განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე

16.12.2019 • 3352
რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე

რატომ გვიჭირს წაკითხულის გააზრება, რა პრობლემებია სასკოლო განათლებაში და რომელ მოდელზე ამყარებენ მასწავლებლები იმედებს? – ამ თემაზე, ასევე შეფასების საერთაშოროსო პროგრამა PISA-ს კვლევის შედეგებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს.

  • ბატონო გიორგი, PISA-ს კვლევის მიხედვით, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს უჭირთ კითხვა და წაკითხულის გააზრება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ის, რომ PISA-ს კვლევა ამას ამბობს, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა განვაზოგადოთ ყველაფერზე, რადგან ეს არ არის ობიექტური ჭეშმარიტება და ჩვენი მოსწავლეების სრულფასოვანი დახასიათება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას არ დავეთანხმოთ ან თვალი დავხუჭოთ რამეზე. ცხადია, ბოლოდან მეშვიდე ადგილზე ყოფნა შეფასების რეიტინგში კარგი არ არის, მაგრამ არც მთლად შემაშფოთებელია.

  • რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

რატომ არ არის შემაშფოთებელი, ვთქვათ, ის, რომ რუსეთი გვისწრებს ამ რეიტინგებში მნიშვნელოვანწილად? მე არ მჯერა, რომ რუსეთის მოსწავლეები უკეთესად იაზრებენ ტექსტებს, ვიდრე ქართველი მოსწავლეები. არადა, ამას ამბობს კვლევა, ხომ? ვნახოთ კვლევის ჩატარების პროცედურები, ჩამტარებლები და ა.შ. ქართულ გარემოში კვლევას ატარებს ერთ-ერთი ობიექტური, კომპეტენტური და მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია – ადამიანები ზედმიწევნით გათვალისწინებული და დაცული პროცედურებით და ა.შ. ანუ ობიექტურობის ხარისხი, ჩემი აზრით, არის მაღალი. რუსეთი კი, ხომ ვიცით როგორი სახელმწიფოა არა? ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ იქ სხვაგვარად ტარდება იგივე PISA-ს კვლევა.

  • გინდათ თქვათ, რომ აყალბებენ  მონაცემებს?

არ ვიტყოდი ამას, რადგან მე არ მაქვს მონაცემები, მაგრამ არიან ამ კვლევის პროცედურებში უფრო ჩახედული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იგივე ტესტირების ჩატარების ან გასწორების პროცესში შეიძლება ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც გარკვეულწილად გააუმჯობესებდა ამ შედეგებს.

ახლა ვიტყვი საწუხარზეც. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ PISA ისეთ რაღაცებს ამოწმებს, რაშიც ჩვენ ბავშვებს არ ვავარჯიშებთ.

კერძოდ, PISA ამოწმებს მოსწავლის სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ინტეგრირებულად და ამ ცოდნის ცხოვრებისეულ კონტექსტებში გამოყენების უნარს.

  • რატომ არ უვითარებს ჩვენი სკოლა ამ უნარებს მოსწავლეებს?

იმიტომ, რომ ჩვენი კურუკულუმები ჯერჯერობით არ არის მოწყობილი ისე, რომ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ბევრი ცოდნის ათვისებასა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული სკოლების მფლობელი ქვეყანა. თუნდაც ჩვენი სწავლის პერიოდი გავიხსენოთ, რას ვსწავლობდით? რამდენი ინფორმაცია იყო ჩაყრილი სახელმძღვანელოებში და დღესაც ასეა. ამიტომ, იძულებულნი არიან მასწავლებლები და მოსწავლეებიც, რომ ეს რამენაირად დაფარონ. როცა უზარმაზარ ინფორმაციას გაწვდიან, შეუძლებელი ხდება მისი არათუ სიღრმისეულად დამუშავება და ცხოვრებისეულ კონტექსტებში გადატანა, არამედ ზედაპირულად ათვისებაც კი.

ნებისმიერი საგანი რომ ავიღოთ, ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს მცირე ულუფის, ვგულისხმობ მცირე ცოდნის მრავალ პერსპექტივაში განხილვა, დამუშავება, ათვისება და ა.შ., ამის ცხოვრებასთან დაკავშირებასა და შესაბამისი სიტუაციების, მაგალითების, პრობლემური საკითხების მოფიქრებასა და მათ გადაჭრაზე მუშაობა, ამის ნაცვლად ხდება სწორედ ამ უზარმაზარი ინფორმაციის მიწოდება და „გავლა“.

შესაბამისად, PISA ხომ არ შეამოწმებს იმას, დავით აღმაშენებელს რამდენი ყივჩაღი ჰყავდა რომელიღაც ომში, ის ამოწმებს და გთავაზობს გარკვეულ მოცემულობას, თუ როგორ ახდენს მოსწავლე ამ ინფორმაციის თუ ცოდნის ინტერპრეტირებას, ლოგიკური დასკვნის გაკეთებას, ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრას და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მოსწავლეები არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან, არამედ გარკვეული პირობების გამო აჩვენებენ ამ კონკრეტულ კვლევაში ამ შედეგს. თუკი ჩვენს მოსწავლეებს ვავარჯიშებთ იმაში, რასაც ამოწმებს PISA,  რა თქმა უნდა, ექნებათ უკეთესი შედეგები.

  • PISA-ს კვლევა არ  ჩატარებულა პირველად, სხვა საერთაშორისო კვლევებიც ამოწმებს მოსწავლეების აზროვნების დონეს, რატომ არ ვცვლით მაშინ სწავლების ფორმას, მეთოდს, რატომ გვაქვს ეს მოცემულობა დღემდე?  

ჩვენ გვაქვს საბჭოური განათლების მემკვიდრეობა, მაგრამ ამის შეცვლა არის დაწყებული. მაგალითად, დაწყებულია „ახალი სკოლის მოდელი“, რომელზეც მუშაობს სამინისტრო და მასთან ერთად მუშაობს 160 სკოლის მასწავლებელი კურიკულუმების შემუშავებაზე, რათა ბოლო-ბოლო დადგინდეს, რისი სწავლა შეუძლია კონკრეტულ მოსწავლეს კონკრეტული მასწავლებლის კლასში და რამდენის გააზრება სიღრმისეულად.

  • თუ სახელმძღვანელო არ შეუწყობს ხელს მასწავლებელს, მხოლოდ კურიკულუმით მიაღწევს ამას?

ახალი სკოლის მიდგომა გულისხმობს ზუსტად მაგას. მთავარი არის კურიკულუმი, ანუ ის სასწავლო გეგმა, რასაც ახორციელებს მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან და არა სახელმძღვანელო. სამინისტროს დირექტივა არის ასეთი, რომ მთავარია მოსწავლე რამდენს აითვისებს სიღრმისეულად. შესაბამისად, ამ მოდელის მიხედვით, შესაძლოა, მასწავლებელმა მხოლოდ სახელმძღვანელოს ნახევარი აითვისოს, ნახევარი კი დარჩეს აუთვისებელი.

ოღონდ, არა უაზრო და მომაბეზრებელი დავალებებით უნდა მოხდეს მასალის ათვისება, არამედ საინტერესო, კონტექსტური, ცხოვრებისეული, ე.წ. კომპლექსური დავალებებით. მოკლედ, ეს პროცესი არის დაწყებული და იმედია, თანდათან გავრცელდება.

  • ფიქრობთ, რომ ახალი სკოლის მოდელი არის გარდამტეხი, თუ კიდევ არის რაიმე შესაცვლელი არსებითად?

ეს მიდგომა არ არის ცალკეული მასწავლებლების კეთილი ნება, არამედ ცენტრალიზებულადაა შეთავაზებული მასწავლებლებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ინფრასტრუქტურის, მასწავლებელთა კვალიფიკაციის, სკოლის მენეჯმენტის და სხვა პრობლემებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ პროცესებზე, მაგრამ როგორ ვასწავლოთ, ეს მიდგომა რომ შეიცვლება, ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. იმიტომ კი არა, რომ PISA-ში უკეთესი შედეგები მივიღოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესი სინამდვილეში. სასწავლო ამოცანები უნდა დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ ცოდნას, გამოცდილებას და მოხდეს საკითხების სიღრმისეული, ინტეგრირებული გააზრება.

  • ახალი მოდელი რამდენად იქნება თანხვედრაში ეროვნულ გამოცდებთან? როგორც ვიცით, ხშირია პრეტენზიები მოსწავლეების მხრიდან იმაზე, რომ სასკოლო პროგრამა აცდენილია ეროვნული გამოცდების საკითხებს.

ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ადამიანს, რომელიც აზროვნებს, შეუძლია ინფორმაციის სხვადასხვა კუთხით გააზრება, მისთვის ეროვნული გამოცდები არ იქნება სერიოზული ბარიერი.

  • პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ახენეთ და ესტონეთი, რომელიც ასევე იყო ამ სისტემის ნაწილი, დღეს უკვე აჩვენებს ძალიან მაღალ სტანდარტს განათლებაში. შეგვეძლია თუ არა მისი გამოცდილების გამოყენება და ახალი სკოლის მოდელი რამდენად ახალოს დგას ესტონურთან?

საქართველოში ვერ იმუშავებს ვერანაირი მოდელი, თუ არ იქნება ორიენტირებული ქართველ მოსწავლესა და ქართველ მასწავლებელზე. ახალი სკოლის მოდელი არის ქართული მოდელი, თუმცა ზოგადი ორიენტირება ნამდვილად უნდა იყოს ის, რომ გონივრულობის ფარგლებში ხდებოდეს გარკვეული საკითხების შესწავლა და მისი სიღრმისეული გააზრება სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ეს კი ნებისმიერ სკოლას და ნებისმიერ ქვეყანას უნდა ეხებოდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: