მთავარი,სიახლეები

ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

05.10.2022
ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი.

მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის დასადგენად, თუ სად არის დასაწყობებული აყრილი ქვაფენილი, რამდენია მისი საერთო ღირებულება და რა არის ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების მიზანშეწონილობა.

„ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის სამი – გორგასლის, ფარნავაზ მეფის, ლუკა ასათიანის ქუჩიდან აყრილი ქვაფენილი დატაცებულია და არ არის ზუსტი რაოდენობა დასაწყობებული, ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს საკითხი აუდიტმა შეისწავლოს.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს და მოვითხოვეთ ზუსტი ინფორმაცია, იყო თუ არა დადგენილი ქვაფენილის რაოდენობა და ღირებულება.

ვერც იმას გვეუბნებიან, რა ოდენობის ქვაფენილია დასაწყობებული. ქონების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია“, – ამბობს რეზო ხარაზი. – „ჩვენი ინფორმაციით, არ არის ის რაოდენობა მიტანილი საწყობში, რაც აყარეს. ამიტომ გვინდა აუდიტმა შეისწავლოს, რადგან მათ ჰყავთ შესაბამისი ექსპერტები და დადებენ დაზუსტებულ ინფორმაციას.

ეს ქვაფენილი მილიონობით ლარი დაჯდა თავის დროზე, ამიტომ აყრამდე უნდა შეესწავლათ, ღირებულებაც და ოდენობაც.

ჩვენ მერიისგან ვერც არგუმენტირებული დასაბუთება მოვისმინეთ, თუ რატომ ჩაანაცვლეს ასფალტით, მაშინ, როცა ქვაფენილი ბევრად ეკოლოგიურია.

ასევე მოვითხოვთ შპს „ბონდი 2009“-ის ფინანსური საქმიანობის შესწავლას, რომელმაც აყარა ეს ქვაფენილი“, – ამბობს რეზო ხარაზი.

ბათუმის მერიამ ფარნავაზ მეფის, ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე, ქვაფენილის აყრის და ასფალტის დაგების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.

მაშინ მერია ქვაფენილის აყრის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდა, რომ ასფალტ-ბეტონის საფარით ქვაფენილის ჩანაცვლება ქალაქში საცობების პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა ასფალტის დაგებით, ამის თაობაზე განმარტება მერიას არ გაუკეთებია.

________________________

ამ თემაზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: