მთავარი,სიახლეები

დასავლური იარაღის გამო რუსეთი მზარდ საფრთხეს გრძნობს – ბრიტანეთის დაზვერვა

04.08.2022 • 6552
დასავლური იარაღის გამო რუსეთი მზარდ საფრთხეს გრძნობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო პუქტებზე, პირად შემადგენლობაზე, ლოგისტიკურ ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

უწყების ვარაუდით, ეს ფაქტორი, დიდი ალბათობით, სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსული არმიის მომარაგებაზე და გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის საბრძოლო დანაყოფებზე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 4 აგვისტოს რელიზში წერს, რომ რუსეთის ძალებმა რადიოლოკაციური სისტემები დაამონტაჟეს ანტონოვსკის ხიდთან და ახლახან დაზიანებულ სარკინიგზო ხიდთან, რომელიც ასევე დნეპრზე გადის და ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება.

„რადიოლოკაციური ამრეკლავები, სავარაუდოდ, გამოიყენება იმისთვის, რომ დამალოს ხიდი სინთეთიკური აპერტურის რადარებისთვის და შეუძლებელი გახადოს რაკეტების დამიზნება. ეს ხაზს უსვამს, თუ რამხელა საფრთხეს გრძნობს რუსეთი იმის მიხედვით, როგორ იზრდება დასავლური შეიარაღების წვდომის მანძილი და სიზუსტე,“ – აღნიშნავს უწყება.

რკინიგზის ყირიმი-ხერსონის მონაკვეთის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა გუშინდელ რელიზში წერდა. უწყების ცნობით, უკრაინელთა თავდასხმამ რუსულ მატარებელზე, რომელსაც საბრძოლო შეიარაღება და მასალები გადაჰქონდა, სავარაუდოდ, რკინიგზის ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი მონაკვეთი უმოქმედო გახადა.

ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ბრილოვკასთან, დაარტყეს ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ რუსულ ეშელონს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, „ჰაიმარსის“ უზუსტესმა დარტყმამ გაანადგურა მატარებლის 40 ვაგონი. ეშელონს ყირიმიდან მოჰყავდა ცოცხალი ძალა და მოჰქონდა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები. დაიღუპა 80 და დაიჭრა 300-მდე რუსი სამხედრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: