ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი ბათუმში – სააგენტოს მონაცემები

08.07.2021 • 2914
რამდენად დაბინძურებულია ჰაერი ბათუმში – სააგენტოს მონაცემები

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, გასული წლის გაზაფხულზე საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი ბათუმში – ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდებოდა, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. მიუხედავად ამისა, 2020 წლის საშუალო მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში ნორმაზე მეტი დაფიქსირდა.

ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალოწლიური კონცენტრაცია ზღვრულ ნორმას ბათუმში ბოლო სამი წელია აჭარბებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალოწლიური კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობა არის მაქსიმუმ – 40.
ბათუმში კი, ეს მჩვენებელი 2018 წელს იყო – 59, 2019 წელს – 47, ხოლო 2020 წელს – 48.

აზოტის დიოქსიდი მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირია, რომელიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.

აზოტის დიოქსიდს [NO2] ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა აქვს – რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები [მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება].

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში [ბაქრაძის ქუჩაზე აღებული სინჯების მიხედვით], ჰაერი მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული ასევე ბენზოლით. ეს ორგანული ნაერთი, თავისებური არამკვეთრი სუნის მქონე უფერო, მოძრავი აქროლადი სითხეა.

ორგანიზმში ბენზოლი შეიძლება სასუნთქი ორგანოებიდან ან დაზიანებული კანიდან მოხვდეს და მწვავე, ზოგჯერ კი ქრონიკული მოწამვლა გამოიწვიოს.

[yellow_box]ბენზოლის შემცველობა ჰაერში [ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა N28, ნავთობტერმინალის მიმდებარედ]:[/yellow_box]

ბენზოლის [C6H6] შემცველობა ჰაერში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით [შკალაზე ფერები მოცემულია ძალიან კარგი მაჩვენებლიდან – ძალიან ცუდ მაჩვენებლამდე] / წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტოზე ჩანს, რომ ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე აღებული სინჯების მიხედვით, ბენზოლის შემცველობა ჰაერში 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, 2021 წლის მარტში საკმაოდ გაზრდილია და მაჩვენებელი არის ძალიან ცუდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოდან „ბათუმელებმა“ ამავე ადგილიდან ივნისის თვის მონაცემებიც გამოითხოვა, თუმცა ის ვერ მივიღეთ.

„გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 25 ქალაქში, მათ შორის ბათუმის ცხრა ლოკაციაზე, წელიწადში ოთხ ეტაპად [მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი] ზომავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორებს, რომლის დროსაც ისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. გაზომვების მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარკვეული პერიოდის [ორი კვირა] განმავლობაში, სხვადასხვა დასახლებული პუნქტების წინასწარ შერჩეულ წერტილებში წარმოებს ინდიკატორული მილაკების განთავსება. შემდეგ მილაკების ანალიზი ტარდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

ინდიკატორული გაზომვებით ჰაერში ბენზოლის შემცველობის საშუალო ხარისხი დაფიქსირდა ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე [2021 წლის მარტის მდგომარეობით]. ამავე ადგილზე საშუალო ხარისხის იყო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მაჩვენებელიც.

მიმდინარე წლის მარტში ოზონის შემცველობის ძალიან კარგი ხარისხი [69.4] დაფიქსირდა ბათუმის ბულვარში ჩატარებული ინდიკატორული გაზომვებით. 2020 წლის მარტში კი, ბულვარში, ოზონის შემცველობის ხარისხი ჰაერში იყო ცუდი [221.9].

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზონი [O3]ტროპოსფეროში წარმოქმნილი დამბინძურებელი აირია: „მიწისპირა ოზონი ჰაერში პირდაპირ არ იფრქვევა. იგი მზის ენერგიის მეშვეობით მიმდინარე სხვა დამბინძურებლების ქიმიური რეაქციის გზით წარმოიქმნება. მიწისპირა ოზონი სატრანსპორტო საშუალებების, თბოელექტროსადგურების, სამრეწველო პროცესებისა და სხვა წყაროების მიერ მისი პრეკურსორების გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება“.

ოზონი იწვევს თვალის და ყელის გაღიზიანებას, ხველას, სასუნთქი გზების პრობლემებს, ასთმას, ფილტვის დაზიანებას.

ბათუმში [2018 წლიდან დღემდე პერიოდში] ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი [გარდა ინდიკატორული გაზომვებისა] ხორციელდება ასევე შვიდი ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელთაგან ერთი მდებარეობს ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N1-ში.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე ისაზღვრება შემდეგი დამაბინძურებლების კონცენტრაციები: მყარი ნაწილაკები (PM10, PM2,5), აზოტის ოქსიდები (NO, NOx, NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირჟანგი (CO) და ოზონი (O3).

გაქვთ თუ არა ინფორმაცია რა არის ბენზოლის შემცველობის ხარისხის გაუარესების მიზეზი [ბაქრაძის ქუჩაზე] და რა ღონისძიებები ტარდება/გატარდა მდგომარეობის გამოსასწორებლად?
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018-2021 წლებში ბათუმში მონიტორინგის შედეგად გაცემული იყო თუ არა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის, ამა თუ იმ საწარმოს თუ ორგანიზაციის მისამართით?
კონკრეტულად რა რეკომენდაციები და თუ გაითვალისწინეს? – გარემოს ეროვნული სააგენტოდან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

2021 წლის 8 ივლისის 13:00 საათის მდგომარეობით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებით ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობა ამ ლოკაციაზე ნორმის ფარგლებშია:

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ბათუმში ჰაერი ხშირად დაბინძურებულია, ძირითადად მტვრის მყარი ნაწილაკებით. ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი და სხვა.

ხშირ შემთხვევაში „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] კონცენტრაციების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

აშშ-ს კიბოს ასოციაციის მონაცემებით, „ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება ზრდის ნაადრევად გარდაცვალების, გულის დაავადებების,  ასთმური შეტევების რისკებს და მას ასევე შეუძლია შეაფერხოს ფილტვების ზრდა და ფუნქციონირება“; ასევე „უტყუარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მოხმარებულ ჰაერს, რომელიც ბინძურდება როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვის ნაწილაკებით, ასევე ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული წყაროებიდან – შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო“.

ონკოლოგის, მედიცინის დოქტორის, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება იწვევს, თუმცა იგი ამბობს, რომ დაბინძურებული ჰაერის ფაქტორი სატრანსპორტო თუ საწარმოო გამონაბოლქვის სახით ასევე შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს.

რაც შეეხება ზღვის წყლის ხარისხს აჭარაში, მას გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ. 2021 წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, არის მწვანე კონცხზე, კვარიათსა და მახინჯაურში:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: