მთავარი,სიახლეები

მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

04.10.2022 • 1138
მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

„დიდია ეს ჩამონათვალი… როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთო სისტემაში ჩართვა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ამჯერად საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. რა შეიძლება ვთხოვოთ პარტნიორებს რუსული აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით? – ვკითხეთ სამხედრო ექსპერტს.

გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ფუნქცია უნდა დავინახოთ განსაკუთრებით ამ ფონზე, როცა საერთაშორისო მისიებში ვეღარ ვიღებთ მონაწილეობას.

„თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნატოს დასაყრდენი კავკასიაში, ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი: აზერბაიჯანი უფრო ორმხრივი ურთიერთობებით არის დაკავებული თურქეთთან და ნატო თურქეთს ეჭვით უყურებს, სომხეთი ვიცით, რომ რუსეთთან არის დაკავშირებული,“ – ამბობს გიორგი სურმავა. ის განსაკუთრებით იმის გამო წუხს, რომ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები არ აქვს და პარტნიორების სამხედრო ხომალდების მიღებაც კი არ შეგვიძლია.

„ჩვენთან მხოლოდ ბათუმის პორტში თუ შემოვა სამხედრო ხომალდი, როგორც სასეირნო ლაინერი, მერე ავლენ სტუმრები და გაიმართება „ალაფურშეტი,“ – დასძინა გადამდგარმა გენერალმა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან, ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, რა გზავნილი და მოთხოვნები უნდა ჰქონდეს დღეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან? 

ჩვენ მკაფიოდ გამოხატული უნდა გვქონდეს, რომ ვართ ნატოს ბანაკში, გვინდა იქამდე მისვლა და ესაა ჩვენი უპირველესი ინტერესი.  არის კიდეც ეს მკაფიოდ გამოხატული, მაგრამ საჭიროა პოზიციების ყოველდღიურად დაფიქსირება და, რაც მთავარია, მუშაობა. ერთია დეკლარირება, მეორე – მუშაობა, განსაკუთრებით კი, დიპლომატიური ინსტრუმენტებით. ამას სამხედრო ინსტრუმენტმაც უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, როცა ავღანეთსა და ერაყში იყო კოალიციის სამშვიდობო ოპერაციები სხვადასხვა სახელწოდებით, ჩვენ იქ აქტიურად ვმონაწილეობდით და ჩანდა, რომ ვჭირდებოდით მათ. ამას, სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკური პრეფერენციაც მოჰყვა.

თუმცა ახლა აღარ არის სამშვიდობო ოპერაციები და დავინახეთ, რომ ჩვენ უფრო გვჭირდებოდა ეს, ვიდრე იმათ. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, მხოლოდ ცენტრალურ აფრიკული რესპუბლიკის დონეზე ვართ წარმოდგენილი ერთი ოცეულის დონეზე. აქამდე ჩვენ აქტიურად შეგვქონდა წვლილი სამშვიდობო პროცესში, დანაკარგები გვქონდა საკმაოდ დიდი, მაგრამ ეს იყო ჩვენი კონტრიბუცია. ქვეყანას ფუნქცია უნდა გქონდეს და მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი არ უნდა იყო, ასე არ სჭირდები და თანდათან უარს გეტყვიან.

  • რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამჯერად, რომ შევინარჩუნოთ პარტნიორების ინტერესი? 

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რაც არ გვაქვს. უნდა
განვსზღვროთ ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები და სასურველი საბოლოო მდგომარეობა. აქ
გამოიკვეთება ჩვენი ფუნქციაც. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნატოს დასაყრდენი კავკასიაში, ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი: აზერბაიჯანი უფრო ორმხრივი ურთიერთობებით არის დაკავებული თურქეთთან და ნატო თურქეთს ეჭვით უყურებს, სომხეთი ვიცით, რომ რუსეთთან არის დაკავშირებული. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნატოს საყრდენი კავკასიაში, როგორც ამერიკის საყრდენი ახლო აღმოსავლეთში არის ისრაელი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, მაგრამ ამ და მსგავსი საკითხების გააქტიურება დიპლომატიური საკითხია.

  • 2018 წელს ჩატარდა სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი. მინისტერიალებს მიღმა როგორ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან? 

დიახ, ვთანამშრომლობთ და გვაქვს ერთობლივი სწავლებები თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც, ძირითადად ეს ეხება სპეცდანიშნულების ძალებს. ეს კარგია, მაგრამ ლოკალური ღონისძიებებია. თურქეთთან გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც.

  • იგაჩნიათ, რომ ჩვენი მოთხოვნა პარტნიორებთან  უნდა იყოს მხოლოდ ნატოში მიღება და არა, მაგალითად, შესაბამისი წვრთნები ან სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რაც რუსეთის აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით, მინიმუმ რამდენიმე დღით მაინც მისცემს საქართველოს მისი შეკავების საშუალებას? 

რამდენიმე ასეთი პროგრამა არსებობს წვრთნისთვის და პროფესიული მომზადებისთვის, არსებობს სწავლების და შეფასების ცენტრი, სადაც ემზადებიან დანაყოფები, მოწმდებიან კიდეც… არსებობს პირველი დონის შემოწმება, მეორე დონის შემოწმება, შემდეგ ეს ქვეითი ბატალიონი ადგილზე რჩება, არსად არ მიდის, მაგრამ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნატოს ერთობლივ ოპერაციებში ან ცალკე ნატოს სტანდარტებით.

რამდენად მასშტაბურია ეს სწავლება? 

გადამზადებულია 8-10 ქვეითი ბატალიონი, ასევე მექანიზებული ბატალიონი და ასეულები.

ისევე, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც ერთხელ ისწავლე და მორჩა, არაა ასე: პროფესიონალს მუდმივად სწავლა სჭირდება და პრაქტიკა. მხოლოდ არაშორსმჭვრეტელი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯარია მხოლოდ იარაღის ხელში აღება, გაისვრი და გაიქცევი. ეს სამხედრო მეცნიერება და იმავდროულად ხელოვნებაა.

ერთი ქვეითი ბატალიონის მომზადებას დიდი გავლენა ვერ ექნება. რეალურად, მომზადების ცენტრში რამდენიმე ბატალიონს აქვს გავლილი ეს მომზადება, მაგრამ ჩვენს ჯარში საკმაოდ დიდი დენადობაა. მაგალითად, მიიღო ბატალიონმა სწავლება, სერტიფიკატიც, მაგრამ შემდეგ ეს ჯარისკაცები მიდიან სახლში და იცვლება პირადი შემადგენლობაც. შესაბამისად, ერთია მიღწევა სასურველ დონეზე და მეორე – სასურველი დონის შენარჩუნება. ამისთვის უფრო მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ფაქტია,  დაფინანსება მეტი უნდა ჰქონდეს თავდაცვას. აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტსაც ბევრად ჩამოვრჩებით.

გვეხმარებიან პარტნიორები და საჩუქრის სახით ვიღებთ აღჭურვილობასაც, თუმცა მთლიანობაში ეს მაინც ძალიან ცოტაა.

  • თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მთავარი პარტნიორისგან, აშშ-სგან საქართველოს მიღებული აქვს 445 მილიონი აშშ დოლარი 1997 წლიდან მხოლოდ სამხედრო მიმართულებით, 2022 წელს – 35 მლნ დოლარი. რას ხმარდება ძირითადად ეს თანხა? 

სხვადასხვა მიმართულებას ხმარდება ეს თანხა,  მათ შორის, მაგალითად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სწავლას საზღვარგარეთ. ამ თანხიდან შეიარაღებასა და ტექნიკაზე ძალიან ცოტა მოდის. მაგალითად, იორდანიას აშშ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 300 მლნ აშშ დოლარით ეხმარება წლიურად.

ამიტომაც, გვჭირდება დიპლომატიის გააქტიურება, ხალხი ვერ ადგება და ვერ მოითხოვს ამას.

  • წვრთნის ნაწილს რაც შეეხება: ფინური მოდელი ხომ არ იქნებოდა უფრო ეფექტური, რაც გულისხმობს მომზადებული რეზერვისტების ყოველწლიურად შეკრებას 2 – 2 კვირით? ამ მოდელზე ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ. 

ეს მოდელი არსებობს ჩვენთან გვარდიის რეზერვისტების პროგრამის შემთხვევაში, მაგრამ ეს მცირე მასშტაბია, რამდენიმე ასეულ კაცს მოიცავს მხოლოდ, ორი ბატალიონიც რომ იყოს, ესეც მცირეა.

რა თქმა უნდა, ამ მოდელით გასვლა სხვა მასშტაბზე იქნებოდა ეფექტური, მაგრამ ეს დაკავშირებულია ფულთან. რეზერვისტები აღრიცხულია და უნდა შეკრიბო, ავარჯიშო, ისწავლონ რაღაც ახალი. წარმოიდგინეთ, დღეს რა სიტუაციაა: დღეს ვინც მსახურობს, უხეში გათვლებით წელიწადში დაახლოებით 2 ათას ლარს აძლევენ. კონტრაქტით მოსამსახურეს კი, თვეში აქვს დაახლოებით 1000 ლარი. იგივე ჯარისკაცი ელიავას ბაზარზე რომ დადგეს, იქ გამოიმუშავებს უფრო მეტს, თანაც როცა უნდა დაწვება, ადგება, რასაც უნდა დალევს, ჯარში კი, თავის ჭკუაზე ვერ იქნება, შეამოწმებენ: აბა, ჩაბერე, გუშინ ხომ არ დალიე რამეო, ყოველდღე სამსახურში უნდა იყოს, შესაძლოა, შაბათ-კვირასაც მოუწიოს მორიგეობა პოსტზე. არარელევანტურია ეს ხელფასი და არ შეესაბამება მისი პასუხისმგებლობაც. შესაბამისად, ალბათ არც იხარჯებიან.

  • შეიძლება ჩამოგვითვალოთ კონკრეტული სამხედრო აღჭურვილობა, რაც აუცილებლად სჭირდება საქართველოს და რის მოთხოვნაც პარტნიორებისთვის დღევანდელ კონტექსტში გამართლებულია? 

დიდია ეს ჩამონათვალი. მოკლევადიან საფრთხეზე თუ ვსაუბრობთ, როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული საარტილერიო ბრძოლის საშუალებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთოს სისტემაში ჩართვა. ეს გარკვეულწილად გაზრდიდა ჩვენი უსაფრთხოების ხარისხს.

გააჩნია, რა მასშტაბის საფრთხეს ველით: თუ რუსეთმა ისეთივე რესურსით შემოგვიტია, როგორც უკრაინას, ამას, ცხადია, მხოლოდ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, უკრაინაც ვერ გაუმკლავდებოდა იმ მასშტაბს, რომ არა დახმარება დასავლეთის. დახმარების გარდა, უკრაინას დიდი ოპერატიული სივრცეები აქვს ქვეყნის შიგნით – უკრაინელებმა უკან რამდენიც დაიხიეს, ჩვენ რომ დავიხიოთ იმდენი, თურქეთსა და სომხეთში გადავალთ.

  • თქვენი გათვლით, რა უფრო სწორია: გვქონდეს პარტნიორების მხარდაჭერის იმედი და ამ კუთხით ვიმუშაოთ, თუ მინიმალური აღჭურვილობა შევიძინოთ და ამისთვის დახმარება ვთხოვოთ პარტნიორებს? 

თქვენ ახსენეთ „იმედი“ – „იმედი“ არა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვექნება, ეს უნდა ვიცოდეთ წინასწარ ნებისმიერი სიტუაციისთვის. თუ ამაზე პასუხს ვერ ვიღებთ, ან არარელევანტურ დახმარებას გვთავაზობენ, მაშინ სხვანაირად უნდა ვიზრუნოთ, უნდა მოვიკლოთ რაღაც, თუ გვინდა ვიყოთ საერთოდ ქვეყანა და უსაფრთხო სახელმწიფო.

  • პარტნიორები უკვე დაგვეხმარნენ კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. რეალურად რა შეიცვალა? 

რამდენიმე წელია, რაც თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ბიურო, არსებობს ასევე ცენტრალიზებული სხვა ორგანოები, ეს ბიურო კი, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ნაწილია და ემსახურება თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოებას. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ინციდენტები არ გვქონია და ალბათ ასრულებენ კიდეც მეტ-ნაკლებად მოვალეობებს, თუმცა ჩვენ მიმართ დიდი ინტერესი არც არის ამ ეტაპზე. 2008 წლის ომის დროს გვქონდა კიბერშეტევები და შემდეგაც იყო, მაგრამ უშუალოდ თავდაცვის ძალების მიმართ არა.

  • პარტნიორებთან გვაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების პაკეტით გათვალისწინებული თანამშრომლობაც. აქ როგორია საქართველოს პოზიციონირება, მით უფრო დღეს, როცა დასავლეთში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს? 

ალბათობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მცირეა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე – რუსეთმა იცის, რომ ამის გამომყენებელს მოუწევს საპასუხო დარტყმა, რომლის შემდეგაც სრულად განადგურდება რუსეთი.

რაც შეეხება დემონსტრაციას გამოცდის სახით – მსგავსი გამოცდები აკრძალულია დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისიდან. ალბათობა მეტია ტაქტიკური იარაღის გამოყენებისა, სავარაუდოდ საუბარია ჰაუბიცებიდან 152- მილიმეტრიანი ბირთვული ჭურვების გამოყენების ალბათობაზე, რომელსაც არ სჭირდება ბალისტიკური რაკეტა, სტრატეგიული ბომბდამშენი და წყალქვეშა ნავი, თუმცა ერთია გადაწყვეტილების მიღება, მეორე – აღსრულება. აქ მთელი ჯაჭვია, ვინც თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, მაგალითად, უარი თქვა, ან რაღაც ისე არ შეასრულოს, როგორც საჭიროა, მიზეზი მოძებნა… ამ გადაწყვეტილებას დადასტურებაც სჭირდება სხვადასხვა თანამდებობის პირისგან, ასე არაა, რომ პუტინი მხოლოდ ერთ ღილაკს დააჭერს ხელს და მორჩა.

რუსეთმა იცის, რომ ამაზე რეაქცია იქნება. თუ ეს იქნება გამოცდის სახით ზღვის სიღრმეში, ან ჰაერში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ამაზე სხვა რეაქცია იქნება. თუ უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე გააკეთებენ ამას, რეაქცია სხვა იქნება, მაგრამ არც ერთ ვარიანტში პასუხი არ იქნება რუსეთისთვის უმტკივნეულო.

  • რას უნდა ითხოვდეს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით? 

ბოლო მოვლენებმა შავი ზღვა მოაქცია ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არამედ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ მოხდა ეს. ბაიდენი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, შუალედური მითითებები გამოქვეყნდა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით, მაგრამ იქ ძალიან გაკვრით, თითქმის არაფერი არ იყო ნათქვამი შავ ზღვაზე. გამოჩნდა, რომ არ ჰქონდა აშშ-ის ინტერესები შავ ზღვაზე.

ბოლო მოვლენების შემდეგ კი, ნატო და აშშ ცდილობენ გააძლიერონ თურქეთთან ერთად სხვა ქვეყნები, მაგალითად, რუმინეთი, ასევე უკრაინაში ომის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთი აპირებდა სამხედრო საზღვაო ბაზის აშენებას და ამისთვის მილიარდზე მეტი ფუნტი იყო გამოყოფილი.

ჩვენთან შეერთებული შტატები ეხმარება სანაპირო დაცვას. არ გვაქვს საერთოდ საზღვაო ძალები და როგორ დაგვეხმარონ? შეიძლება მანქანა არ გქონდეს საერთოდ და ითხოვო, ბორბლები მომეციო? ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ გავაუქმეთ სამხედრო -საზღვაო ძალები, რაც გვქონდა დარჩენილი, სასაზღვრო პოლიციას გადავეცით და გვაქვს მხოლოდ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვას სულ სხვა ფუნქციები აქვს, იქ სამხედროებიც არ მსახურობენ და სამოქალაქო პირები არიან.

არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რომელსაც საზღვრის საკმაოდ დიდი ნაწილი ზღვა აქვს და არ ჰქონდეს სამხედრო – საზღვაო ძალები. ძირითადად ამას ამართლებენ ეკონომიკური ფაქტორებით, მაგრამ მაშინ აღარაფერი არ უნდა გვქონდეს, ჯარიც არ გვქონდეს და მეტი ფული დაგვრჩება საჭმელად. მერე ვიღაც მოვა და იმ საჭმელსაც წაგვართმევს.

  • ინტერვიუს დასაწყისში ამბობდით, რომ საქართველომ ფუნქცია უნდა იპოვოს კავკასიის რეგიონის კონტექსტში, ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გააქტიურდეს ესეც – შავი ზღვის აუზის ქვეყანა? 

უნდა გააქტიურდეს, მაგრამ სამხედრო ნავიც არ გვაქვს. კი ბატონო, ძვირია ეგ სამხედრო ხომალდები, მათი შენახვაც ძვირია, მაგრამ ხომ შეიძლება სამხედრო საზღვაო აღჭურვილობის მიღების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაინც მოვაწყოთ? ამ გზით შესაძლებელია პარტნიორის ხომალდები მაინც მივიღოთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ესეც კი არ შეგვიძლია.

ჩვენთან მხოლოდ ბათუმის პორტში თუ შემოვა სამხედრო ხომალდი, როგორც სასეირნო ლაინერი, მერე ავლენ სტუმრები და გაიმართება „ალაფურშეტი“. სამხედრო ხომალდს სხვა ინფრასტრუქტურა სჭირდება, სანაპირო დაცვის ადაპტირება და ასე შემდეგ. სანაპირო დაცვას აქვს მხოლოდ თავისი ბაზა, თუმცა იქ მხოლოდ კატარღები გვაქვს.

გასაგებია, რომ ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაც ძვირია, მაგრამ გაძვირდა ცხოვრება. ამიტომაც, ებრძვის ამდენი ხალხი ერთმანეთს, რომ როგორმე რესურსები ჩაიგდონ ხელში. არა მგონია, მინიმუმ უახლოეს მომავალში, რუსეთი სადმე წავიდეს შავი ზღვიდან, ის დარჩება საფრთხედ და ჩვენ რაღაც ფუნქცია მაინც ხომ უნდა გვქონდეს? უკრაინელები ვითარდებიან, ასევე რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთს თავისი საზღვაო ძალები აქვს, ჩვენ?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: