მთავარი,სიახლეები

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

20.04.2022 • 5184
„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

ევროპის ეს ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც საპორტო ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი იყო, ახლა უკრაინის სამხედრო დასაყრდენად იქცა – 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორია, თავისი მიწისქვეშა გვირაბებით, ათასობით უკრაინელი სამხედროს და მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარია.

მოსკოვმა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა, თუმცა მარიუპოლის ალყაში მყოფი დამცველები დანებებაზე უარს ამბობენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავს არა მხოლოდ ქარხნის ტერიტორიას, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებებსაც.

„აზოვსტალიდან“ დღეს მსოფლიო ლიდერებსაც მიმართეს. ვიდეომიმართვაში, რომელიც 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ გაავრცელა, ის უკრაინელი სამხედროებისთვის, დაჭრილებისთვის და მათთან ერთად მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დერეფანს ითხოვს.

ბევრად ადრე, ვიდრე რკინისა და ფოლადის საუკუნოვანი ქარხანა, მარიუპოლის მთავარ ციხესიმაგრედ იქცეოდა, „აზოვსტალი“ წელიწადში 4 მილიონ ტონა ნედლ ფოლადს უშვებდა და ათასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილებს ქმნიდა.

„აზოვსტალი“ – ქალაქი ქალაქში

1933 წლის 12 აგვისტოს, 6 საათსა და 19 წუთზე, ქარხანამ თავისი პირველი ფოლადი გამოუშვა. „აზოვსტალის“ მშენებლობას საბჭოთა ხელისუფლებამ საფუძველი 1930 წელს ჩაუყარა. ადგილი ზღვაზე მოხერხებული გასასვლელის გამო შეარჩიეს და ქარხანასთან ერთად პორტის მშენებლობაც დაიწყეს.

თუმცა საბჭოთა მეტალურგიის გიგანტი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების კონტროლქვეშ მოექცა. 1943 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ოკუპირებული მარიუპოლი დატოვეს, „აზოვსტალი“ მთლიანად განადგურებული იყო.

ქარხანა თავიდან ააშენეს. 1954 წელს წარმოება განახლდა და მალე „აზოვსტალი“ მეტალურგიული პროდუქციის წარმოებაში ევროპის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კომპლექსის საერთო ფართობი დაახლოებით 11 კვადრატული კილომეტრია – ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ქალაქ ბოროდიანკის ფართობი და 25-ჯერ მეტი, ვიდრე ვატიკანის.

„აზოვსტალს“ ერთ მხარეს მდინარე კალმიუსი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი – აზოვის ზღვა. ქარხანას თავისი სატვირთო პორტი აქვს, ხოლო მისი საკომუნიკაციო სისტემები და თავშესაფრები ჯერ კიდევ საბჭოთა დროსაა მოწყობილი.

ფოტო: დაბომბილი მარიუპოლი, სქრინი დრონის კადრიდან

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ასეთი თავშესაფრები გათვლილია იმაზე, რომ საავიაციო შეტევებს გაუძლოს: „ეს თავშესაფრები უძლებს დაახლოებით 500-კილოგრამიან და ტონამდე წონის ბომბებს, მაგრამ რუსების ხუთტონიან ბომბებს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს“.

„ქალაქის ქვეშ, ფაქტობრივად, მეორე ქალაქია“, – უთხრა კრემლის მედიასაშუალებას, „რია ნოვოსტს“ იან გაგინმა, დონეცკის სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა. მისი თქმით, იქაურობა ისეა დაგეგმარებული და აშენებული, რომ დაბომბვებსა და ბლოკადებს გაუძლოს: – „აზოვსტალის“ შიდა საკომუნიკაციო სისტემა ძალიან სწყალობს მის დამცველებს მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე მათ რიცხოვნობით ბევრად აღემატება“.

მარიანა ბუდიერინი, ჰარვარდის კენედის სკოლის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ექსპერტი, რომელიც უკრაინიდანაა, Washington Post-თან საუბარში ამბობს, რომ მარიუპოლში არსებული სიტუაცია, ერთი შეხედვით, სრულიად „უიმედოდ“ გამოიყურებოდა.

„ეს იყო სავარაუდოდ ტაქტიკური და თავდაცვითი უპირატესობა ქალაქის დამცველებისთვის, რომ თავის უკანასკნელ საყრდენად ეს უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმო ექციათ. ის ციხესიმაგრესავითაა“.

რატომ არის „აზოვსტალი“ ასე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის

საერთაშორისო მედია წერს, რომ რუსეთისთვის მარიუპოლი მთავარი საპორტო ქალაქი და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილია.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ის მიხედვით, – „მას შემდეგ, რაც ომის პირველ დღეებში რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლო, გადაწყვიტა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში კიდევ უფრო დიდი ტერიტორიები დაეპყრო. მარიუპოლი ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებაა, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ არაა, მისი დაკავება მოსკოვს საშუალებას მისცემს შექმნას „ხიდი“, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ყირიმთან დააკავშირებს“.

„უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის სეპარატისტულ სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მარიუპოლის აღებას ცდილობენ. ქალაქი, რომელსაც ნახევარმილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, არამხოლოდ მნიშვნელოვანი პორტია აზოვის ზღვაში, არამედ მას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს“, – წერს BBC-ი.

ფოტო: “აზოვსტალი” სატელიტიდან/Reuters

ჯერ კიდევ 2014 წლის მაისსა და ივნისში, უკრაინის მიერ სეპარატისტების წინააღმდეგ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის არმიამ და მოხალისეების ბატალიონებმა ქალაქი დაიბრუნეს. ამ დროიდან მარიუპოლი, მისი ორი მეტალურგიული გიგანტით, „ილიჩის კომბინატი“ და „აზოვსტალი“, ასევე საავტომობილო ქარხნით, „აზოვმაში“, მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვითარდებოდა.

რუსებმა მარიუპოლს ალყა მარტის დასაწყისშივე შემოარტყეს და მისი საზღვაო მისასვლელები დაბლოკეს. ქალაქს იცავენ: აზოვის ბატალიონი, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები და უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

გამუდმებული შეტევებით რუსეთის არმიამ უკრაინის სამხედრო ძალები თითქმის ყველა სტრატეგიული ადგილიდან განდევნა, მათ შორის, პორტიდან და „ილიჩის“ ქარხნიდან. რუსეთის თავდასხმებმა ქალაქი თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა. BBC-ი უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვების შედეგად განადგურებულია ინფრასტრუქტურის თითქმის 90 %, დაღუპულია დაახლოებით 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

აზოვსტალი“ უკრაინაა

1996 წელს „აზოვსტალი“ შეუერთდა კომპანია „მეტინსვესტს“, რომლის მფლობელიც უკრაინელი ბიზნესმენი რინატ ახმეტოვია, უკრაინის უმდიდრესი კაცი, რომლის ქონებაც Forbes-ის ვერსიით 7.6 მილიარდი დოლარია. ის უკრაინის პარლამენტში პრორუსული რეგიონების პარტიის დეპუტატი იყო.

ახმეტოვი 2014 წელსაც სეპარატისტების წინააღმდეგ გამოვიდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან წარსული უთანხმოების მიუხედავად, ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტს და პირობა დადო, რომ დანგრეულ მარიუპოლს აღადგენს.

ფოტო: რინატ ახმეტოვი/The Times

2019 წელს „აზოვსტალი“ და „ილიჩი“, რომელიც ასევე „მეტინსვესტს“ ეკუთვნის, GMK ცენტრის მონაცემებით, უკრაინის მეტალურგიული პროდუქციის ერთ მესამედს აწარმოებდნენ.

რუსმა სამხედროებმა შედარებით პატარ „ილიჩზე“ კონტროლი ჯერ კიდევ წინა კვირაში მოიპოვეს, თუმცა მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ქარხანა „არასოდეს იმუშავებს რუსული ოკუპაციის ქვეშ“ და რომ რუსეთის ქმედება მარიუპოლში არის „ინდუსტრიის მიზანმიმართული განადგურება“.

მარტის შუა რიცხვებში „აზოვსტალი“, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ, პირველად გაჩერდა. ენვერ ცქიტიშვილი, ქარხნის გენერალური დირექტორი, თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ გაჩერდა, თუმცა მხოლოდ დროებით:

„ჩვენ დავიბრუნებთ ქალაქს, აღვადგენთ წარმოებას და ავაღორძინებთ მას. ის იმუშავებს და მოუტანს დიდებას უკრაინას, ისე როგორც მანამდე, რადგან მარიუპოლი უკრაინაა, „აზოვსტალი“ უკრაინაა.“

ფოტო: ენვერ ცქიტიშვილი/Metinvest

მთავარი ფოტო: “აზოვსტალი”, სააგენტო Unian.net

გადაბეჭდვის წესი


ასევე: