მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

03.10.2022 • 1535
ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ საფრთხეში არიან ირანის საკონსულოს ქმედებების გამო.

უკვე მეორე კვირაა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები, რომელთა შორის ირანელებიც არიან, სოლიდარობის აქციას მართავენ ირანის ქალაქებში მიმდინარე პროტესტის გამო.

როგორც „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, ირანის საკონსულო აქციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას საკონსულოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანმა დაურეკა და გააფრთხილა.

„მითხრა, რომ ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის შესახებ საკონსულომ ფოტო-ვიდეოების შეგროვება დაიწყო. რამდენიმე წელია საქართველოში ლეგალურად ვცხოვრობ. ყოველწლიურად ვაახლებ ბინადრობის ნებართვას. ნებართვის გასაახლებლად საკონსულოში მისვლა გჭირდება, საკონსულოს მეშვეობით იღებ ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომელსაც წარადგენ მერე სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

რადგან აქციაზე მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ ინფორმაციას გადასცემენ თეირანს. საბოლოოდ შეეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან და ჩვენს აქ ლეგალურად ცხოვრებას საფრთხე შეექმნას,“ – გვიხსნის ირანის მოქალაქე.

როგორც ის ამბობს, საკონსულო ცდილობს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, ის ითხოვს მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

„თუკი ბინადრობის უფლებას ვერ გავაგრძელებ, მომიწევს საქართველო დავტოვო. ირანში კი ვერ დავბრუნდები, რადგან დამაპატიმრებენ. დავურეკე რამდენიმე ადამიანს და ვკითხე – რა უნდათ, რატომ მეძებენ? ამ აქციაზე ჩვენ ვიდექით იმიტომ, რომ ქალების უფლებებს ვუჭერდით მხარს. ჩვენს პლაკატებზე სხვა არაფერი ეწერა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირანის მოქალაქემ.

„ბათუმელებმა“ სცადა ბათუმში ირანის საკონსულოსთან დაკავშირება, შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა საკონსულოდან პასუხი ვერ მივიღეთ.

განახლება: მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს “ბათუმელებს” ირანის საკონსულოდან დაუკავშირდნენ და წერილობითი კომენტარი მოაწოდეს. საკონსულოს კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო ბათუმში

ის, რომ აქციაში მონაწილე ირანის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ირანის საკონსულოდან მაღალი თანამდებობის პირი ითხოვდა, ნათქვამია ტელეგრამში გამოქვეყნებულ პოსტში.

წარმოშობით ირანელი მოჰამად რიგი, რომელსაც ტელეგრამზე სპარსულენოვანი არხი, სახელწოდებით – „ქართული ენა“ აქვს შექმნილი, წერს, რომ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე საგანგებოდ გავიდა.

მისი თქმით, მას არ ეშინია ირანის ხელისუფლების, ხოლო თუ ირანის საკონსულოს ბათუმში ინფორმაცია სჭირდება თეირანში გასაგზავნად, შეუძლია აქციაზე გადაღებული მისი ფოტო გამოიყენოს.

„გავიგე, ბათუმში მცხოვრებ ირანელებს ურეკავს ერთი ცნობილი ადამიანი და ეკითხება, აქვთ თუ არა იმ აქციის ფოტოები, რომელიც ბათუმში გაიმართა. სთხოვს – თუ არ აქვთ, მოიძიონ. დღეს მე საგანგებოდ გამოვედი ამ აქციაზე თქვენი ზარების გამო. გადავიღებ ფოტოს და გამოგიგზავნით. კარგი მოხსენება შეგიძლიათ დაწეროთ და დატკბეთ.

ბათუმში მცხოვრები ირანელებისთვის უკვე დადასტურდა, რომ დიპლომატი არ ხართ. არც თქვენი საქმე იცით და არაფერი არ გაგიკეთებიათ ირანელებისთვის, ბორბლების ქვეშ ჯოხის დადების გარდა.

სურათების გადაღება და ფაილების შექმნა დიპლომატის საქმე არ არის. დაე, იყოს ნამდვილი ფოტო და დოკუმენტი თქვენს შავ სიაში“ – წერს მოჰამად რიგი და აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მოჰამად რიგი 20-ზე მეტი წელია საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს.

მოჰამად რიგი

მსოფლიოს ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, რომელიც ირანის პოლიციამ სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. დაკავების შემდეგ ქალი გარდაიცვალა. მას ცემის კვალი ეტყობოდა.

საპროტესტო აქციები სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და მეორე კვირაა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მთავარი ფოტო: მოჰამად რიგი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: