მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

05.10.2022 • 2451
როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“.

“მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური გზა სიმსივნის პროფილაქტიკისთვის ინსტრუმენტული შემოწმებებია. მაგალითად, მამოგრაფია სიმსივნეს ავლენს მანამ, სანამ ის ფიზიკურად შეგრძნებადი გახდება მკერდში, თუმცა სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაეცნოთ თქვენი მკერდის გარეგნობასა და შეგრძნებებს, რათა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

  • ქალბატონო მზია, რა ასაკიდან არის რეკომენდებული თვითშემოწმება?

მივიჩნევ, რომ ძუძუს შემოწმება უნდა დაიწყოს იმ ასაკიდან, როდესაც უკვე ხდება ძუძუს სტრუქტურის ფორმირება, ანუ დათვალიერება უნდა მოხდეს რაც შეიძლება დროულად და ადრეული ასაკიდან.

ხშირად მომმართავენ გოგონები 16-17 წლის ასაკში. მიმაჩნია, რომ თვითშემოწმება მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, თუნდაც 15 –დან 70 წლამდე და შემდეგ.

სისტემატური დათვალიერება მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა არ გამოგვეპაროს რაიმე ცვლილება მკერდზე და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, იქნება ეს ტკივილის შეგრძნება, კანის რაიმე სიმპტომი – დვრილის ფორმის ცვლილება, არეოლას გასქელება, არათანაბარი დგომა, ორივე ძუძუს ასიმეტრია ან იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება – აუცილებლად მოხდეს გამოკვლევა.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. ძირითადი პრობლემაა დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

  • თვის რა მონაკვეთში არის რეკომენდებული თვითშემოწმება?

თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ქალმა, მიზანშეწონილია ეს მოხდეს მენსტრუაციის დასრულებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

  • რატომ არ არის რეკომენდებული თვითგასინჯვა მენსტრუაციის დაწყებამდე და უშუალოდ მენსტრუაციის პერიოდში?

საქმე ის არის, რომ ციკლის წინა პერიოდში თვითშემოწმება ნაკლებად ინფორმატიულია, იმიტომ, რომ ძუძუ ჰორმონალური ორგანოა და ციკლის წინა პერიოდში, ხშირ შემთხვევაში იცვლის კონსისტენციას [სიმკვრივეს]. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, ძუძუ იზრდება მოცულობაში, იზრდება მგრძნობელობა, ფართოვდება სადინარები და პათოლოგიური ნიშნების გამოვლენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. მეტიც, არასანდო იქნება, რადგან ამ დროს მისი ფორმისა და მოცულობის ცვლილების, სადინარების გაფართოების და შეცვლილი სტრუქტურის გამო, მკერდი სხვაგვარად ისინჯება და შეიძლება რაღაც ცრუ შეგრძნებები იპოვო ძუძუში.

მნიშვნელოვანია რისკჯგუფების გათვალისწინება.

თუ ქალს აქვს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ენდოკრინული დაავადებების მიმართ, სიმსუქნე და სხვა ქრონიკული პათოლოგიური პროცესები, თუნდაც ის, რომ ხშირად მკურნალობს კუჭ-ნაწლავზე, აქვს ღვიძლის გაცხიმოვნება, ნაწლავების პრობლემა, მაგალითად, ხშირი შეკრულობის სახით, ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დისჰორმონალური ცვლილებები [სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაგვარება, გამოწვეული ჰორმონული დარღვევებით].

ქალებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ რისკჯგუფებს, თუნდაც არაფერი აწუხებდეთ, პრევენციისთვის უნდა მიმართონ სკრინინგული გამოკვლევის მეთოდებს.

  • როგორია უშუალოდ თვითშემოწმების ტექნიკა?

თვითშემოწმებისას ქალმა უნდა აწარმოოს როგორც ორივე სარძევე ჯირკვლის ვიზუალური დათვალიერება, ისე – ხელით შემოწმება.

დათვალიერებისას უნდა დადგეთ სარკის წინ (ჯერ დაშვებული, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით) და დააკვირდეთ, ხომ არ ხედავთ რაიმე ცვლილებებს ვიზუალურად. მაგალითად, ხომ არ არის ძუძუს ან იღლიების მიდამოში კანის არაერთგვაროვნება, ჩაღრმავებული ან ამობურცული ადგილები, ხომ არ არის დვრილების ჩაბრუნება, ხომ არ არის არეოლა გასქელებული, ხომ არ არის სადმე კანი დეფორმირებული, შეჭმუხნილი, ხომ არ აღენიშნება ლიმონის ქერქის მსგავსი სიმპტომატიკა რომელიმე მხარეს, გაქვთ თუ არა გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან.

რაც შეეხება პალპაციას, ანუ ძუძუს ხელით გასინჯვას, ის შეიძლება ჩაიტაროთ როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე პოზიციაში. გასინჯვის დროს მკერდი ოდნავ აწეული უნდა იყოს, ამიტომ შეიძლება ცალი ხელი თავზე შემოიდოთ და მეორე ხელით [მარჯვენა ძუძუ – მარცხენა ხელით და პირიქით] აწარმოოთ საპირისპირო მხარეს ძუძუს ცირკულარული მოძრაობით გასინჯვა. კანქვეშ რაიმე გამაგრების, ტკივილის ნებისმიერი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში, ასევე თუ იღლიისკენ ღრმა შემოწმებისას ისინჯება, რომ ლიმფური კვანძები გადიდებულია, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

შესაძლოა თვითგასინჯვა მოხდეს დაბანის პროცესში, ამ დროს უფრო ელასტიურად მოძრაობს ხელი, რადგან კანის საფარველი უფრო გლუვია.

ზოგჯერ ქალს აღენიშნება მოცულობით დიდი მკერდი, რა დროსაც შესაძლებელია ღრმად მდებარე კვანძები ვერ შეამჩნიოს, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტული კვლევა. თვითშემოწმება არ არის 100%-იანი გარანტია და მისი წარმატებით ჩატარება არ ნიშნავს, რომ პროფილაქტიკური კვლევები არ ჩავიტაროთ. სტანდარტის მიხედვით 2 წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ქალებმა 40 წლის ასაკიდან უნდა ჩაიტარონ მამოგრაფია, ხოლო 30 წლამდე ქალებმა – ექოსკოპია.

ასოციაცია „გენეზისის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, მწოლიარე მდგომარეობაში სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:

წვებით ზურგზე, ხელს შლით „ზემკლავის“ მდგომარეობაში.

წვებით ზურგზე, ხელს შლით გვერდზე, “განმკლავის” მდგომარეობაში.

ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ,
კვლავ გასინჯეთ ძუძუ მოპირდაპირე ხელით.

 

 

მოპირდაპირე ხელის თითებით გასინჯეთ სარძევე ჯირკვლის ჯერ გარეთა ნახევარი. გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და თითებს გადააადგილებთ ზედა გარეთა ნაწილისკენ. შემდეგ სინჯავთ შიდა ნახევრის ყველა ნაწილს ასეთი თანმიმდევრობით: გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და ხელს გადააადგილებთ მკერდის ძვლისკენ. დააკვირდით, არის თუ არა კვანძები, როგორია მათი სიმკვრივე, ხომ არ შეიგრძნობთ ტკივილს.

 

შემდეგ გაისინჯეთ იღლიის ქვეშ და ლავიწქვეშა მიდამოები

და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლას მიდამოს. დააკვირდით, არის თუ არა გამონადენი.

გამონადენი შეიძლება იყოს ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან; თავისით ან მხოლოდ ხელის მოჭერის დროს; სხვადასხვა ფერის: სისხლიანი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი.

გაითვალისწინეთ, რომ სარძევე ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნისა და ძუძუს დვრილიდან გამონადენის გამომწვევი კიბოს გარდა შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს, რომელთა იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის  აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

_______________________________________

უფასო სკრინინგი შესაძლებელია ჩაიტაროთ ბათუმის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

  • ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი (BAU) | პ. ბაგრატიონის ქ. N143;
  • ბათუმის რეფერალური საავადმყოფო | პ. ბაგრატიონის ქ. N125;
  • ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” |ფ. ხალვაშის გამზირი N237;
  • მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი” | ა. პუშკინის N118;

ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგპროგრამა მოიცავს ძუძუს ფიზიოლოგიურ გასინჯვას; მამოგრაფიულ გამოკვლევას, ხოლო პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: ულტრაბგერით გამოკვლევას, ბიოფსიას ექოსკოპიის კონტროლით და ციტოლოგიურ კვლევას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: