მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ენის დეპარტამენტი რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულად ვერ მოგემსახურებიან

03.08.2022 • 2507
რას ამბობს ენის დეპარტამენტი რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულად ვერ მოგემსახურებიან

„საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლება, მოითხოვოს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენაზე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ამ უწყებიდან „ბათუმელებს“ წერილობით მიაწოდეს განმარტება რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან.

ბათუმში „ბათუმელებმა“ 6 სხვადასხვა ბარში დააფიქსირა ის, რომ ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან და შეუძლიათ რუსულად ან ინგლისურად მოგემსახურონ.

ამ თემის გაშუქების დროს, პირველ აგვისტოს, მივმართეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და ვთხოვეთ განმარტება: რის საფუძველზე აქვთ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ქართულ ენაზე მომსახურების მიღების უფლება და ვინ უნდა რეაგირებდეს, როცა ქართულენოვანი სერვისი საჯარო დაწესებულებებში არ აქვთ? – განმარტება სახელმწიფო ენის დეპარტამენტიდან დღეს, 3 აგვისტოს, მივიღეთ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, პირველ რიგში, „საქართველოს კონსტიტუციის“ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური. კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ „სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით“.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით კი, „მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე,“ ასევე: „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“

ამ სამართლებრივ ნორმებზე მიუთითებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ხაზს უსვამს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის პრეამბულას, სადაც წერია:

„საქართველოს სახელმწიფო, ამავე დროს, იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მას დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა და აღკვეთს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას.“

რაც შეეხება რეაგირებას, როცა ქართულ ენაზე მომსახურება საჯარო დაწესებულებებში არ აქვთ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტში არ დააკონკრეტეს, რა ფორმით და როგორ უნდა ხდებოდეს რეაგირება, თუმცა მიუთითეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლზე, „სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები“, სადაც წერია, რომ „სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“

ამ თემაზე:

რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: