მთავარი,სიახლეები

„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა

03.08.2022 • 2959
„აზოველები“ დახოცვამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. უწყება აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი „აზოველები“ აფეთქებამდე დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი წამების კვალის დაფარვის მიზნით დახოცეს.

„დაკითხვებისას ტყვეებს სცემდნენ და აწამებდნენ“, – წერს დაზვერვა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება „ვაგნერი“ და რუსული ფეესბე ატარებდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ წამების მიზანი არა საიდუმლო ინფორმაციის მიღება, არამედ „დამცირებით, დაცინვითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით“ უკრაინელთა მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხა იყო.

უწყების ინფორმაციით, ფეესბეს სურდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები პროპაგანდისტულ რეპორტაჟებში გადაეღო. ამ ვიდეოებში სამხედროებს უნდა ეღიარებინათ „ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, უარი ეთქვათ საკუთარ შეხედულებაზე და დაეგმოთ უკრაინის ხელისუფლება.

დაზვერვა აცხადებს, რომ რუსების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან უკრაინელმა ტყვეებმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინეს.

„რუსული მხარე არ აპირებდა ამ სამხედრო ტყვეების გაცვლას და იმისთვის, რომ დაეფარათ დაკითხვის შედეგები (რაც ჰააგაში მტკიცებულებად გამოდგებოდა), განზრახ დახოცეს ისინი,“ – წერს დაზვერვის პრესსამსახური.

უწყება დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ადგილი, სადაც უკრაინელი სამხედროები აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, „ვაგნერის“ წევრებმა დანაღმეს.

__________

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა და შემთხვევის ადგილზე რაკეტის ნამსხვრევებიც აღმოაჩინეს.

რუსეთის მტკიცების მიუხედავად, აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა მტკიცებულება პირიქით, რუსეთის დანაშაულსა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„კოლონიაში არ აღმოჩნდა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსის“ დარტყმის კვალი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავდასხმისთვის გამოიყენებდა „ჰაიმარსის“ გარდა რომელიმე სხვა სისტემას, დარტყმა აუცილებლად გამოიწვევდა დამატებით ზიანს შენობის გარშემო, დააზიანებდა გვერდითა შენობებსაც და დატოვებდა ორმოებს,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ისინი, სხვა ვიზუალური მასალების გარდა, ასევე, ეყრდნობიან Maxar Technologies-ის მიერ 30 ივლისს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებზეც ცხადად ჩანს, რომ თავდასხმამ მხოლოდ ერთი შენობა დააზიანა, არ დანგრეულა ამ შენობის კედლები და გარშემო არ ჩანს ჭურვებისგან დატოვებული ორმოები.

თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი 31 ივლისს წერდა, წითელი ჯვრის კომიტეტს რუსული მხარისგან კოლონიაში შესვლის ნებართვა არ მიუღია.

ტყვეების განზრახ მკვლელობის ვერსიას აძლიერებს ვარაუდი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა და OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსმა, ოლივერ ალექსანდერმა ტვიტერზე სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნეს.

27 ივლისის ფოტოებში, კოლონიის ტერიტორიაზე ჩანს ღია სამარხები, რომლებიც 30 ივლისის ფოტოებზე უკვე ამოვსებულია. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ნიადაგის ერთგვაროვნება იმ ადგილას 18-21 ივლისის პერიოდში დაირღვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.

რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: