მთავარი,სიახლეები

რატომ გაიაფდა თხილი საქართველოში – ინტერვიუ ექსპორტიორთან

04.10.2022 • 2696
რატომ გაიაფდა თხილი საქართველოში – ინტერვიუ ექსპორტიორთან

სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში დღეს ხარისხიან თხილს 2, გამართლების შემთხვევაში კი, 3 ლარად ჩააბარებ. შარშან იმავე ხარისხის თხილი 5, 6 ლარიც კი ღირდა. რამ გამოიწვია თხილის ფასის მკვეთრი შემცირება, რა რაოდენობის თხილის მოსავალი გვაქვს წელს საქართველოში, როგორია თხილის ხარისხი და რა ღირს წელს ქართული თხილი ევროპაში? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიის, „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბოლქვაძემ უპასუხა.

  • ბატონო ლევან, თუ გაქვთ ინფორმაცია, წელს რა რაოდენობის თხილი დაიკრიფა ქვეყანაში, რამდენია გატანილი და კიდევ რამდენის გატანა იგეგმება ექსპორტზე?

თხილის მოსავლის აღება აგვისტოში დაიწყო და დღემდე ექსპორტზე დაახლოებით 2 500 ტონა გადამუშავებული თხილია გასული.

ზუსტი აღწერა არ გვაქვს, საქართველოში რა რაოდენობის თხილია, სად რამდენი ბაღია და რა მოსავალს ველოდებით, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, შიდა აღრიცხვით ბაღებში დაახლოებით 20 000 ტონა თხილის გული უნდა იყოს საქართველოში.

  • მუნიციპალიტეტების მიხედვით თხილის ყველაზე კარგი და უხვი მოსავალი სად იყო?

უხვი მოსავალი სამეგრელოშია, კარგი ხარისხის თხილი კი – კახეთში.

  • ქართული თხილისთვის ევროპის ბაზარზე რომელი ქვეყანა მიიჩნევა ყველაზე კარგ ექსპორტიორად და მაგალითად, გერმანიაში რა ღირს ქართული თხილი წელს?

გააჩნია რა ხარისხზეა ლაპარაკი, სხვადასხვა ფასი თამაშობს სხვადასხვა ბაზარზე და ასე სტაბილურად ერთი ფასი არ არის. შესაბამისად, ევროპის ბაზარზეც უწევს მწარმოებელს ფასების ხშირი კორექტირება.

აქტიურად გადის ქართული თხილი ევროპაში – იტალიაში, გერმანიაში. ფასებზე რთულია ლაპარაკი. სხვადასხვა ხარისხის თხილს სხვადასხვა ფასი აქვს. თხილის საექსპორტო ფასი მერყეობს 4-4.5 დოლარიდან, რაც მოიცავს თხილის გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და მის მიტანას მყიდველამდე, მაგრამ შემდეგ, არის უკვე იქაური დისტრიბუცია, მაღაზიის დანამატი და ა.შ.

ის, რომ ხშირად ხდება მანიპულირება – დახლზე არსებული პროდუქტის ფასის გამოტანა და გლეხების ამით პროვოცირება, რომ იცით, საქართველოში თხილის ფასი დაბალია და ნახეთ რა ღირს გერმანიაში, არასწორია. ჩვენთანაც, რომ შეხვიდეთ მაღაზიაში, თხილის ფასი იმდენი არ არის, რამდენადაც გლეხი ყიდის,. იმიტომ, რომ ყველა რგოლს თავისი დანამატი აქვს.

  • ქართული თხილი რამდენად აკმაყოფილებს ევროპის ქვეყნების მოთხოვნებს, სტანდარტს?

ქართული თხილი გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა არ არსებობს კონკრეტულად ერთი სტანდარტი. ეს სტანდარტები მორგებულია სხვადასხვა ბაზარს. ზოგი მწარმოებელი ისეთ სტანდარტს ითხოვს, რომელიც შესაძლოა საქართველომ, ქართულმა თხილმა ძალიან რთულად დააკმაყოფილოს. მაშინ ერთი და იგივე ფასი იქნებოდა ყველა თხილზე, ქართულზეც, აზერბაიჯანულზეც. სხვადასხვა სტანდარტია, რის მიხედვითაც ყიდულობენ – რომელი ბაზარი რა სტანდარტსაც აკმაყოფილებს, იმ ფასის ფანჯარაში ჯდება.

არის ისეთი თხილიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს და გვიწევს სხვადასხვა ბაზრის მოძიება ან მისი გადამუშავება და სხვა პროდუქტის მიღება, არა ნატურალური სახით, არამედ გადამუშავებული სახით.

გადამუშავებულ თხილზე მოთხოვნა ყოველთვის იყო. მთავარია, რამდენად ხარისხიანად ამუშავებ და რამდენად გაქვს მოთხოვნა ამ პროდუქტზე. მთავარია, ბაზრების მოძიება, რომ გადამუშავებული თხილის სწორ ბაზარზე რეალიზება შეძლო. არ არის ყველა ბაზარი და ყველა შემსყიდველი მზად, რომ გადამუშავებული თხილი იყიდოს. მათ ურჩევნიათ თვითონ იყიდონ [თხილი] გადაუმუშავებელი, ნატურალური სახით და შემდეგ გადაამუშაონ საკუთარი მეთოდით.

  • და მაინც, წელს რატომ დაიკლო თხილის ფასმა გასულ წელთან შედარებით?

პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ევროს ფასი არასტაბილურია და ძალიან გაუფასურებულია, ყველა ვალუტის მიმართ შარშანდელთან შედარებით. შესაბამისად, ბევრად შემცირდა [თხილის ფასი] და ევროპის მსყიდველუნარიანობაც ბევრად შემცირდა.

აქედან გამომდინარე, ევროპის მსყიდველუნარიანობა სხვადასხვა პროდუქტზე შემცირებულია და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირდა ევროპაში. თხილი არ არის პირველადი მოხმარების კალათაში და არაა ისეთი მოხმარება მასზე, როგორც შეიძლება სხვა პროდუქტებზე იყოს. გარდა ამისა, [თხილის ფასი] შემცირებულია იქიდან გამომდინარეც, რომ მსოფლიო თხილის წლევანდელი მოსავალი 20 პროცენტითაა მეტი, ვიდრე მსოფლიო წლიური მოხმარება, თანაც არავინ იცის, მოხმარება წელს როგორი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მსყიდველუნარიანობა შემცირებულია.

  • ანუ გასულ წელთან შედარებით წელს ევროპის ქვეყნებიდან იკლო დაკვეთამ თხილზე. ხომ არ ხდება ისეც, რომ ვეღარ პოულობთ ევროპაში თხილის დამკვეთს?

კი, ამ მომენტში მარტივი არ არის. რომ შევადაროთ შარშანდელი ექსპორტი წლევანდელს – აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდს, შარშანდელი ექსპორტი [წლევანდელს] დაახლოებით, 80 პროცენტით აღემატებოდა.

  • როგორია თხილის ფასები ხარისხის მიხედვით საქართველოსა და ევროპაში?

უფრო სწორი იქნება, რომ შევადაროთ მწარმოებელი ქვეყნების სარეალიზაციო ფასები. სადღაც 10 პროცენტით უფრო ძვირი ღირს აზერბაიჯანული და თურქული თხილი, ვიდრე ქართული, დაახლოებით 20 %-ით უფრო ძვირი ღირს იტალიური თხილი, ქართულ თხილთან შედარებით, თხილის ხარისხის გამო.

  • როგორც ამბობენ, ბაზრის სათანადო კონტროლის გამო ხშირად შემოდის დაბალი ხარისხის პესტიციდები, რაც საბოლოო ჯამში აისახება თხილის ხარისხსა და მოსავლიანობაზე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის თაობაზე?

პესტიციდები რაც არის, თუ ფერმერმა სათანადოდ გამოიყენა, ისიც საკმარისია. ყველა ხარისხის პესტიციდია ბაზარზე – დაბალიც, მაღალიც, არ შეიძინოს დაბალი ხარისხის პესტიციდები. მთავარია, ფერმერმა დროულად შეწამლოს თხილი, სათანადო კონტროლი და ყურადღება მიაქციოს [თხილის ბაღს].

2022 წლის სეზონით რომ ვიმსჯელოთ, თხილი ვერ შეწამლეს უხვი ნალექის გამო. ამის გამოც არის დღეისთვის დაბალი ხარისხის თხილის მოსავალი.

  • რას ურჩევდით ფერმერებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პესტიციდების შეძენისას?

რა თქმა უნდა, შემადგენლობას. შემადგენლობაში უნდა იყოს ის, რაც სჭირდება [თხილის] ბაღს. მე აგრონომი არ ვარ, ამაში ზუსტ კონსულტაციას ვერ გავუწევ ფერმერებს, მაგრამ არის მაღაზიები, რომლებიც ყიდიან პესტიციდებს და [გამყიდველებს] შეუძლიათ სათანადო კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს.

თხილზე მომუშავე ფერმერების გამოწვევა ყოველთვის ხარისხის კონტროლი, მაღალი ხარისხის მიღწევაა. წელს ეს გაძვირებული ქიმიკატებით, პესტიციდებით რთული იყო. გაძვირებული საწვავის ფონზე, გაიზარდა ბაღის მოვლის ხარჯი და  ხარჯების გაზრდის გამო ბევრი ფერმერისთვის მიუწვდომელი გახდა ქიმიკატები, რამაც სხვა დონეზე შეაფერხა [თხილის] ისეთი ხარისხის მიღება, რაც საჭირო იყო და რასაც ველოდით.

  • აჭარაში თხილის ბაღები გაჩნდა იმის გამო, რომ მანდარინის შემოსავალმა იკლო და თხილს კარგ ფასად ყიდდა გლეხი, ფერმერი. წელს რამდენად ადეკვატურია თხილის ფასი? თქვენი დაკვირვებით, ხომ არ მოხდება ისე, რომ ფასის გამო მის წარმოებაზეც შეიძლება უარი თქვას გლეხმა/ფერმერმა?

მანდარინიც და თხილიც არის მრავალწლიანი კულტურა. რთულია ერთი წლით განსაზღვრო მომგებიანობა და ღირს თუ არა ამ კულტურის მოვლა. წელს შეიძლება იყოს ეს ფასი, მომავალში უფრო მაღალი ან უფრო დაბალი. მაგას ვერ განსაზღვრავს [ფერმერი].

საქართველო არ არის იმ მასშტაბის თხილის მწარმოებელი ქვეყანა, რომ განსაზღვროს [თხილის] საბაზრო ფასი. ჩვენ მივყვებით მსოფლიო ფასს, მსოფლიო მოსავალს. თხილის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო მოსავალზე, რომელიც წელს საკმაოდ მაღალია. არასერიოზულია, არასწორია, რადგან წელს დაბალია ფასი, ფერმერმა გაჩეხოს თხილის ბაღები, ახალ კულტურას მიჰყოს ხელი, ახალი დანახარჯები გაიღოს და შემდეგ იმის მოვლაზე აიღოს ხელი, რადგან ერთ დროს შეიძლება ფასები დავარდეს.

მანდარინი რომ აიღოთ, საბოლოო ჯამში, საქართველო შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ მანდარინის იმპორტი დაიწყოს, იმდენად შემცირებულია მისი მოსავლიანობა საქართველოში.

დღეს საქართველოში, კერძოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თხილის ფასზე სადღაც 30-პროცენტიანი სხვაობაა, ხარისხი უფრო მაღალია აღმოსავლეთში, კახეთში.

ასე, რომ პირველი მნიშვნელოვანი საკითხია, რა კულტურასაც მოჰკიდებს ფერმერი ხელს, უნდა აწარმოოს ხარისხიანი მოსავალი და შესაბამისად, შეძლოს მაქსიმალური ფასის მიღება.

როცა რაიმე კულტურას აშენებ, უნდა იცოდე, ნიადაგი გამოდგება თუ არა ამ კულტურისთვის. აღმოსავლეთის ნიადაგი უფრო ხელსაყრელია თხილის კარგი ხარისხის მისაღებად. მეორე, ის რომ უხვი ნალექი ხშირად აფუჭებს თხილის მოსავალს. ვიცით, რომ აღმოსავლეთი ნაკლებად ნალექიანია და თხილის ხარისხზე ესეც ახდენს გავლენას.

  • შეიძლება ითქვას, რომ თხილის ექსპორტიორ კომპანიებს კრიზისი გიდგათ?

აქეთკენ მივდივართ …

  • რა არის თქვენი შემდეგი წლის გეგმები?

ახალი, სტაბილური ბაზრების მოძიება, ვინც მზად იქნება სტაბილურად შეისყიდოს თხილის პროდუქტები.

წლევანდელი სეზონი გვაჩვენებს, რომ ევროპულ ბაზარზე თხილის მოთხოვნამ იკლო, ამ ეტაპზე ევროპა არამსყიდველუნარიანია. არის ისეთი ბაზრები, სადაც აქამდე საერთოდ არ არის ქართული თხილი ექსპორტირებული, არც იცნობენ, თუ საქართველო თხილის მწარმოებელია. სწორედ ასეთი ქვეყნების ათვისება იქნება უფრო საინტერესო. [ასეთი ქვეყანაა] მაგალითად, ინდოეთი.

ლევან ბოლქვაძე

____

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები – გარჩეული და ნაჭუჭიანი თხილის ევროპაში ექსპორტით მიღებული შემოსავლები: 

  • 2022 წლის იანვარ-აგვისტო: 43 მილიონი აშშ დოლარი გარჩეულ და 2.1 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე
  • 2021 წელი: 94.9 მილიონი აშშ დოლარი გარჩეულ და 20.2 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე
  • 2016 წელ: 173,7 მილიონი დოლარი გარჩეული და 5.6 მილიონი აშშ დოლარი ნაჭუჭგაუცლელი თხილზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: