მთავარი,სიახლეები

შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

01.08.2022 • 1827
შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობას ტელეგრამ არხზე განცხადებით გამოეხმაურა.

ვალერი ზალუჟნის თქმით, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმა, სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად, ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა.

„რუსეთი – ტერორისტი სახელმწიფოა. რუსების სასტიკი დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სჩადიან, მრისხანებას იწვევს. ჩვენ შურს ვიძიებთ თითოეული დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის,“ – წერს ზალუჟნი.

გენერალი დასძენს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავს, თუმცა მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, „შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც“, რათა უკრაინის დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

„მტრებო, იცოდეთ, თქვენთვის მიწაზე ადგილი არ იქნება,“ – წერს ზალუჟნი.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

პირველი განცხადება რუსულმა მხარემ გაავრცელა და თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, კოლონიას უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ დაარტყეს და ამგვარად იმ ტყვეების გაჩუმება სცადეს, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსეთი ცდილობს დაფაროს უკრაინელი ტყვეების წამებისა და მკვლელობის კვალი, უკრაინა ომის კანონების დარღვევაში დაადანაშაულოს და ამით ხელი შეუშალოს დასავლური შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის დაზვერვამ კი დანაშაულზე პასუხისმგებლად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი მფლობელი ევგენი პრიგოჟინი დაასახელა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა, ეს ფაქტი კი მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას ამყარებს.

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა, შეიარაღებული ძალებმა, სამხედრო დაზვერვამ და უკრაინის რადამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და ტერაქტზე რეაგირება და კოლონიაში ინსპექციის გაგზავნა სთხოვეს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვიზუალური მტკიცებულებები, რომლებიც კოლონიაში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, „ჰაიმარსით“ მიყენებულ ზიანს არ შეესაბამება, რაც თავდასხმის შესახებ უკრაინული მხარის ვერსიას ამყარებს.

ISW-ის უახლესი რელიზის თანახმად კი, რუსეთი, შესაძლოა, ხელს უშლიდეს კოლონიაში მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას. როგორც ინსტიტუტის მკვლევრები აღნიშნავენ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად მიიწვია წითელი ჯვრისა და გაეროს წარმომადგენლები, თუმცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, მათ კოლონიაში შესვლის ნებართვა ჯერაც არ მიუღიათ.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ არც კიევის მოთხოვნას უპასუხა, დაუბრუნოს უკრაინას დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: