მთავარი,სიახლეები

რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

03.08.2022 •
რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

მაქსიმ ჟორინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და პოლკ „აზოვის“ ყოფილი მეთაური რადიო НВ-სთან ინტერვიუში ამბობს, როგორ მუშაობს „აზოვი“ სამხედრო ტყვეების მკვლელობაში დამნაშავეების მოსაძებნად, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს და რას ფიქრობს ის სერგეი ვოლინას ვიდეოზე, რომელიც რუსულმა არხებმა გაავრცელეს.

  • პირველ რიგში მინდა გკითხოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. არსებობს ვერსია, რომ რუსები ასე უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. როგორ აფასებთ მომხდარს, რა მიზნით გააკეთეს ეს?

სწორი ტერმინია მკვლელობა, რადგან ამაზე დისკუსია უკვე აღარ არის. ყველასთვის ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა. მეტიც, ეს იყო ათობით ადამიანის სიკვდილით დასჯა, სრულიად არაადამიანური და საშინელი რამ.

მე ერთ-ერთმა პირველმა შევიტყვე მომხდარის შესახებ. ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ან რომელზეც შეიძლება საერთაშორისო გამოძიება ვაწარმოოთ – ესაა, გავიგოთ რუსების ნამდვილი მოტივაცია, რატომ ჩაიდინეს ეს და რატომ დახოცეს ამდენი ადამიანი.

რუსების შემხედველს, მეჩვენება, რომ ამის გამოცნობა საკმაოდ რთული იქნება. ბევრ რამეში ჩვენ მათი უბრალოდ არ გვესმის, ბევრ რამეში ჩვენ მათგან სრულიად განსხვავებულები ვართ. არ გამიკვირდება, თუ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, ადრე თუ გვიან მათი გაცვლა და უკრაინისთვის დაბრუნება მოუწევდათ და ეს არ უნდოდათ. შეიძლება, იმიტომ, რომ „აზოველების“ მართლაც ძალიან ეშინოდათ და გადაწყვიტეს ამ გზით მოეშორებინათ თავიდან.

სცენარი შეიძლება რამდენიმე იყოს, მაგრამ რაც მთავარია, მთელმა მსოფლიომ ცხადად უნდა დააფიქსიროს და აღიაროს, რომ ეს იყო მკვლელობა და ის რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა.

  • გავრცელდა „აზოვის“ დროებითი მეთაურის ნიკიტა ნადტოჩის მიმართვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ უკვე არსებობს ვერსიები, ვინაა დაკავშირებული ამ თავდასხმასთან. მართლაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია?

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ და არა უბრალოდ ველოდოთ, როდის გაიმართება ყველა სასამართლო ან როდის დასრულდება ყველა გამოძიება. როგორც უკვე ვნახეთ, რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ არავინ შეუშვას იქ. მაგალითად, დღეს ამბობენ, რომ ოდესმე შეუშვებენ გაეროს წარმომადგენლებს, მაგრამ როდის და როგორ გააკეთებენ ამას, არავინ იცის. დანაშაულის რა კვალი და მტკიცებულებები დარჩება იმ დროისთვის ადგილზე, ესეც არ ვიცით. ამიტომაც, იძულებული ვართ, პარალელურადაც ვიმოქმედოთ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს „აზოვი“ მუშაობს აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებაზე, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონდა ჩვენი თანამებრძოლების სიკვდილით დასჯასთან. ცხადია, გვარებს მე ახლა არ დავასახელებ, ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის.

  • ერთი გვარის დასახელება, ალბათ, მაინც შეგვიძლია, ვინმე ვლადიმერ ევსიუკოვი, იმ საკონცენტრაციო ბანაკის უფროსი. ბევრი ლაპარაკობს მასზე. ვიცით, რა გარანტიები იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან და გაეროსგან, როდესაც „აზოსტალიდან“ მარიუპოლის დამცველები გამოვიდნენ? დოკუმენტირებული იყო თუ არა ყველაფერი?

საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში, ძირითადად სიტყვიერი დაპირებები იყო. იყო დაპირებები, რომ გაერო და წითელი ჯვარი დააკვირდებოდნენ, როგორ იქნებოდნენ ჩვენი ტყვეები. თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკვე მეორე დღესვე ცხადი გახდა, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას იქ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ან მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ეს ამ დრომდე ასეა.

ამიტომაც დღეს ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს საკითხები შედის, ყველაფერი გააკეთონ, რათა ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება შემსრულებლებს – ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთადერთი წარმომადგენელია მანდ, ყველა დანარჩენი, ოლენოვკაში, რუსები არიან.

  • რა პირობებში არიან ოლენოვკაში უკრაინელი ტყვეები, რა ინფორმაცია გაქვთ?

შემიძლია გითხრათ, რომ ამ კოლონიიდან ტყვეების ნაწილი უკვე სხვა იზოლატორებში გადაიყვანეს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა გავიგოთ, კონკრეტულად, ვინ და სად გადაიყვანეს. რატომ გაჰყავთ? – ერთი ვერსიით – სასამართლოების გამართვა სურთ და ამიტომაც ანაწილებენ სხვადასხვა იზოლატორში, რომ მერე სასამართლო პროცესები დაიწყონ „აზოველებისა“ და სხვა უკრაინელი სამხედროების მიმართ.

რაც შეეხება პირობებს, პირობები ურთულესია. მხოლოდ მინიმალური საკვები და წყალი. სულ ესაა.

  • რუსებმა სერგეი ვოლინსკის (ვოლინას) ვიდეო გამოაქვეყნეს. ის ამ ვიდეოში ისეთს არაფერს ჰყვება. ნათლად ჩანს, რომ დამონტაჟებულია. ამბობს, რომ უდიდესი ტრაგედია მოხდა, რომ ვერავინ ახსნას ვერ პოულობს და არ იცის, რატომ მოხდა ეს ან ვინაა დამნაშავე. თქვენ რა გაიგეთ ამ ვიდეოდან და თქვენი აზრით, რა იყო მისი გამოქვეყნების მიზანი?

ძალიან კრიტიკულად უნდა შევხედოთ ყველა მსგავს ვიდეოს, შეტყობინებას ან განცხადებას, რომელიც რუსეთიდან ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდის, მაშინაც კი, თუ ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებს ვხედავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება ილაპარაკონ ის, რაც ნამდვილად სურთ. ზოგჯერ ცდილობენ ნამდვილი შინაარსი როგორღაც სხვა სიტყვების უკან დამალონ, მაგრამ პირდაპირ იმის თქმა, რაც იქ ხდება და რასაც ისინი ფიქრობენ, მათ არ შეუძლიათ.

რატომ აკეთებენ რუსები ამას? პირველ რიგში, ეს საინფორმაციო ზეწოლაა, საინფორმაციო მანიპულაცია. ზოგჯერ ასეთ ჩანაწერებს თავისი შიდა აუდიტორიისთვის აკეთებენ, ზოგჯერ კი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის იყო, რომ ჩვენთან დისკუსია, გაურკვევლობა, ხალხის აზრის გაყოფა გამოეწვია.

  • რუსებმა გამოაქვეყნეს 50 დაღუპულისა და 73 დაჭრილის სია. „აზოვის“ პატრონაჟის სამსახური ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ სიების დადასტურება არ შეუძლია. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?

ეს ძალიან რთული და დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია ინფორმაციის გარეშე იჯდე და ელოდო, მაგრამ ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ისაა, რომ მოთმინება მოვიკრიბოთ.

ეს სიები ნაწილობრივ დასტურდება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სულ მცირე არასრულია, რადგან უკვე გუშინ იყო ინფორმაცია, რომ მეტია დაღუპული, ვიდრე გამოაქვეყნეს. რაც შეეხება იმას, ბოლომდე ზუსტია თუ არა სია, ამის თქმა არ შეგვიძლია. უპირველესად იმიტომ, რომ არანაირი ოფიციალური კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხზე არ არსებობს, რუსეთი უბრალოდ უარს ამბობს რაიმე კომენტარზე. ასევე, არ არის არანაირი კავშირი ჩვენებთან, ვინც ოლენოვკაშია, რომ მათგან მაინც დავაზუსტოთ რაიმე.

  • რას ფიქრობთ ვარაუდზე, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების მკვლელობით მესიჯს უგზავნიან საკუთარ სამხედროებსაც, რომ თუ ისინი ტყვედ ჩავარდებიან, მათზე აუცილებლად შურს იძიებენ.

რა თქმა უნდა. ამით ტემპერატურის აწევასაც ცდილობენ, საკუთარ სამხედროებსაც აშინებენ და მეორე მხრივ, გვაშინებენ ჩვენც, უკრაინელებს.

ისინი ხშირად ჩვენ შეშინებას რაკეტებით ცდილობენ, თუმცა ხვდებიან, რომ ეს რაკეტები უკვე აღარ გვაშინებს, ამის გამო წინააღმდეგობას არ ვწყვეტთ. ეს იყო მორიგი ტერაქტი, რომლითაც ყველასი, ჩვენი შეშინება კიდევ ერთხელ სცადეს.

პირდაპირ გეტყვით, მათ არავისზე ნადირობა არ შეუძლიათ და მით უმეტეს „აზოვზე“. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ესაა დაახვავონ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და სიკვდილზე გაუშვან. ისინი დაიხოცებიან და ახლებს გამოუშვებენ, რომ როგორმე კიდევ თუნდაც მცირე ტერიტორია დაიპყრონ.

უკვე დიდი ხანია ცხადი გახდა, რომ მათ არ შეუძლიათ დასახული მიზნების მიღწევა, მათ არაფრის უნარი აღარ შესწევთ.

  • ტყვეები, რომლებიც უკრაინასჰყავს, ვინ არიან ისინი? თავიდან ჩვენ ვხედავდით ძალიან დაბნეულ ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ახლა როგორაა?

პირდაპირ გეტყვით, ნაძირლები არიან, სუფთა ნაძირლები. მე მიწევს მათთან ურთიერთობა და თითქმის ყველა, ვინც კი ტყვედ აგვყავს, ცდილობს თავი გაიმართლოს და გაამართლოს ის, რასაც აქ აკეთებენ.

მე ზუსტად ვიცი, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სადაც მოდიოდა. გაცნობიერებულად ისვრიან, გაცნობიერებულად კლავენ უკრაინელებს.

უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენს ტყვეობაში ხვდებიან „დონეცკელები“, ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სამხედროები, თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის რუსების ტყვედ აყვანა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან რუსები – გასაცვლელი ფონდი მაინცაა ჩვენთვის, იმის შანსი, რომ ჩვენები დავიბრუნოთ. „დონეცკის რესპუბლიკის“ ხალხი კი მათ არ აინტერესებთ, არც ერთ სიაში არ ჩასვამენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: