მთავარი,სიახლეები

პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში

04.08.2022 • 1937
პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში

ბათუმის ევროპის მოედანი სავაჭრო ცენტრად იქცა. რამდენიმე თვეა მოედანზე წრიულად არის განთავსებული სავაჭრო დახლები, სადაც სხვადასხვა ნაწარმი იყიდება, მათ შორის, ტანსაცმელი და საკვები.

ამ დრომდე ევროპის მოედანზე სხვადასხვა კონცერტი იმართებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ყოველ პარასკევს უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა.

გარდა იმისა, რომ დახლების გამო მთლიანად გადაფარულია მოედნის სივრცე, ვეღარც შადრევანი ფუნქციონირებს, რომელიც მოედნის შუაგულშია. შევიწროებული სივრცის გამო მოედანზე, ფაქტობრივად, ვერ გაიმართება რაიმე სხვა აქტივობა, რადგან მოედნის ერთი მხარე კაფე-ბარებს აქვთ ათვისებული, მეორე კი – მოვაჭრეებს.

სავაჭრო დახლები ევროპის მოედანზე, ბათუმი ცენტრში

დაზიანებულია მოედნის ინფრასტრუქტურაც.

აქამდე ქვის ბოძები ერთმანეთს ჯაჭვებით უკავშირდებოდა, ახლა კი დაწყვეტილი რკინის ჯაჭვები ქვის კიდეებზეა ჩამოკიდებული. ზოგან კი საერთოდ აღარ არის.

ევროპის მოედანი შემოსაზღვრულია ქვის ბოძებით, რომლებიც ერთმანეთთან რკინის ჯაჭვებით არის დაკავშირებული. თუმცა მოედანზე არა მარტო რკინის ჯაჭვებია დაწყვეტილი, ქვის ბოძებიც დაზიანებული ან გადაადგილებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ქვის ბოძი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, კაფეს წინ დევს.

ქვის ბოძი, რომელიც მოედნის ირგვლივ იყო განთავსებული, მომძვრალი და გადაადგილებულია.

გარდა სავაჭრო დახლებისა, მოედნის ერთ მხარეს, ნოდარ დუმბაძის ქუჩის მხრიდან, საპარკინგედაც გამოიყენებენ. მოედნის კუთხეები ღია სათავსოებად არის გამოყენებული. ალაგებული დახლები, სკამები და სხვადასხვა ნივთი, ერთმანეთზეა შემოწყობილი და დალაგებული.

სათავსოდ ქცეული მოედანი. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

რატომ იქცა ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი სავაჭრო ცენტრად და რატომ არ ხდება მისი რეაბილიტაცია? – ამ კითხვით ბათუმის მერიას მივმართეთ.

საპარკინგე ადგილად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში, მოგლეჯილი ქვის ბოძებით და დაწყვეტილი ჯაჭვებით.

დაზიანებული ქვის ბოძი მოედანზე

მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოედნის ინფრასტრუქტურის განახლება მათი სამსახურის მოვალეობაა, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთი მაინც მოქალაქეებზე გადააქვთ.

„ეგ ბოძები მოსახლეობას გადააქვს თვითნებურად, დავაბრუნებთ უკან, შემდეგ ისევ მოსახლეობა წყვეტს და შემოჰყავს მანქანა“, – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯაბა ბერიძემ. მას ვკითხეთ, თუ მოსახლეობა აზიანებს ინფრასტრუქტურას, ხომ არ არის საჭირო ვიდეოთვალების განთავსება, რომ მსგავს ფაქტებზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინონ რეაგირება? – ამ კითხვას ჯაბა ბერიძემ არ უპასუხა.

ევროპის მოედანი, ბათუმი.

მას ასევე ვკითხეთ, ბიუჯეტში თუ არის გათვალისწინებული თანხა მოედნის რეაბილიტაციისთვის და როდიდან დაიწყებენ დაზიანებების აღმოფხვრას, რაზეც ჯაბა ბერიძემ გვიპასუხა: „გავალ, დავათვალიერებ, ვნახავ, რა ხდება და შემდეგ გეტყვით.“

სავაჭრო დახლები ბათუმის ცენტრალურ მოედანზე დღის განმავლობაში ცარიელია, საღამოს კი ვაჭრობა იწყება.

რაც შეეხება სავაჭრო დახლების განთავსების გადაწყვეტილებას, როგორც მერიაში გვითხრეს, ეს საკითხი მერიის ქონების მართვის სამსახურში უნდა გაგვერკვია.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ სამსახურში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: