მთავარი,სიახლეები

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

22.05.2020 • 3074
„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.

გასხვისების ფორმა  უზურფრუქტის წესი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქონება ბათუმის მერიის საკუთრებაში დარჩება, კომპანიას კი მისი მართვის უფლება ექნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. კომპანიამ სასურველ ვადად 15 წელი დაასახელა.

გარდა ამისა, კომპანია იტოვებს უფლებას ვადის დასრულებისას მოითხოვოს სარგებლობის ხელშეკრულების გაგრძელება არანაკლებ შვიდი წლის ვადით, მოთხოვნის დროისათვის არსებული საიჯარო ღირებულების [სარგებლობის საფასურის] გათვალისწინებით.

ჯამში 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა 199,76 კვადრატული მეტრი ბათუმის ბულვარში, რომელსაც „ამბასადორ ბათუმი“ ითხოვს, მერიას შესაბამისი ხელშეკრულებით, აღნაგობის უფლებით მოქალაქე ანჟელა კიკვაძისთვის ჰქონდა გადაცემული.

იგივე ნაკვეთსა და შენობას „ამბასადორ ბათუმი“ ითხოვს და მერიას ატყობინებს, რომ ანჟელა კიკვაძესთან ე.წ. უფლების დათმობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. შესაბამისად, კომპანია უფლებამონაცვლეობას ითხოვს. ამ განცხადებით „ამაბსადორ ბათუმს“ მერიისთვის 2020 წლის 4 მარტს მიუმართავს.

მერიის ინფორმაციით, როგორც აუდიტმა განსაზღვრა,  ამ ქონების წლიური საიჯარო ქირის საფასური 50 000  ლარი იქნება.

 განკარგულების პროექტის მიხედვით:

ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზღვისპირა პარკში მდებარე 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის  შპს „ამბასადორი ბათუმი“-სათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, უზურფრუქტის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა იმ პირობით, რომ  შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ მოითხოვს აღნაგობის უფლების მქონეს მიერ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას [ამას მერიის ერთ-ერთი დადგენილება ითვალისწინებდა].

შპს „ამბასადორი ბათუმი“ აანაზღაურებს 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის სარგებლობიდან [აღნაგობის უფლების მქონე ანჟელა კიკვაძე – უფლებამონაცვლე შპს „ამბასადორი ბათუმი“] გამომდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებულ დავალიანებას 48 596  ლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.

უზურფრუქტის ფორმით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელებს არანაკლებ 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას. უზურფრუქტუარი არ მოითხოვს სარგებლობის საგნის გაუმჯობესების მიზნით მის მიერ გაწეული ხარჯების ან ამ ქონებასთან დაკავშირებით გაწეულ სხვა ნებისმიერი ხარჯის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას.

გარდა ამ ყველაფრისა, მერია თანახმაა უზურფრუქტის ვადის დასრულებისას კომპანიას მიეცეს სარგებლობის ხელშეკრულების არანაკლებ  შვიდი წლის ვადით გაგრძელების მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის დროისთვის არსებული სარგებლობის საფასურის გათვალისწინებით.

მონიშნულია კომპანიის მიერ მოთხოვნილი ტერიტორია

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს. პროექტში ცვლილებაზე 2019 წლის 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმსჯელეს. კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ფუნქციის შეცვლის შესახებ კომპანიას არ მიუმართავს.

კომპანიის მხრიდან შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება და გათხრის მასშტაბები ბათუმში თავიდანვე ამძაფრებდა ეჭვებს, რომ აქ უფრო მაღალი შენობის აგება სურდათ. ეს ეჭვები გასული წლის ბოლოს დადასტურდა.

გარდა ამისა, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

             „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: