მთავარი,სიახლეები

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

13.05.2022 • 3262
კანონი VS ფული  – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

ბათუმში, ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრის წინ რკინის ხიმინჯებია ამოსული. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს. თუ „ორბი“ ჯგუფი ხიმშიაშვილის #15-ში  მშენებლობის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს, ხედი სამუდამოდ დაიფარება ბეტონის ყრუ კედლით.

კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელის.

9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები კი ითხოვენ მშენებლობის დემონტაჟს, რომელიც კომპანია „ორბმა“ მიმდინარე წლის აპრილში უკანონოდ დაიწყო.

„ბათუმში, ხიმშიაშვილის 15, 17, 19, 21 კორპუსები [მოსახლეობა] წინააღმდეგი ვართ თვითნებურად დაწყებული უპროექტო მშენებლობის, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში. 40 წელია ამ სახლში ვცხოვრობ, წინ აგვიშენეს „ორბის“ ბინები, რაზეც თვალი დაგვახუჭინეს, მაგრამ ეს უკვე ძალიან ზედმეტია. დღისით შუქის ანთება მოგიწევს ბინებში. დაიჩრდილება ყველაფერი. მზეს და ზღვის ჰაერს ვინ დაეძებს, სასიცოცხლო პირობები არ გვექნება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და მოვითხოვთ დემონტაჟს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ასმათ ვარშანიძემ. ის თავის მეზობლებთან ერთად აპროტესტებს „ორბის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას.

მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ „ორბი“ ჯგუფი თავდაპირველად გააფრთხილა. კომპანიამ მშენებლობა მაინც გააგრძელა. შემდეგ ინსპექციამ „ორბი“ ჯგუფი 5 000 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა გააჩერა.

მოქალაქეები, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ „ორბმა“ უკვე აშენებული კონსტრუქცია უნდა დაანგრიოს.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

სად და რას აშენებს „ორბი“ ჯგუფი

კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით, ხიმშიაშვილის #15-ში „ორბი“ ჯგუფი თავის ორ სასტუმრო კომპლექსს შორის „კომპლექსისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ნაგებობას აშენებს“. ნაგებობა მოიცავს სპაცენტრს, კვების ბლოკს, გასართობ ინფრასტრუქტურას.

ირაკლი კვერღელიძის თქმით, კომპანიამ ნებართვა 2010 წელს მიიღო, მაგრამ შენობა ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ააშენა „პანდემიის და გარკვეული დავების გამო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა“. მას შემდეგ კი, რაც „ყველა წინაღობა მოეხსნა“, მშენებლობა დაიწყო. პარალელურ რეჟიმში მიმართა ბათუმის მერიას ახალი ნებართვისთვის.

ძველი პროექტით შენობა-ნაგებობა 15 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ახლა კი „ორბს“ მშენებლობის „7-8 მეტრით გაზრდა სურს“.

„2010 წლის შეთანხმებული პროექტის მიხედვით, დადგენილი არის შესაბამისი პარამეტრები, რომელიც მოიცავს მიმდინარე მშენებლობის შენობა-ნაგებობის როგორც სიგრძე-სიგანეს, ასევე სიმაღლეს. 2010 წლამდე იყო 15 მეტრამდე სიმაღლის პარამეტრი დადგენილი, დღეის მდგომარეობით ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 7 თუ 8 მეტრი სიმაღლით გაზრდას ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის. თუმცა ველოდებით მერიის პასუხს და მისი გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ შემდეგში,“ – უთხრა ირაკლი კვერღელიძემ „ბათუმელებს“.

ირაკლი კვერღელიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მშენებლობა ვადაგასული ნებართვის პირობებში დაიწყო.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან, რომლის წინაც მშენებლობა მიმდინარეობს

„ვადასტურებ, რომ მშენებლობის ვადა გასული იყო. შესაბამისად, ჩვენც არ გაგვისაჩივრებია, შეიძლება ასე ითქვას, ზედამხედველობის სამსახურის ეს [დაჯარიმება და მშენებლობის შეჩერება] გადაწყვეტილება. მე არ უარვყოფ იმას, რომ მშენებლობის ვადა იყო დარღვეული, რის გამო ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის მომართვის შესაბამისად შევაჩერეთ მშენებლობა და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, მზად ვართ გადავიხადოთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებიც და დაველოდებით საბოლოოდ შეთანხმებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც გავაგრძელებთ შემდგომში მშენებლობას,“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

„ბათუმელებმა“ ირაკლი კვერღელიძეს ჰკითხა, ისეთი გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომელიც „ორბია“, მაშინ, როცა იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვა ვადაგასული იყო, რატომ გარისკა და დაიწყო მშენებლობა უკანონოდ.

„ორბი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის მტკიცებით, ხიმშიაშვილის #15-ში მდებარე დაუმთავრებელ მშენებლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები სულ იყო.

„მას შემდეგ, რაც მოიხსნა ყველა ის შემზღუდველი წინაპირობა, მშენებლობის გასაგრძელებლად, მე ვადას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოგვესწრო აღნიშნული სამუშაოების შესრულება და მოგვეხსნა იქ, მოგვეწესრიგებინა ფასადის ნაწილი და პრაქტიკულად გაგვემზადებინა საექსპლუატაციოდ, ჩვენი რისკიც დავარქვათ ამას და გადაწყვეტილებაც, ემსახურებოდა იმას, რომ მაისის თვის ბოლომდე ეს ყველაფერი დაგვესრულებინა. ეს იყო ჩვენი თემა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდებოდა და პრინციპში მზად ვიყავით იმისთვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციები იქნებოდა“, – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

გამოდის იმედი გქონდათ, რომ ნებართვას მიიღებდით?  – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ირაკლი კვერღელიძეს.

„არა, არა. მე პროექტი შეთანხმებული მაქვს. როგორც მინიმუმ, იმ პროექტს, რომელიც მე შეთანხმებული მაქვს და რომლის აშენების ვალდებულება მაქვს, ქალაქის მერიის მიმართ, მე როდესაც მშენებლობის ნებართვა ავიღე 2010 წელს, იქ ვალდებულება მაქვს, რომ  ამეშენებინა ინფრასტრუქტურასთან ერთად. მე ამის ვალდებულება გამაჩნია. ახლა მეორე საკითხია ის ინფრასტრუქტურული ნაწილი, უფრო მაღალი უნდა იყოს თუ უფრო დაბალი უნდა იყოს. თუ მაღლის ნებართვას არ მაძლევენ, მე არ გავაგრძელებ კაცო მაღლის მშენებლობას. მე არ გავცდენილვარ იმ პარამეტრებს, რაც დადგენილი მაქვს 2010 წელს შეთანხმებული პროექტით. არც ვაპირებდი მაგის გაცდენას. რაც შეეხება ვადას, ვადის გაგრძელება არის სუფთა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, იმიტომ, რომ საკუთრება ჩემია, ნებართვა გაცემულია, მხოლოდ მოსაკრებლის გადახდაზე იყო ეს ყველაფერი. ამიტომ მშენებლობის ვადის დარღვევა არის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მზად ვართ შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა გადავიხადოთ. მაგრამ მე უკანონო მშენებლობა შეუთანხმებელი პროექტით ან საერთოდ არ არსებული პროექტით გამეკეთებინოს, ასეთი არ ყოფილა,“ – თქვა ირაკლი კვერღელიძემ.

მოქალაქეები, რომლებიც „ორბი“ ჯგუფის უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ კომპანიას იმედი ჰქონდა, ხალხი პროტესტს არ გამოთქვამდა და შეძლებდა სწრაფად აეშენებინა. მერე კი მარტივად „მოაგვარებდა მერიასთან“.

„მთავრობამ ძალიან კარგად იცის რა კეთდება ბათუმში. თუ ჩვენ არაფერს არ ვიტყოდით, ისინიც გაჩერდებოდნენ. ისე გამოდის, ვისაც ფული აქვს, ის ცხოვრობს და ის ააშენებს რაც უნდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლიანა კოტრიკაძემ, ხიმშიაშვილის #17-ში მცხოვრებმა.

მოქალაქეები თავიანთი პროტესტის გაჩერებას არ აპირებენ. ისინი გეგმავენ მიმართონ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალური ინსპექცია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და „ორბის“ მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობას არ დაანგრევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: