მთავარი,სიახლეები

რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე

18.05.2022 • 18729
რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე

82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველთა ნაწილმა დატოვა „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა. უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანას „გადარჩენის ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება კი – „კაპიტულაციას“.

განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ევაკუირებული სამხედროების რაოდენობაზეც. კრემლის უკანასკნელი ცნობებით, 959 მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის, 80 დაჭრილი. უკრაინული მხარის თქმით კი, „აზოვსტალი“ 264-მა სამხედრომ დატოვა.

უკრაინის გენშტაბმა, რომელმაც მარიუპოლის დამცველებს „ჩვენი დროის გმირები“ უწოდა, გადაწყვეტილება ასე ახსნა: უკრაინის გარნიზონმა „სამხედრო მისია შეასრულა“ და ახლა „უკრაინისა და მთელი მსოფლიოს უმთავრესი ამოცანა მათი გადარჩენაა“.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ განზრახული აქვს მარიუპოლის დამცველები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, თუმცა რუს მაღალჩინოსნებს გაცვლაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ – პირიქით, მათი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ომის დამნაშავეები არიან და მათ ასეც უნდა მოექცნენ.

რა ბედი ელით „ჩვენი დროის გმირებს“ – ოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. უპასუხოდ რჩება ბევრი კითხვა, მათ შორის – შეთანხმებულია თუ არა გაცვლის მექანიზმი და ვინ არიან ის რუსი სამხედრო ტყვეები, ვის გაცვლასაც უკრაინა „აზოვსტალის“ მებრძოლებში აპირებს.

რა ვიცით და რა არა „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე – ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ ინფორმაციას, რომელიც 16 მაისის შემდეგ ოფიციალური პირების განცხადებებით თუ უკრაინული და საერთაშორისო მედიის დახმარებით გავრცელდა.

გადარჩენის ოპერაციათუკაპიტულაცია

16 მაისის დილას რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლები „ჩაბარდნენ“ და რომ დაჭრილებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ნოვოაზოვსკის კლინიკაში გადაიყვანდნენ.

იმავე საღამოს უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქარხნიდან 264 ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, 53 დაჭრილი. დაჭრილები თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, დანარჩენი 211 სამხედრო კი – ელენოვკაში.

დენის პროკოპენკომ, პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, ევაკუაციის პირველ დღეს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც უკრაინელებს სთხოვა გაგებით მოკიდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მან ყველას შეახსენა, რომ 82 დღის განმავლობაში სწორედ მარიუპოლის დამცველებმა მისცეს შესაძლებლობა უკრაინის არმიას, მოეხერხებინა ძალების მობილიზება, მეტი იარაღისა დახმარების მიღება და თავდაცვის გაძლიერება.

„როდესაც შენ შეასრულე საბრძოლო ამოცანა და ამავე დროს, შეინარჩუნე პირადი შემადგენლობის მაქსიმალური რაოდენობა, ეს არის ჯარების მართვის უმაღლესი საფეხური. მით უმეტეს, როდესაც შენი გადაწყვეტილება დამტკიცებულია უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ,“ – განაცხადა დენის პროკოპენკომ.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, კირა რუდიკის თქმით, უკრაინამ მიიღო გარანტიები წითელი ჯვრისგან და გაეროსგან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელ სამხედროებს საფრთხე არ დაემუქრებათ.

მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA

„ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ევაკუაციაზე დავთანხმდით, რადგან ჯარისკაცები მზად იყვნენ ბოლომდე მდგარიყვნენ“, –  უთხრა მან The New York Times-ს.

16 და 17 მაისს „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის ფოტომასალა სხვადასხვა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტოს ფოტოებში ჩანს ავტობუსები, Z წარწერით, რომლებშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მათ შორის დაჭრილებიც.

რა ელით მარიუპოლის დამცველებს?

დაჭრილებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ევაკუაციის ერთ-ერთი პირობა იყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დანარჩენი 211 ადამიანი ოკუპირებულ ოლენოვკაში, გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

„ეს არის ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც რუსეთმა შუაგულ ევროპაში, 21-ე საუკუნეში შექმნა“, – დაწერა მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ, თავის ტელეგრამარხზე. მისი თქმით, ოლენოვკის კოლონიაში რუსეთის ხელისუფლებას ადამიანები საშინელ პირობებში ჰყავს, საკვებს ყოველ დღე არ აძლევენ და სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეუბნებიან, – „იქ სამხედროების ახლობლები, სამართალდამცველი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ის ადამიანები ჰყავთ, ვინც უბრალოდ ეჭვი გამოიწვია“, – აღნიშნა მან.

როგორ აპირებს უკრაინის ხელისუფლება გამოიხსნას და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს „აზოვსტალის“ მებრძოლები – გეგმის დეტალები უცნობია. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას განზრახული აქვს, ისინი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.

თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, გაცვლის მექანიზმი ჯერჯერობით არ არსებობს. უკრაინის ხელისუფლებას სურდა გაცვლის პროცესი მესამე ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის დახმარებით წარმართულიყო, თუმცა რუსეთი ამის წინააღმდეგია.

„უკრაინელი სამხედროების დამსახურებით, დაზვერვის, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლეს შევინარჩუნებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება. ესაა ჩვენი მთავარი პრინციპი და ვფიქრობ, რომ ამას ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი გაიგებს“, –  თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში 17 მაისის საღამოს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, სამხედროების გადარჩენის სხვა ფორმულა უბრალოდ არ არსებობდა, – „ახლა მიმდინარეობს გადარჩენის ოპერაცია, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ ყველა დეტალს ვერ გავასაჯაროებთ, რადგან ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება ეს პროცესი დააზიანოს.“

„ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთვის ყველა ფრონტზე ისეთივე ერთგულებით, როგორც თქვენ იცავთ სახელმწიფოს“ – ასეთი იყო უკრაინის გენშტაბის მიმართვა მარიუპოლის დამცველებისადმი.

რამდენი სამხედროა დარჩენილი „აზოვსტალში“ – უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი რაოდენობა იცის, თუმცა ამ ინფორმაციას არ აკონკრეტებს.

მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი

როგორც BBC აღნიშნავს, მანამდე ცნობილი იყო, რომ ქარხანაში 600-დან 1000-მდე ადამიანი იმყოფება, უფრო ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები დაახლოებით 2 000 ადამიანზე. ცნობილია ისიც, რომ „წითელი ჯვრისა“ და გაეროს დახმარებით, „აზოვსტალიდან“ 500 მოქალაქის გაყვანა მოხერხდა.

რას ამბობს რუსეთი

კრემლის გეგმები უცნობია. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედროებს საერთაშორისო კანონების მიხედვით მოექცევიან, თუმცა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მიიჩნევიან თუ არა აზოვსტალის მებრძოლები სამხედრო ტყვეებად ან სამხედრო დამნაშავეებად.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა, დუმის სპიკერმა, „ნაცისტი დამნაშავეები“ უწოდა „აზოვსტალის“დამცველებს. ის საჯაროდ დაეთანხმა დეპუტატ ანატოლი ვასერმანის ინიციატივას, მიიღონ კანონი, რომელიც მათ გაცვლას აკრძალავს – „ისინი არიან სამხედრო დამნაშავეები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ“.

დუმა ამ კანონპროექტის განხილვას 18 მაისს აპირებს, 26 მაისს კი, რუსეთის უზენაესი სასამართლო გეგმავს განიხილოს მოთხოვნა აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ.

„ეს პოლიტიკური განცხადებები გათვლილია შიდა პროპაგანდაზე და შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკების პროცესიც და თვითონ ოპერაციაც გრძელდება“, – ასე უპასუხა რუსეთის დეპუტატების განცხადებებს უკრაინულ მედიასთან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

აზოვის პოლკს რუსეთი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იყენებდა თავისი საომარი პროპაგანდის ნაწილად და იმის არგუმენტადაც, რომ ამ ომით მას უკრაინის „დენაციფიკაცია“ სურს.

აზოვსტალისბლოკადა

რატომ დათანხმდა რუსეთი „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანას – ამ შეკითხვაზე ექსპერტებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ. აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები მიუთითებენ, რომ„რუსეთს სურს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს მარიუპოლის სრულად დაკავების შესახებ“. ინსტიტუტის კვლევაში გამოთქმულია ვარაუდიც, რომ კრემლი შესაძლოა დღეს დათანხმდა მოლაპარაკებების პირობებს, თუმცა ხვალ უარი თქვას უკრაინელი სამხედროების გაცვლაზე. სწორედ ამის მანიშნებელია რუსეთის დუმის დეპუტატთა განცხადებები.

სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი „ნოვოე ვრემიასთან“ ამბობს, რომ რუსეთმა დაინახა, თუ რამხელა დანაკარგებად უჯდებოდა „აზოვსტალის“ აღების მცდელობები – „რუსები, სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ უპერსპექტივო იყო შემდგომი თავდასხმები და რესურსის ხარჯვა, ამიტომაც წავიდნენ ამ მოლაპარაკებებზე“.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაიკავეს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს „აზოვსტალის“ აღება. ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ნებდებოდნენ და ბრძოლას განაგრძობდნენ.

მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA

აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა საბჭოთა დროის უდიდეს მეტალურგიულ კომპლექსს, 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომლის მიწისქვეშა გვირაბებიც უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.

ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. „აზოვსტალის“ დამცველებიც და მათი ახლობლებიც სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდნენ.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ევაკუაციის პირველი ეტაპის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ ვინ იცავდა 82 დღის განმავლობაში „აზოვსტალს“.

  • პოლკი „აზოვი“
  • უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა
  • საზღვაო ქვეითი ძალების 36-ე ბრიგადა
  • მესაზღვრეები
  • პოლიციელები
  • მოხალისეები
  • ტერიტორიული თავდაცვის ძალები

„ისინი იცავდნენ პოზიციებს „აზოვსტალში“ და ამით ხელს უშლიდნენ მოწინააღმდეგეს დაეკავებინა ზაპოროჟიე, გასულიყო დონეცკის ადმინისტრაციული საზღვრებიდან. მათმა წინააღმდეგობამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის მოგების საშუალება მისცა“, – აღნიშნა გენშტაბმა.

თავად „აზოვსტალის“ დამცველთა ინფორმაციით, მათ, ამ სამი თვის განმავლობაში, გაანადგურეს 6 ათასი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, 78 ტანკი და 100 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა.

საერთაშორისო მედია წერდა, რომ რუსეთისთვის მარიუპოლი მთავარი საპორტო ქალაქი და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილია – ამიტომაც იბრძოდა რუსეთი ასე გამეტებით ქალაქის სრულად ასაღებად. გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ის მიხედვით, – „მარიუპოლის დაკავება მოსკოვს საშუალებას მისცემს შექმნას „ხიდი“, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ყირიმთან დააკავშირებს“.

საერთაშორისო მედია დღეს უკვე „აზოვსტალის“ დამცველთა ბედზე მსჯელობს. ვრცელ სტატიაში, რომელიც მარიუპოლის მებრძოლების ევაკუაციას ეხება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს:

„და მაინც, სამხედროების ბედმა შესაძლოა პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას ბატონ ზელენსკის, რომლის პოპულარობაც ამ ომის განმავლობაში, როგორც მის სამშობლოში, ისე საერთაშორისო არენაზე, რადიკალურად გაიზარდა.

ბატონი პუტინიც შესაძლოა უხერხულობის წინაშე აღმოჩნდეს, თუკი ტყვეებს გაათავისუფლებს – თუნდაც გაცვლის მათ – ის ხომ მუდმივად ცდილობდა „აზოველები“ ნაცისტებად გამოეყვანა, მათი რეპატრიაცია კი მის ამ ნარატივს მთლიანად დაანგრევს.

ბევრმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ მარიუპოლის უკანასკნელ დამცველებს, როგორც რუსეთის ტყვეებს, შესაძლოა, მძიმე ბედი ელოდეთ – თუმცა დიდი ალბათობით, ერთადერთი ალტერნატივა მეტალურგიულ ქარხანაში გარდაუვალი სიკვდილი იყო“.

მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: