მთავარი,სიახლეები

რუსეთი ჩინეთის ლუკმა გახდება – უკრაინელი გენერალი ომში გამარჯვების პირობებს ასახელებს

29.05.2022 • 25178
რუსეთი ჩინეთის ლუკმა გახდება – უკრაინელი გენერალი ომში გამარჯვების პირობებს ასახელებს

უკრაინა რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს – ამაში საეჭვო არაფერია. მაგრამ არ ღირს მტრის სათანადოდ შეუფასებლობაც. მას აქვს საკმარისი რესურსი ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. მას არც უზარმაზარი დანაკარგები გააჩერებს, რადგან კრემლისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. თუმცა, ჩინეთი არც თუ უსაფუძვლოდ ელის, რომ რუსეთის ფედერაცია „მისი ლუკმა“ გახდება. 

ძალზე მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელმძღვანელობა არ წავიდეს რაიმე დათმობაზე აგრესორთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონტექსტში, ვლადიმერ პუტინისთვის „სახის შესანარჩუნებლად“.

ეს განცხადებები OBOZREVATEL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა უკრაინელმა გენერალმა ანონიმურობის პირობის დაცვით.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს მტერმა განაახლა სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რუსეთის არმიაში საკადრო ცვლილებებს? კერძოდ, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის გადაყენებას, რაზეც ასევე ისაუბრა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა არესტოვიჩმა?

მე არ ვარ მზად ვიმკითხავო ყავის ნალექზე, მით უფრო არესტოვიჩზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ, თუ არ დამასახელებთ, გეტყვით: დიახ, თუ ისინი ათავისუფლებენ ხელმძღვანელებს, რომლებსაც წარუმატებლებად მიიჩნევენ, მაშინ ახლები მიწას გადათხრიან. ისინი უფრო აგრესიულები იქნებიან და უფრო ბოროტები.

  • რიგი სამხედრო ექსპერტები პროგნოზირებენ პუტინის არმიის სრულ მარცხს, ჩვენი მოკავშირეების უპრეცედენტო სამხედრო დახმარების გათვალისწინებით. ფიქრობთ, რომ ეს მართლაც შესაძლებელია პერსპექტივაში?

არ მინდა გამოვიყენო ტერმინი – „სრული მარცხი“, თუმცა რუსეთის დამარცხებაში ეჭვი არ მეპარება.

ომი იქნება ხანგრძლივი, რთული, სისხლიანი. მაგრამ რუსეთი რომ ვერ გაიმარჯვებს – ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ მხარეს 43 სახელმწიფოა, ჩვენ წინააღმდეგ კი ერთი – რუსეთი.

ეს როდის მოხდება? – ვნახოთ. ჩვენ უნდა განვეწყოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. თუ არ გვიღალატეს, უკრაინა გაიმარჯვებს და დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს – შესაძლოა, უფრო მეტსაც.

  • რას გულისხმობთ ღალატში? თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია რაიმე სახის გარიგებაზე წავიდეს აგრესორთან?

შესაძლოა. მე, პირადად, ვუშვებ, რომ რაიმე მიზეზმა შეიძლება მიგვიყვანოს არასწორი გადაწყვეტილების მიღებამდე.

  • მაგალითად, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ჩატოვონ ოკუპაციაში, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს?

დიახ. მაგრამ ეს არასწორი იქნება. არ შეიძლება ნაძირალას, მკვლელს, მოძალადეს, სახის შენარჩუნების საშუალება მისცე, რაზეც თავიდანვე საუბრობდნენ ჩვენი ანალიტიკოსები და მაკრონი. ამ საკითხში აბსოლუტურად ვუჭერ მხარს პრეზიდენტის შეფასებას – ეს განცხადება დისკრედიტაციაა უკრაინის და ასევე იმ მსხვერპლის, რაც ჩვენ უკვე გავიღეთ.

  • არც თუ ისე ნათელია ჩინეთის პოზიცია. ის პუტინს მხარს დაუჭერს, კონკრეტულად იარაღით თუ ეკონომიკურად, შეუძლია მას შეცვალოს აგრესორის მიმართ დამოკიდებულება?

ჩინეთის პოზიციის გასაგებად, საჭიროა ჩავუღრმავდეთ კონფუციანიზმს, ბუდიზმს, გავიხსენოთ მდინარე იანძის ნაპირთან ჩამომჯდარი მაო ძედუნის სიტყვები.

ჩინეთი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულია, რადგან ეს ომი რუსეთს ასუსტებს. ჩინეთი ელის, რომ ადრე თუ გვიან ის მისი ლუკმა გახდება.

ჩინეთისთვის სულერთია უკრაინის თუ მსოფლიოს ბედი. ის მანევრირებს, აკვირდება, ხარობს იმით, რაც ხდება, რადგან სუსტდება მისი ორი ყველაზე საშიში მტერი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. მას სჯერა – და არც თუ უსაფუძვლოდ – რომ მომავალში ნახევარი სამყაროს მართვას შეძლებს.

ჩინეთი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულია, რადგან ეს ომი რუსეთს ასუსტებს. ჩინეთი ელის, რომ ადრე თუ გვიან ის მისი ლუკმა გახდება.

  • რას ფიქრობთ რუსეთის რეზერვებზე? ვხედავთ, რომ რაკეტებს ისვრიან, მაგრამ მათი რეზერვი არ არის ამოუწურავი. მტერმა უკვე დაკარგა 30 ათასი ჯარისკაცი. მათ ახალი შეიარაღება აღარ აქვთ. ცოტა ხნის წინ პუტინმა შეკრიბა სამხედრო ალიანსი [ОДКБ], სავარაუდოდ, თავისი სატელიტების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი არც მათ არ გამოუვლენიათ. საიდან შეძლებს ის ახალი რესურსების მიღებას?

ერთი მხრივ, რუსეთის საერთო რესურსები ყველა მიმართულებით მცირდება, იმის მიუხედავად თავად რაც არ უნდა თქვან. მაგრამ რესურსი, რომ ხანგრძლივი ომი აწარმოონ უკრაინის წინააღმდეგ, მათ ეყოფათ.

ამიტომ სიტუაცია არ უნდა განვიხილოთ ომის წარმოების რესურსის პრიზმით, არამედ მისი ეფექტურობით, ტექნიკური მდგომარეობითა და იარაღის მახასიათებლების პრიზმით, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ეს მაჩვენებლები შეიძლება რეალური იყოს იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, როდის გადავიდეთ შეტევაზე და როდის – თავდაცვაზე.

უკრაინული ტექნიკური კომპონენტი ბევრად მეტი იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ ეყოფა საზარბაზნე ხორცი. მათ ეს საკმარისად ჰყავთ. მათი დამოკიდებულება ადამიანურ რესურსებისადმი იგივეა, როგორიც თავის დროზე ჰქონდა ჟუკოვს – „ქალები ჯერ კიდევ მშობიარობენ“. ისინი არასდროს სწყალობდნენ ხალხს. თუმცა, უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონია და რუსეთის ფედერაციაში 140 მილიონი ცხოვრობს – განსხვავება არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: