მთავარი,სიახლეები

ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

01.08.2022
ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა.

OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც 27 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ჩანს ღია სამარხები კოლონიის ტერიტორიაზე. ალექსანდერი მიუთითებს, რომ 30 ივლისის ფოტოებში ეს სამარხები უკვე ამოვსებულია.

„ვფიქრობ, შესაძლებელია, ტყვეები აფეთქებამდე დახოცეს და აფეთქება მოგვიანებით ამის დასაფარად და უკრაინის დასადანაშაულებლად გამოიყენეს.

ეს სამარხები, შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სამხედრო დანაშაული, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მომზადდა“, – წერს ანალიტიკოსი.

ალექსანდერი აღნიშნავს, რომ ცხადია, კოლონიის ტერიტორიაზე სამარხები იარსებებს და არაა აუცილებელი, ეს დანაშაული იყოს, თუმცა ახალი სამარხების გაჩენის დრო და მომხდარის მასშტაბი მას ეჭვს უჩენს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის.

ტვიტერზე სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა საგამოძიებო პროექტის Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმაც, რომლის მონაცემებითაც ნიადაგის ერთგვაროვნება იმ ადგილას, რომელზეც ოლივერ ალექსანდერიც მიუთითებს, 18-21 ივლისის პერიოდში დაირღვა.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

მთავარი ფოტო: ოლენოვკა, სატელიტის ფოტო. მონიშნულია შენობა, რომელზეც თავდასხმა მოხდა/ფოტო: twitter

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: