მთავარი,სიახლეები

ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

23.06.2022 • 1091
ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

დღეს, 23 ივნისს ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, იმპიჩმენტის წესით გათავისუფლეს და ამჯერად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას.

„…სასამართლომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და 17 გარემოებიდან 11 გარემოების ნაწილში ჩათვალა, რომ მოპასუხის – „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ პოზიცია იყო დაუსაბუთებელი, არ ემყარებოდა კონკრეტული ფაქტების ანალიზსა და ობიექტურ შეფასებას,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოს ეტაპზეც საია დაიცავს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ გაიზიარა იმპიჩმენტის დროს „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის მხრიდან დასახელებული შემდეგი გარემოებები: კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ხარჯები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი, პარალელური შესყიდვა, ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვებში/უშედეგო შესყიდვა, სამართლებრივი დავები უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან/სამსახურებრივი რესურსების პირადი მიზნებით გამოყენება, სამართლებრივი პროცედურების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულებები, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი, შრომითი კონტრაქტების სრულიად დაუსაბუთებელი ხარჯები/ცალმხრივი გადაწყვეტილებები, გადაცემები ხელშეკრულებების და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროფესიონალი და კომპეტენტური პირების მოსაზრებების უგულებელყოფით ორგანიზაციის მართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილებისა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში.

მოსამართლემ გაიზიარა ყოფილი ბორდის მოსაზრება, მაგალითად, რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კი უთხრა, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

მოსამართლეს რეიტინგების დათვლის სპეციალისტმაც უთხრა, როგორც მოწმემ, რომ რეიტინგის შემცირება უკავშირდებოდა სატელევიზიო ბადიდან მექანიკის (სერიალები, მხატვრული ფილმები) ამოღებას და მცდელობას, ტელევიზიას საკუთარი გადაცემები შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

————–

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: