მთავარი,სიახლეები

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა – სამინისტროს განმარტება

04.10.2022 • 4617
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა – სამინისტროს განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მუშაობენ საკითხზე, უნდა აიკრძალოს თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში. იმპორტიორების თქმით კი, მსგავსი მოლოდინის გამო 10 წლის და მეტი ასაკის ავტომანქანებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზარდა.

„ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, სიმართლეს არ შეესაბამება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„ასეთი აკრძალვის შემოღება ჯერ, შეიძლება ითქვას, ჰიპოთეზის დონეზეა და უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამ დროისთვის არც შესაბამისი კონსულტაციები დაწყებულა და არც საკანონმდებლო ცვლილებისთვის საჭირო რაიმე პროექტი არსებობს. ასეთი აკრძალვის შემოღება საჭირო იქნება შემდგომში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ამ კუთხით ევროსტანდარტების დანერგვის მიზნით,“ – გვითხრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის შემოღების შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოში აღნიშნული სტანდარტის დადგენის პროცესი საწყის ეტაპზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არის განსაზღვრული არც რეგულაციების ამოქმედების თარიღი.

მას შემდეგ, რაც საკითხი იქნება სრულყოფილად დამუშავებული, მოხდება მისი ფართოდ განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონმდებლობის მიღების შემდეგ კი, კანონმდებლობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდგომ ამოქმედდება. ეს ამ სექტორში მომუშავე პირებსა და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოემზადოს სამომავლო რეგულაციის უმტკივნეულოდ შესასრულებლად.

შესაბამისი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ემისიის ევრო 5 სტანდარტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია 2013 წლიდან მოქმედებს და ავტომობილების ემისიის სტანდარტები, ასევე ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია დანერგილი“, – აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები 2019 წლიდან დღემდე უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში ლიდერობს.

  • 2019 წელს საქართველოში შემოტანილია 1 108 200 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი,
  • 2020 წელს – 781 700 000 აშშ დოლარის
  • 2021 წელს – 935 500 000 აშშ დოლარის
  • 2022 წლის იანვარ-აგვისტოში კი – 940 400 000 აშშ დოლარის:

წყარო: საქსტატი

„ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სამომავლოდ, მსგავსი რეგულაციების შემოღებისას შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს და პრაქტიკულად არ შეაფერხებს ავტომობილების სამომავლო ვაჭრობის საკითხებს“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ „რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, ისევე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში“.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, იმავე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა – 1 229 200 გამოშვებულია 10 და მეტი წლის წინ.

ამავე თემაზე:

საქართველოში 1.4 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 120 ათასი – აჭარაში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: