განათლება,მთავარი,სიახლეები

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი

04.10.2022 • 3116
მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი

„მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, არ არსებობს, რომ ეს დავთმო“, – გვეუბნება მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი, პედაგოგი შორენა ხუხუა. „ბათუმელები“ მას დირექტორის ახალ სტანდარტზე ესაუბრა.

  • ქალბატონო შორენა, როდის გახდით დირექტორი და რატომ?

2009 წელს ავარიაში მოვყევი, უბედური შემთხვევის შედეგად დროებით ეტლით მოსარგებლე, შშმ პირი გავხდი. ამ პერიოდში საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ სადახლოში, ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლად ვმუშაობდი და თითქმის ყველა გამოცდაზე გავედი, მათ შორის ჩავაბარე დირექტორებისთვის განკუთვნილი გამოცდაც.

რაღაცნაირად ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ ისევ ის შორენა ვარ, რომ არაფერი შეცვლილა, რადგან ბორბლებით დავგორავ.

ვწერ, მქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ათი წელი ვმუშაობდი ეთნიკური უმცირესობების სკოლაში და არაერთი გრანტი მოვიპოვე, ბევრი აქტივობა განვახორციელე. ბევრი ვიბრძოლე შშმ პირების უფლებებისთვისაც – როცა ეტლში ჩავჯექი, მხოლოდ მაშინ დავინახე, როგორ არაადაპტირებული სივრცეები გვაქვს, აბსოლუტურად სხვა სამყაროს ხედავ ეტლიდან.

ამიტომ ვთქვი, „რატომაც არა“, ჩავაბარე დირექტორობის გამოცდა და მარნეულის ორი სკოლა ავირჩიე, სადაც მინდოდა მუშაობა. ერთ-ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭომ არ ამირჩია, შემდეგ კი, 2015 წელს, მინისტრმა დამნიშნა დირექტორად.

  • რატომ არ აგირჩიეს, როგორ ფიქრობ?

არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ხმა არ მომცეს.

ამ პერიოდში კიდევ ერთი ოპერაცია მქონდა გაკეთებული და რეაბილიტაციას გავდიოდი, ჯერ კიდევ მიჭირდა გადაადგილება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას ხელი არ შეუშლია ჩემი საქმიანობისთვის.

არ იყო ადვილი პირველი ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება მქონდა მენეჯმენტის მხრივაც.

  • ახალი სტანდარტი დირექტორებს ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს. იქნება ეს ფინანსური რესურსების მოძიება, ღია, თავისუფალი, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ხარისხის მართვა და ასე შემდეგ. მოდით, ჩამოვთვალოთ ის საკითხები თქვენი სკოლის მაგალითზე, რისი მოგვარებაც დირექტორის ძალებს აღემატება.

მაგალითად, ორი წლის წინ გაგვიკეთეს სტადიონი, მაგრამ არ გვაქვს სპორტდარბაზი, ეს პრობლემა დირექტორის დონეზე ვერ მოგვარდება. სკოლის პირველი სართული ადაპტირებული გავხადეთ, საკუთარი ხელით ვზომავდი სივრცეებს და ბავშვებიც მყავდა ამ პროცესში ჩართული, თუ როგორ გაივლიდა ეტლი, გაივლიდა თუ არა და მეტ-ნაკლებად მოვაგვარეთ ეს, მაგრამ მეორე სართულზე ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. სკოლაში ვერ შექმნი ინკლუზიურ გარემოს, თუ იდეალური ინფრასტრუქტურა არ არის.

ამ ინფრასტრუქტურას კი მხოლოდ დირექტორი ვერ შექმნის. ახალაშენებულ სკოლებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ძველ სკოლებს არა.

საკლასო ოთახები არ არის ისეთი, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული. არ აქვს არც ერთი ლაბორატორია, მხოლოდ 7 კომპიუტერი გვაქვს, რომლებიც მუშაობს. 30 კომპიუტერს ვითხოვთ, განცხადება დაწერილი გვაქვს და იმედია, გადმოგვცემენ.

ასეთი პირობების მიუხედავად, 2020 წელს დირექტორების ათეულში მოვხვდი, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავე, იქნება ეს გენდერული თანასწორობის საკითხები, შშმ პირების უფლებები თუ სხვა. ჩემთვის არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ძალიან აქტიურები ვართ.

როცა მონიტორინგზე მოდიოდნენ  ხოლმე, ყველას უკვირდა, რომ ჩვენ ასეთ პირობებში შევძელით ამდენის მიღწევა.

სკოლაში მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ხომ არ არის, უსინათლო, სმენადაქვეითებული შეიძლება იყოს, ამიტომ ყველა მიმართულებით უნდა იყოს სივრცე გამართული. ვაპირებ, რომ სპორტის მიმართულებით ჩემი პედაგოგი გადავამზადო და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემო შევქმნა სტადიონზე.

ზამთარში, რადგან სპორტდარბაზი არ გვაქვს, სრულფასოვანი სპორტის გაკვეთილების ჩატარებას ვერ შევძლებთ. არ ხერხდება ყველა მოსწავლის სრული ჩართვა.

ასევე, როგორც დირექტორი, ვერ მოვაგვარებ, მაგალითად, სახელმძღვანელოების პრობლემას, რომელიც დგას ხოლმე ეთნიკური უმცირესობების სკოლებში.

ვერ შევცვლი მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნებს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო არ ბეჭდავს და მეზობელი სახელმწიფოები ჩუქნიან ჩვენს ბავშვებს. პრობლემაა ის, რომ ეს წიგნები იქაური ეროვნული სასწავლო გეგმითაა შედგენილი და არ ემთხვევა ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმას.

მიმაჩნია, რომ რითაც სწავლობენ ქართული სექტორის ბავშვები, ზუსტად იმით უნდა სწავლობდეს არაქართულენოვანი სექტორის ბავშვიც, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ.

ვერ მოვაგვარებ მასწავლებლების კომპეტენციის საკითხს, თუკი მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ჩააბარონ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება.

ის, ვინც ვერ ფლობს ქართულ ენას, პროფესიულ უნარებს ვერ აბარებს, ვერ იმაღლებენ სტატუსს, რადგან ვიცით, რომ ამ გამოცდის ჩაბარება ქართულენოვან პედაგოგებსაც კი უჭირთ და ენის კარგად ფლობა აუცილებელია.

ერთხელ მივმართე სამინისტროს და ვთხოვე, რომ იქნებ დირექტორების გამოცდისთვის ჩასაბარებელი ტესტები და პროფესიული უნარების ტესტები ეთარგმნათ, რადგან გაგვეგო, კომპეტენციის პრობლემა გვაქვს, თუ უბრალოდ ენის. ითქვა, რომ თარგმნიდნენ, მაგრამ შემდეგ პროცესი არ დაიძრა.

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს ყოველ წელს უწევთ ცალ-ცალკე ყველა საგნის ჩაბარება და არ აქვთ შესაძლებლობა ყველა საგანზე ერთდროულად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, არაქართულენოვანი სექტორი სულ მეჩაგრება.

  • სტანდარტში გიწერიათ, რომ დირექტორმა მოტივაცია უნდა აუმაღლოს თანამშრომლებს და იზრუნოს მათ კვალიფიკაციაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორი მასწავლებლისთვის ალბათ ანაზღაურებაა, რომელსაც სტატუსის ცვლილება იწვევს. თუ ამას ვერ მოახერხებენ ისინი, როგორი იქნება მათი მოტივაცია?

მე, როგორც დირექტორი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე აიმაღლონ პედაგოგებმა, მე თვითონ ვამზადებდი მასწავლებლებს სამი თვის განმავლობაში, საგნობრივადაც მოვიწვიეთ სხვა სკოლებიდან ქართულის მასწავლებლები, ჩემი მეგობარი ტრენერები, ვთხოვდი მათ ტრენინგების ჩატარებას და ქართულ სექტორზე ძალიან სწრაფად გახდნენ სერტიფიცირებულები.

ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოცდების მიმართ შიში დაეძლიათ. თუმცა ყველამ არ იცის ენა და ამიტომ ბევრი ვერ ჩააბარებს იგივე დირექტორობის გამოცდას, რომელიც ასევე მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება.

დღეს მოქმედმა 12-მა, 13-მა დირექტორმა თუ იცის ქართული, სხვები ენას ვერ ფლობენ.

თუმცა მყავს სამენოვანი ახალგაზრდები, ძალიან მოტივირებულები და კარგები, რომლებიც ადვილად აღწევენ წარმატებას და სურვილი აქვთ, რომ დაბრუნდნენ სოფელში და სკოლებში იმუშაონ.

თუ სულით და გულით უდგები საქმეს, არ მიმაჩნია, რომ მიუღწეველი მიზნები არსებობს.

ის, რასაც გვთხოვენ, მაგალითად – გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, ღიაობა, თანამონაწილეობა და ასე შემდეგ, ისედაც უნდა შეეძლოს კარგ დირექტორს.

  • ახალი სტანდარტი და ეროვნული სასწავლო გეგმაც გავალდებულებთ, რომ სწავლება თითოეულ ბავშვზე იყოს მორგებული. შეძლებთ ამ სტანდარტის დაკმაყოფილებას?

ხარისხი დამოკიდებულია მუდმივ მონიტორინგზე, მუდმივ კვლევებზე, დიდი შრომაა ამისთვის საჭირო. სამი-ოთხი წელი მედალოსანიც არ გვყავდა სკოლაში, რადგან რეალური ნიშნები იწერებოდა. უნარებიც სკოლამ სწავლების პროცესში უნდა გამოუმუშაოს ბავშვს. მე მასწავლებლებს ვეუბნები – „შედეგი უნდა დამიდოთ“.

მოსწავლეს რეპეტიტორი არ უნდა დასჭირდეს, როცა სწავლობს სკოლაში, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს. თუ სკოლით ფიქრობ, სკოლით სუნთქავ, მაშინ ყველაფერი გამოგივა.

ერთი შვილი მყავს, მაგრამ ჩემს მოსწავლეებთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე მასთან, რვა წელია სკოლაში ვარ და თითქოს რვა დღე იყო, ისე გაფრინდა წლები.

ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ბავშვებს ბევრი რამ აკლიათ, ვცდილობ, ისინიც ჩავრთო საერთაშორისო პროექტებში, რადგან ეს ძალიან ცვლის მათ.

იცით, რამდენი წინააღმდეგობის დაძლევა გვიხდება აქ ყოველდღიურად? აქ სულ სხვა სამყაროა, თბილისში – სხვა. სწავლის გარდა, ყოველდღე სულ სხვა გამოწვევებთან მიწევს ბრძოლა.

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს და, სხვათა შორის, ორჯერ ჩავსვი ერთ-ერთი კაცი ციხეში ცოლის ცემისთვის, მიწევს არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და რეკორდული რაოდენობის წერილი მაქვს მიწერილი პოლიციისთვის.

„შენ ვინ გეკითხება“, – მეუბნებოდა მშობელი, რომელსაც არ უნდა ბავშვმა სკოლაში იაროს. როცა ერთი გოგონა ამერიკაში გავუშვით, წინააღმდეგობა შეგვხვდა მშობლებისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ავტორიტეტი მოვიპოვე, ახლა საერთოდ აღარ მჭირდება მშობლებთან რაიმეს ასხნა.

კოვიდის დროს, როცა ონლაინსწავლებაზე გადავედით, წინააღმდეგობები მქონდა მშობლებისგან, რომლებიც გოგონებს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენების უფლებას და მე მოიწია მათთან მუშაობა ამ საკითხზე.

სულ ცოტა 2-3 წელი დამჭირდა ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემების დასაძლევად და ვფიქრობ, შედეგიც გამოიღო. ახლა არავინ სვამს კითხვას, წერილი მიდის პოლიციაში, ვეუბნები „დროულად ირეაგირეთ“.

არ არსებობს, რომ ეს დავთმო და საერთოდ, არ  ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. სწორედაც რომ ჩემი საქმეა. სკოლის კი არა,  სხვა ადამიანებიც კი მოსულან და უთქვამთ, „დამეხმარეთ“, „დამიცავით“. ქალებზეა საუბარი. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ვერ მოვერიე პრობლემას, რადგან როცა მსხვერპლი უკან იხევს, ვეღარ ეხმარები.

დღეს ჩემი სკოლა სანთელივით ანთია მარნეულში და იმხელა მოთხოვნაა, რომ ბავშვებს ფიზიკურად ვეღარ ვიღებ, ადგილი არ არის.

მშობელმა იცის, სად არის მისი შვილი დაცული, შეიძლება სწყინს კიდეც, რომ ვუჩივლე ძალადობის თემაზე, მაგრამ როცა შვილს ჩვენთან უშვებს, აქვს დაცულობის განცდა. აბსოლუტურად ყველა მშობელი ხდება შენი მხარდამჭერი, როცა მისი შვილი წარმატებულია.

მე არ ვარ წუწუნა დირექტორი, ვხედავ პრობლემას, რისი მოგვარებაც შემიძლია, ვაგვარებ, რისიც არ შემიძლია, ვამბობ ხმამაღლა.

  •  ვისაუბროთ პოლიტიკაზე, რას ფიქრობთ, როცა ამბობენ, რომ მმართველი პარტიები დირექტორებს, მასწავლებლებს არჩევნებზე როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ისე იყენებენ?

მე ნამდვილად არ მიყენებს და ვერც გამომიყენებს ვერცერთი მმართველი პარტია. პოლიტიკური აქტივისტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. არც არჩევნების დროს ვაქტიურობ ვინმეს სასარგებლოდ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო რაიმე სერიოზული წინააღმდეგობები მქონია.

გიორგი ჭაუჭიძეს ბევრი იცნობს და ყველამ იცის, რომ „გირჩის“ წევრია, თუმცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. არავის უთქვამს ჩემთვის, შენი მასწავლებელი კენჭს რატომ იყრის ოპოზიციური პარტიიდანო. ჩვენს პედაგოგებს ოჯახის წევრებიც ჰყავთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და ვერავინ იტყვის, რომ ისინი რომელიმე პარტიის ზეგავლენის ქვეშ არიან.

თუ ასეთი რამ იქნება, მაშინვე დავტოვებ სამსახურს.

  • მაშინ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი დირექტორი უფრო მეტად პოლიტიზებულია და ვერ ახერხებს ამ გავლენებისგან თავის დაღწევას?

ეს კითხვა ყველა დირექტორმა თავის თავს უნდა დაუსვას. მე შემიძლია გითხრათ ჩემზე, რატომ არ ვარ წნეხის ქვეშ – თავისუფალი, გაბედული ადამიანი ვარ და თუ ვინმეს არ მოსწონს რასაც ვაკეთებ, შეუძლია დღესვე გამათავისუფლონ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მწერალი ვარ, დავწერ სხვა წიგნებსაც და ვიმუშავებ რომელიმე სკოლაში მასწავლებლად, არანაირი მიჯაჭვულობა არ მაქვს თანამდებობაზე და არც დაკარგვის მეშინია.

მე მგონია, რომ ადამიანებს იმის უფრო ეშინიათ, თვითონ შეცვალონ რაიმე და ურჩევნიათ სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილებები.

  • იმის თქმა გინდათ, რომ პრობლემა ადამიანებშია მხოლოდ?

ადამიანებში და სისტემაშიც, რადგან სისტემა აქცევს ასეთად ადამიანებს. თუმცა მე არაერთხელ მითქვამს დირექტორებისთვის, რომ მეტი გაბედულება მართებთ.

  • ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვით სუსი წყვეტს, ვინ უნდა დარჩეს სკოლაში დირექტორად და ვინ – არა.

თუ ჩემზე რაიმე ჩანაწერი არსებობს, დარწმუნებული ვარ ეწერება, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღირებული ადამიანი ქვეყნისთვის. მე ასე მჯერა.

აქ, მარნეულში, სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, დღეში შეიძლება ხუთჯერ მივმართო პოლიციას, რაც თბილისში დირექტორს საერთოდ შეიძლება არ დასჭირდეს.

პოლიციელი მშობლისთვისაც კი მიჩივლია, ისე, რომ უკან არ დამიხევია. იყო პერიოდი, როცა ღიად მიპირისპირდებოდნენ, მაგრამ მე ეს გადავლახე.

  • მარნეულის ერთ-ერთი სკოლიდან ფოტო გავრცელდა, სადაც მასწავლებელ იატაკზე ჰყავს დაჩქილი ბავშვები დასჯის მიზნით. ასეთ შემთხვევებთანაც გიწევდათ ბრძოლა?

კი, მეც მქონდა ასეთი შემთხვევები და ჩემი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა სამი მასწავლებელი გაათავისუფლა ამის გამო. მყავს კომიტეტი, რომელიც გაჭირვების დროს კი არ მუშაობს, არამედ მუდმივად.

ამ კულტურის დათმობაც ძალიან გაუჭირდა კოლექტივს. ამბობდნენ, რომ სჯობს დირექტორმა გვითხრას რაში ვცდებით, ვიდრე დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილოს. კანონმდებლობით ასეა და დირექტორს არ აქვს მასწავლებლის დასჯის უფლება. ასეთ საკითხებზე ძალიან მკაცრი და სწრაფი რეაგირება რადგან მქონდა, მალე შეწყდა მსგავსი შემთხვევები.

  • ყველამ ვიცით, როგორი პოლიტიკური ვითარებაა რეგიონში, უკრაინაში ომია, საქართველოს საზღვარს ათასობით რუსი მოაწყდა. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია, რადგან ოკუპაციას მტკივნეულად აღიქვამენ ახალგაზრდები. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მთელი შეგნებული ცხოვრება და ახალგაზრდობა გავატარე ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობაში, მათ შორის საზღვარზე და ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია, სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. მით უმეტეს, როცა ქართულ-რუსული სექტორის დირექტორი ხარ და სხვა ეთნოსის ბავშვებთანაც გაქვს შეხება.

როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყო, მაშინ შევთანხმდით მასწავლებლები, რომ არც სომეხ და არც აზერბაიჯანელ ბავშვებს არ უნდა ეგრძნოთ ეს მტრობა გაკვეთილზე მასწავლებლისგან.

გარკვეული პერიოდი მარნეულში მცხოვრები რუსული წრეებისგან დიდი წინააღმდეგობა მქონდა. ანონიმური საჩივრები იწერებოდა ჩემზე, ადამიანი, რომელსაც პუტინი ასე სძულს და ასეთი ანტირუსია განწყობით, არ უნდა იყოს რუსული სკოლის დირექტორიო.

სახელმწიფო სიმბოლიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში. არც ერთი სტენდი სკოლაში ჩემთან შეთანხმების გარეშე არ დაკიდულა. ჰიმნს, რომელიც ხშირად იბეჭდება ხოლმე, ფოიეს გასაფორმებლად, თითის გაყოლებით ვკითხულობ, რომ რაიმე წერტილი, რაიმე მძიმე არ გაიპაროს, რადგან ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა.

კაბინეტში, ქართულ დროშასთან ერთად, უკრაინული დროშაც მაქვს, რომ ნებისმიერმა შემომსვლელმა დაინახოს, რა დამოკიდებულება მაქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან. დღეს უკრაინელი ერი არის რუსეთთან ბრძოლის, სიმამაცის სიმბოლო ჩემთვის. ეთნიკური უმცირესობების სკოლაში, რომელსაც აქვს რუსული სექტორი, ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ჩვენ იქნება ეს სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს თუ კავკასიაში განვითარებული სხვა მოვლენები, ყოველთვის გვახსოვს, ამ ისტორიის ანალიზს ვაკეთებთ და ასე ვასწავლით ბავშვებს და ვსაუბრობთ იმაზე, საქართველოს რა ადგილი უჭირავს დღეს ამ მოვლენებში.

  • ხშირად მასწავლებლებიც ერიდებიან კითხვაზე პასუხს – არის რუსეთი ოკუპანტი? თქვენთან რას პასუხობენ ხოლმე?

კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, არც ერთ მასწავლებელს არ უჭირს პასუხის გაცემა. ეროვნებით რუსი მასწავლებელიც მყავს და გაბედულად ამბობს, რომ ნამდვილად მოხდა საქართველოს ოკუპაცია. 23 თებერვალია თუ სოხუმის დაცემის დღე, დამრიგებელი ასწავლის ამას ბავშვებს.

იცით, რა მიხარია? ჩვენზე პატრიოტი, ჩვენზე სუფთა, ღირსეული თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრ რამეს შეცვლიან ამ ქვეყანაში. მე მათთან ურთიერთობაში გავხდი უფრო ტოლერანტი, უფრო მეტი ვისწავლე მათგან და არც ერთ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. დირექტორი, რომელიც სხვის კარნახს ელოდება, ის ვერასდროს გახდება ლიდერი.

გადაბეჭდვის წესი