მოსამართლეებს მედიის თავისუფლებასა თუ ჟურნალისტების შესაძლო დევნასთან დაკავშირებული დავები პრიორიტეტულად არ დაუნახავთ. საქმეთა სიმრავლეს და გადატვირთულობას ასახელებენ სასამართლოში იმის მიზეზად, რის გამოც აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებული დავების განხილვა არ იწყება.

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სარჩელის განხილვაა ჩანიშნული – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე 26 ივნისს დაიწყებს მაია მერკვილაძის სარჩელის განხილვას. ის აჭარის ტელევიზიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი იყო.

რატომ არ იწყება აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა და რატომ არ აღმოჩნდა ჟურნალისტების შესაძლოა დევნა მოსამართლეებისთვის პრიორიტეტი?

„მიზეზია საქმეთა სიმრავლე და გადატვირთულობა. სხდომის თარიღს კონკრეტული მოსამართლე ნიშნავს, ვის წარმოებაშიც არის საქმე და პრიორიტეტებსაც თვითონ განსაზღვრავს საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით,“ – მოგვწერა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა.

ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კი, მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

____

რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: