ნეტგაზეთი • RU
zalujni

რუსეთთან ომში დაახლოებით 9 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ზალუჟნი

თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე.

„ამ ომში მონაწილეობენ არამხოლოდ ჩვენი სამხედროები და ისინი, ვინც იარაღი აიღო ხელში, არამედ ჩვენი ბავშვებიც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ სწორედ აქ და ამ დროს დაიბადნენ. მათ ნამდვილად არ ესმით, რა ხდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სჭირდებათ დაცვა – სოლედარშიც, ბახმუტშიც, ველიკაია ნოვოსელკაშიც და აქაც, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და შესაძლოა, იმ 9 ათას გმირს შორის არიან, რომლებიც დაიღუპნენ“, – თქვა ზალუჟნიმ.

უკრაინას რუსეთთან ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების, ასევე, განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რაოდენობა არ გაუსაჯაროებია. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ დღიურ საშუალო დანაკარგზე საუბრობენ.

აგვისტოს დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC Украина-ს უთხრა, რომ უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ივნისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა.

პოდოლიაკი ივნისში აცხადებდა, რომ დონბასში უკრაინა ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დღეში დაახლოებით 500 სამხედრო იჭრებოდა, ხოლო 60-დან 100-მდე იღუპებოდა.

უფრო ადრე, ჯერ კიდევ აპრილში, პრეზიდენტმა მედიას უთხრა, რომ 24 თებერვლის შემდეგ 2 500-3 000 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული, 10 000 კი – დაჭრილი.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.