მთავარი,სიახლეები

ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

24.06.2020 • 5031
ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის კარკასზე მეხუთე სართულს აშენებს, კომპანიას მხოლოდ 4 სართულის აშენების უფლება აქვს [პლუს 3 სართულიც მიწის ქვეშ], თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება.

მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა პროექტის შესაბამისად? – ამ კითხვაზე სააგენტოში, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ოლეგ ბოლქვაძის ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფი მშენებლობას დღეს ან ხვალ შეამოწმებს და პასუხსაც ამ შემოწმების შემდეგ გაგვცემენ.

ამ მშენებლობის მასშტაბი და არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, კომპანიამ სამშენებლო მოედანზე პროექტის ე.წ. რენდერი და სრულფასოვანი საინფორმაციო დაფა არ გამოაკრა, რაც კანონის დარღვევაა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს მშენებლობა ბოლოს ერთი თვის წინ შეუმოწმებია და როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ გაგვიმარტა, მშენებლობა შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.

პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ამ ადგილზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი.

ამბასადორი – რენდერი

სადისკუსიო საგნად იქცა ის საკითხიც, განიხილავს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას და ისიც, რეალურად მიმართა თუ არა კომპანიამ ამ მოთხოვნით სააგენტოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „ამბასადორი ბათუმმა“ მართლაც მიმართა მათ წერილობით, ასევე განმარტეს, რომ კომპანიას ბულვარის საზღვრებიდან ნაკვეთის ამოღებაზე ძეგლების საბჭომ უარი უთხრა, თუმცა ეს არ არის საბოლოო პასუხი. როგორც სააგენტოში გვითხრეს, საბჭოს წევრებისთვის გაუგებარია კომპანიის არგუმენტები. თუმცა საკითხის უკეთ შესასწავლად გასვლითი სხდომის ჩატარებას აპირებენ: „ადგილზე შეისწავლიან, თუ რა საფუძვლით ითხოვს კომპანია ნაკვეთის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას“.

გასვლითი სხდომის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

შპს „ამბასადორ ბათუმს“ მერიამ ბათუმის ბულვარში, ცოტა ხნის წინ, 341 კვადრატული მეტრი ფართობი იჯარის წესით გადასცა.

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: