მთავარი,სიახლეები

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

23.06.2021 •
რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

„საეთერო ბადიდან სერიალების და მხატვრული ფილმების ამოღებამ გამოიწვია რეიტინგის კლება. ეს წინასწარ ვიცოდით და ვეუბნებოდით კიდეც, რომ ასე იქნებოდა, რადგან ვიცით, სატელევიზიო მედიის ყველაზე ლოიალური სეგმენტი პენსიონერი ქალბატონები არიან,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ანალიტიკოსმა, თამარ მოცრიძემ. ეს კომპანია ტელევიზიების რეიტინგებს ითვლის. თამარ მოცრიძემ დღეს, 23 ივნისს, როგორც სპეციალისტმა, ისე მისცა ჩვენება სასამართლოს „ნათია კაპანაძის საქმეზე“.

სპეციალიტის ჩვენებით, მკაფიოდ გამოჩნდა: ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის რეიტინგის კლება მხატვრული ფილმებისა და სერიალების ამოღებას გამოუწვევია – ამ პერიოდში სერიალები და მხატვრული ფილმები საავტორო გადაცემებით ჩაანაცვლეს. რეიტინგის კლება კი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ნათია კაპანაძეს 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს.

ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ აჭარის ტელევიზია რეიტინგებს აღარ ითვლის – კომპანიას, რომელიც ამ მაჩვენებლებს ზომავს, ტელევიზიასთან ხელშეკრულება აღარ აქვს.

„არის ისე ცნობილი, როგორია დღეს ეს რეიტინგი?“ – დაინტერესდა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე.

„ზუსტ ციფრებს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ 2016 წელს ჰქონდა აჭარის ტელევიზიას კარგი პოზიცია, 2017 წლიდან დაიწყო კლება და ეს დღემდე გრძელდება,“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა თამარ მოცრიძემ. მან თქვა, რომ აჭარის ტელევიზიასთან აღარ თანამშრომლობს, მისთვის ამ არხის რეიტინგის ძირითადი ტენდენციის შესახებ ცნობილია.

თამარ მოცრიძე ჩვენების მიცემის დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ასევე იკითხა, როგორ ზომავენ რეიტინგს და საიდან დგინდება, ვინ რას უყურებს:

„ადრე, მაგალითად, ერთი ტელევიზია იყო სულ და ყველა იმას ვუყურებდით. ეს არაა მხედველობაში მისაღები, თუკი ტელევიზიის რეიტინგი შემცირდა?“ – იკითხა ჯუმბერ ბეჟანიძემ. მას სპეციალისტმა განუმარტა, რომ საქართველოს 6 დიდ ქალაქში საზომი ე.წ. „ფიფლმეტრებია“ მოწყობილი და ამით ითვლიან მაჩვენებლებს ყოველდღიურ რეჟიმში.

„ზოგადად, ტელევიზიის მაყურებელი იკლებს,“ – ესეც დასძინა სპეციალისტმა.

„ალბათ ინტერნეტთან კონკურენციის გამო ხო,“ – ჩაურთო მოსამართლემ.

თამარ მოცრიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ნათია კაპანაძემ და მისმა გუნდმა წინასწარ, 2017 წელსაც იცოდა, რეიტინგი რომ შემცირდებოდა.

„მაყურებელი ასე ცვალებადი არ არის. მას თუ ურჩევნია სერიალი და შენ გამორთავ სერიალს, ის სერიალს მოძებნის სხვა არხზე,“ – განმარტა სპეციალისტმა.

უკან არ დაიხია გიგა  ჩხარტიშვილი. ის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო და ახლა უკვე თავმჯდომარეა:

„მენეჯერს კომერციული ტელევიზიები ქირაობენ იმისთვის, რომ თავისი წილი გაზარდონ ბაზარზე. როცა ასე მცირდება რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც არასწორად გააკეთე,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. ის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორი იყო და ამის ერთ-ერთ არგუმენტად რეიტინგის ვარდნა მოჰყავდა.

ბორდის პრეტენზია შეეხებოდა იმასაც, რომ როცა ერთი კომპანია რეიტინგს ითვლიდა, ნათია კაპანაძემ რეიტინგის დადგენა ბაზარზე არსებულ კიდევ ერთ კომპანიას დაუკვეთა.

„ეს დარღვევაა, რადგან იდენტურ საქმიანობაში, რასაც ტენდერში გამოვლენილი კომპანია ახორციელებდა, გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკება,“ – აღნიშნა აჭარის ტელევიზიის იურისტმა.

„აუდიტს არ უთქვამს, რომ ეს არასწორი იყო,“ – მოპასუხე მხარეს გახედა ნათია კაპანაძემ, აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა და განმარტა, რომ მეორე კომპანია სხვა მიზნებით კონკრეტულად კი, წლიური, კრებსითი რეიტინგების დასადგენად, ერთჯერადად, წლის ბოლოს დაიქირავა ტელევიზიის მენეჯმენტმა. ეს სპეციალისტის სახით დაბარალებულმა პირმაც დაადასტურა – თამარ მოცრიძის თქმით, მისი კომპანია ვერ შეადარებდა აჭარის ტელევიზიის სარეიტინგო მაჩვენებლებს, მაგალითად, 2015 წელთან, რადგან ამ დროს მისი კომპანია არ არსებობდა. საქართველოში კი, სულ ორი კომპანიაა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

სპეციალისტის ჩვენებით გამოჩნდა ისიც, რომ უცნობია, რამდენად დაიწყო აჭარის ტელევიზიის მაყურებელმა აქტიურად ამ ტელევიზიის ინტერნეტპლატფორმის გამოყენება.

„შესაძელებელია, ეს მაყურებელი აჭარის ტელევიზიის ინტერნეტგვერდის მომხმარებელი გახდა?“ – იკითხა საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ, ის ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„შესაძლებელია, ჩვენ ამას ვერ ვითვლით,“ – თქვა სპეციალისტის სტატუსით სასამართლოში დაბარებულმა თამარ მოცრიძემ.

„რეიტინგზე არ არის საერთოდ დამოკიდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. რეიტინგის საკითხს მე იმპიჩმენტის დროს არ ვეთანხმებოდი,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმა. მან მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

ნატა იმედაშვილმა თქვა, რომ მან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს სხვა მიზეზების გამო დაუჭირა მხარი და ეს უკავშირდებოდა პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ასევე კომუნიკაციის სირთულეს და „სამართლიან სახელფასო კალათს“.

„თქვენ ახლა ისე ისაუბრეთ, რომ მე დამარწმუნეთ, რომ რეიტინგი არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი. გააჟღერეთ ეს იდეები 19 აპრილის სხდომაზე, როცა ნათია კაპანაძე გადააყენეთ? იქნებ დაგერწმუნებიათ ბორდის სხვა წევრები?“ – მიმართა ნატა იმედაშვილს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ მას შემდეგ, როცა ნატა იმედაშვილმა ისაუბრა, რატომ შეიძლება არ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაღალი რეიტინგი ამოცანა.

„არ გამიჟღერებია, ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი, პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“, – თქვა ნატა იმედაშვილმა.

„თქვენ ადრეც იყავით მრჩეველთა საბჭოში, ვიდრე ნათია კაპანაძე დირექტორი გახდებოდა. ადრე იდეალურად სრულდებოდა ეს პრიორტეტები და კაპანაძის დროს აღარ სრულდებოდა?“ – მოწმეს მიმართა იურისტმა პაატა დიასამიძემ.

„იცით, პრიორიტეტი შესაძლოა ვერ შესრულდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს ამის დასაბუთება, რატომ ვერ სრულდება, თუკი თანხა არ არის საკმარისი, ან ადამიანური რესურსი არასაკმარისია,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.

ნატა იმედაშვილმა მოსამართლესთან ის თქვა, რასაც აქამდე ამბობდა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის არგუმენტად: „არ შესრულდა განათლების და საბავშვო გადაცემების  მიმართულებებით პროგრამული პრიორიტეტი.“

„ეს იყო სამუშაო პროცესი, პრიორიტეტები სრულდებოდა ეტაპობრივად, შემოქმედებითი პროცესია, ერთდროულად ყველაფრის ამოქმედების რესურსი არ არის,“ – უთხრა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ.

ნატა იმედაშვილმა კი მოსამართლეს აუხსნა, რომ ნათია კაპანაძეს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მისი არჩევის დროს გაცემული დაპირებები შეესრულებინა.

„ისე გამოვიდა, რომ სიტყვის თავისუფლების მედროშეს გამოვართვი დროშა. ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩემთვის ზიანის მომტანი იქნებოდა…“ – უთხრა მოსამართლეს ნატა იმედაშვილმა. თუმცა ვერ განმარტა, რა საზოგადოებრივი სიკეთის გადარჩენა შეძლო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით, ან რა გამორკვეულ საფუძვლებს დაეყრდნო, როცა მის გადადგომას დაუჭირა მხარი.

„ეს უკვე საქმეს არ ეხება…“, – შეაჩერა მოწმე მოსამართლემ, როცა ნატა იმედაშვილმა საუბარი დაიწყო, პრაქტიკულად როგორ უჭერდა მხარს სიტყვის თავისუფლებას.

„ყველაზე რთული დღე ეს არაა ჩემთვის, ბატონო მოსამართლევ, არც ის დღე იყო ყველაზე რთული, როცა იმპიჩმენტი მომიწყეს,“ – მიმართა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ. მისი თქმით, მან ამ პროცესის სირთულე მაშინ გააცნობიერა, როცა 2016 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.

„ისიც მესმოდა, რომ აქ, სასამართლოში, მომიწევდა მოსვლა…“ – განაგრძო ნათია კაპანაძემ. – „მე ყოველთვის ვეყრდნობოდი მხოლოდ კანონს მაუწყებლობის შესახებ. დღესაც ვაგრძელებ მედიის და სიტყვის თავისუფლების დაცვას… ჩემთვის ახლა ისაა მნიშვნელოვანი, რომ ეს დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი. მრჩეველთა საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება, ასე დაუსაბუთებლად დასდოს ბრალი დირექტორს და მერე კიდევ პროკურატურას მიმართოს სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად… ნათია კაპანაძის საქმე ახლაც პროკურატურის თაროზეა შემოდებული, რომ როცა დასჭირდებათ გააქტიურონ.

ასე ხდება ძირითადად რუსეთში. ასე ხდება საქართველოშიც… მე მეყოფა გამბედაობა ბოლომდე მივყვე ამ პროცესს… მე ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრად. ამ პროცესში კი, ახლა მთავარი როლი სასამართლოს აქვს,“ – დაასრულა ნათია კაპანაძემ.

„თქვენ ეუთო ოდირის ბოლო პოზიტიურ დასკვნებს თუ გაეცანით? 2020 წლის არჩევნებზე იქ მოხსენებულია აჭარის ტელევიზია, როგორც ნეიტრალური გამშუქებელი,“ – მიმართა მოსარჩელე მხარეს გიგა ჩხარტიშვილმა, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებიც და ისიც, თუ რას წერს სახალხო დამცველი,“ – უპასუხა ბორდის ხელმძღვანელს ნათია კაპანაძემ და მოსამართლეს შეახსენა, რომ გიგა ჩხარტიშვილი მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო სასამართლო სხდომებზე მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების დაცვის მორიგ მაგალითს ვიხილავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: