მთავარი,სიახლეები

„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს

22.07.2022 • 1795
„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო.

როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში „ორბი ჯგუფს“ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ნებართვა უკვე გაუახლა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია აქ მშენებლობას ამ ეტაპზე კანონიერად აგრძელებს. რა ბედი ელის იმ სართულებს, რომლებიც უკანონოდ, პროექტის დარღვევით ააშენეს? – მიმდებარედ არსებულ კორპუსებში მცხოვრებთა პროტესტის მიზეზი სწორედ შენობის სიმაღლის გაზრდაა, ეს სართულები პირდაპირ მათი ბინების ფანჯრებთან ამოვიდა და ათეულობით მოქალაქის საცხოვრებელი გარემო დრამატულად შეცვალა.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

„…ბათუმის მერია თავიდან ბოლომდე მორგებულია „ორბის“ ინტერესებს, არაფერი საერთო მის გადაწყვეტილებებს საჯარო ინტერესის გათვალისწინებასთან არ აქვს. ერთადერთი, რაც აღელვებს არის ის, რომ „ორბმა“ რაც შეიძლება მაღალი კორპუსები ააშენოს“, – აცხადებს იურისტი მირზა მამულაძე. ის „ორბის“ მშენებარე სასტუმრო კომპლექსის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დამცველი და თავადაც დაინტერესებული პირია. ამ მშენებლობით მისი საცხოვრებელი გარემოც იცვლება უარესობისკენ.

„ზარალი არ გაიზრდება, თუ ამ პერიოდში უფრო მეტ უკანონო სართულს ააშენებს?“ – სვამს კითხვას იურისტი მირზა მამულაძე. მისი მოსაზრებით, ეს გარემოება წინასწარვე მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლე სარჩელის დაკმაყოფილებას არ აპირებს:

„აქედან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სასამართლოები ემსახურებიან მსხვილი ფინანსური კორპორაციების ინტერესებს. განჩინება თავიდან ბოლომდე „ორბის“ ინტერესებზეა მორგებული. მათთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ადამიანების კონსტიტუციური უფლებები. ვგულისხმობ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას. შესაძლოა ამის მიზეზი კორუფციაც იყოს. ფაქტი ისაა, რომ მის სამსახურშია.“

ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მშენებლობის დაწყებისას საინფორმაციო ბანერზე გამოქვეყნებული რენდერის პარამეტრებით მშენებლობას მოსახლეობა არ ეწინააღმდეგებოდა: „არ ამოდიოდა კედლები ჩვენს ფანჯრებთან და არ იკეტებოდა გასასვლელებიო“. თუმცა წლების შემდეგ გაიგეს, რომ მოტყუვდნენ – ჩანაფიქრი თავიდანვე სხვა იყო, მათ კორპუსთან გამოქვეყნებული შენობის ვიზუალი არ შეესაბამებოდა რეალურ პროექტს. „ორბის“ მოქმედების მასშტაბი კი პროექტის პარამეტრებს მოგვიანებით გასცდა.

გარდა იმისა, რომ კომპანიამ მშენებლობა ვადაგასული ნებართვით, ანუ უკანონოდ გააგრძელა, დაარღვია იმ ნებართვის პირობებიც, რაზეც 2014 წელს მოუწერეს ხელი. დარღვევაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსახლეობის გამოსვლების შემდეგ მოახდინა რეაგირება.

ამ ყველაფრის გამო კომპანია მერიასთან პრობლემები არ შეჰქმნია, მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ორბს“ რეკორდულ დროში, მიმართვიდან ხუთ დღეში ვადაგასული ნებართვის ვადა გაუგრძელა. მსგავსი ნებართვებისთვის კომპანიებს რამდენიმე თვის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის 23 ივნისს კომპანიის დირექტორმა მერს 2014 წელს გაცემული ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მამართა. 28 ივნისს კი არჩილ ჩიქოვანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მირზა მამულაძე ამბობს, რომ მცხოვრებლებმა ის პროექტი გამოითხოვეს, რომლის მიხედვითაც აშენებს კომპანია. მერიამ კი მათ მხოლოდ ლიფტის პროექტი მიაწოდა: „ჩვენ ვითხოვდით 2014 წელს დამტკიცებულ პროექტს, პროექტი მხოლოდ მას შემდეგ მოგვცეს, როცა მერმა გამოსცა ბრძანება ვადის გაგრძელებაზე.“

მოსახლეობამ გამოთხოვილი დოკუმენტების მიღების შემდეგ გაიგო, რომ 2014 წელს პროექტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის პარამეტრები გაიზარდა. კომპანიას ეს ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე არ გამოუქვეყნებია და არც რენდერი შეუცვლია:

„ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული მონაცემებით, ფოტოები, რენდერები, საინფორმაციო დაფა და არქიტექტურული პროექტი მკვეთრად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ეს ერთგვარი შეთანხმება იყო იქ მაცხოვრებელი ადამიანების წინააღმდეგ, სათანადო ინფორმირებულობა არ უზრუნველყეს, რომ ამას პროტესტი არ გამოეწვიაო“, – აცხადებს მირზა მამულაძე.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, აქ მცხოვრებლებმა მიმართეს მერიას კორპუსის მდგრადობის შესწავლის თხოვნით, რადგან „ორბის“ მშენებლობის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ბინაში კედლები გაიბზარა. „ესეც კი არ გაითვალისწინა მოსამართლე კობა გოცირიძემ, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე მაინც გაეჩერებინა მშენებლობა“.

კომანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობა 2011 წელს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა და მხოლოდ ვადის გაგრძელება მოითხოვეს. მისივე განმარტებით,  კომპანიას სანებართვო პირობები არ დაურღვევია.

„რაც შეეხება ფრთებს. რასაც თქვენ სართულებს ეძაძით, ერთი სართულია, ის რვა მეტრია და ნებართვის მიხედვით 15 მეტრის აშენების უფლება მაქვს. მე კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება ნაბერთვის განახლებას დიდხანს გვქონდა მოლაპარაკებები მერიასთან და პირიქით პრეტენზია მაქვს რომ დამიგვიანეს და დიდხანს გამაჩერეს, მარტივად არ მიგვიღია“


ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: